in

„მიდი მოდი” – ქართული დუქანი, ევროპული ბარი თუ ორივე ერთად?

თუკი ამ სტატიის მკითხველთა შორის ისეთი ადამიანია, ვისაც ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ქართული დუქნისა და ევროპული ბარის კონცეფციების შერწყმა შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენ ვეცდებით, დავარწმუნოთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ბარში სიარული, მეტ-ნაკლებად, ყველა ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, სადაც არასამუშაო დღეებში სიამოვნებით ვატარებთ მხიარულ საღამოებს. ირგვლივ ბევრი ასეთი სივრცეა და არჩევანის გაკეთება ზოგჯერ რთულია. მომხმარებელი უპირატესობას ისეთ ადგილს ანიჭებს, სადაც სასიამოვნო გარემო, მრავალფეროვანი სასმელი და საჭიროების შემთხვევაში, გემრიელი საკვებიც არის მენიუში. 

„მიდი მოდის” დამფუძნებლები, ბაჩა ჩადუნელი და სანდრო ყანდაშვილი,  თავის დროზე რამდენიმე ბარის აქტიური მომხმარებლები იყვნენ თბილისში. აქედან გამომდინარე, მათ კარგად ესმოდათ ის სურვილები, რომლებიც ადამიანებს გვიჩნდება, როდესაც რომელიმე ბარს ვსტუმრობთ. სწორედ მათ გაუჩნდათ იდეა, რომ გაეერთიანებინათ ქართული ტრადიციები და ევროპული ბარის მუხტისთვის შეეხამებინათ. ამ პრინციპით შეიქმნა ბარის მენიუ, რომელიც, ერთი მხრივ, გემრიელად მოხვეულ ქართულ ხინკლებს, მეორე მხრივ კი, ევროპულად მომზადებულ ხორცის კერძებს აერთიანებს და თავსებადია როგორც ლუდის, ისე ღვინის გემოებთან. წამოწყება საკმაოდ ამბიციურად ჟღერდა, თუმცა იდეამ გაამართლა და მიდი მოდი უკვე ერთი წელია, მომხმარებელს მასპინძლობს. 

ახლა ბარს დაბადების დღე აქვს და მისი თანადამფუძნებლები, სანდრო ყანდაშვილი და ბაჩა ჩადუნელი მიდი მოდის დაარსებაზე, კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრნენ.

M: გაგვიზიარეთ ბარ „მიდი მოდის” შექმნის ისტორია – როგორ გაჩნდა იდეა და შემდეგ განხორციელებაზეც გვესაუბრეთ.

„მიდი მოდის“გახსნის ისტორია უკავშირდება სამეგობროში არსებულ მრავალწლიან ტრადიციას:  ყოველი კვირის ბოლო, როგორი რთული კვირაც არ უნდა გვქონდეს, აუცილებლად შევხვდეთ ერთმანეთს რომელიმე ბარში და გავცვალოთ კვირის ემოციები, შთაბეჭდილებები და დავაგემოვნოთ ქართული ან ევროპული სამზარეულო.

ამ ტრადიციამ მოიტანა გამოცდილება, როგორც ბარების ერთგული მომხმარებლის და მოიტანა სურვილიც, რომ შეგვექმნა საკუთარი სივრცე, სადაც შევძლებდით შეგვეტანა ის ელემენტები, რომლის ნაკლებობასაც განვიცდიდით სხვა ბარების თუ რესტორნების სტუმრობისას. მიუხედავად იმისა რომ დღემდე ერთგულად ვსტუმრობთ ჩვენს რამდენიმე საყვარელ ბარს ქალაქში, ჩვენი საკუთარი სივრცის შექმნამ მოგვცა იმ სურვილის ასრულების საშუალება, რასაც ქართულისა და ევროპულის შერწყმა ჰქვია. 

რაც შეეხება იდეის განხორციელებას, იქიდან გამომდინარე რომ „მიდი მოდის“ გახსნა დაკავშირებულია მინიმალურ საწყის დანახარჯებთან, ფინანსური რესურსიც არ გვაძლევდა საშუალებას, სამზარეულოსა და ბარის გამართვა გამოცდილი და წამყვანი შეფ მზარეულისთვის დაგვეკვეთა. ამიტომ დავიწყეთ რამდენიმეთვიანი შერჩევითი პროცესი ისეთი ადამიანების პოვნაზე, რომლებიც ჩვენსავით სფეროში გამოუცდელად, მაგრამ ენთუზიაზმითა და მონდომებით შეძლებდნენ ჩაბმულიყვნენ „მიდი მოდის“ შენებაში. 

M: რა იყო მთელ ამ პროცესში ყველაზე რთული?

ყველაზე რთული და ხანგრძლივი სწორედ კადრების შერჩევის პროცესი იყო, რადგან ბაზარზე არსებული სურათი ნათლად ჩანდა კადრების უნარებშიც: ფაქტობრივად არ არსებობდა მზარეული, რომელიც თანახმა იქნებოდა ხინკლის ხელით მოხვევასა და მომზადებაზე  და ამავდროულად შეძლებდა ხორცის დამუშავებას ძირითადი კერძებისთვის. საბოლოოდ, 1 წლის წინ, 2022 წლის აგვისტოში შედგა შეთანხმება ჩვენს და 2 მზარეულს შორის. კადრების ძიებამ იმდენად დიდი დრო მოითხოვა, სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის გახსნის დათქმულ თარიღამდე მხოლოდ 2 კვირა რჩებოდა.

M: ბარს საინტერესო სახელწოდება აქვს – გვითხარით, როგორ და რატომ გაჩნდა სახელი „მიდი მოდი”?

სფეროში გამოუცდელი ადამიანებისთვის ყველაფერი ახალი და რთული იყო, ამიტომ ეს ორი კვირა, რაც დარჩენილი გვქონდა, 24-საათიან რეჟიმში ვაგვარებდით ყველა წვრილმან დეტალს და ვერ ვიცლიდით მთავარისთვის – არ გვქონდა შერჩეული ბარისთვის ბრენდული სახელი. გახსნამდე რამდენი დღით ადრე მეგობრებთან საუბარში, ჩვენი იმდროინდელი მდგომარეობის აღწერისთვის ვიყენებდით ფრაზას, რომ „სულ მიდი-მოდიში“ ვართ და ზუსტად ეს გახდა ბრენდის სახელიც.

M: რამდენი ადამიანი ხართ გუნდში და როგორ ზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე?

„მიდი მოდიში“ დასაქმებულია 6 ადამიანი, 3 მზარეული და 3 მიმტანი. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად  გაიზარდნენ და გაიარეს კრიზისული თუ დატვირთული დღეები მიდი მოდის ერთწლიან ცხოვრებაში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ქმნიან იმ კონცეპტს და გარემოს, რაც გამოგვარჩევს ირგვლივ არსებული სხვა მრავალი ბარისგან.

ჩვენი სამუშაო საათები იწყება 13:00-დან და სრულდება 12:00-ზე. არსებული სამუშაო საათები ერთ პატარა სივრცეს, სადაც მხოლოდ 8 მაგიდაა განთავსებული, აძლევს საშუალებას, იყოს ოჯახური შეკრებისთვის საყვარელი ადგილი. ხშირად გვსტუმრობენ ბავშვებით, რადგან ჩვენი მენიუ მრავალფეროვანი და სასურველია ბავშვების გემოვნებისთვისაც.

ასევე დღის საათებში, მყუდრო და წყნარი გარემო ლანჩთან ერთად სამუშაო სივრცედ გამოყენების საშუალებასაც იძლევა. ხშირად საქმიან შეხვედრებსაც ვმასპინძლობთ. საღამოს კი ვცდილობთ გარემო მოვარგოთ ყველანაირი ინტერესის ადამიანს: ვთავაზობთ სამაგიდო თამაშებს, დატვირთულ საფეხბურთო დღეებში კი ვმართავთ ფეხბურთის ჩვენებას და მხიარულ გათამაშებებს, რაც ეხმარება სტუმრებს, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ საღამო.

M: როგორ შეაფასებდით განვლილ წელიწადს და რა გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ?

სექტემბერში მიდი-მოდის დაბადების დღეა, 1 წლის გახდა და, შეიძლება ითქვას, გადალახა სატესტო რეჟიმი. შესაბამისად, დავაგროვეთ გამოცდილებაც, რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ ქსელებში დაწერილ უმაღლეს შეფასებებს, ასევე პრეტენზიებსა და მომხმარებლის მოთხოვნებსაც. ამ გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ და განვაახლეთ მენიუ, შევიტანეთ მცირე ცვლილებები ინტერიერში და რაც მთავარია, ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით, პროდუქტის თვითღირებულების მზარდი დინამიკის პირობებში, საბოლოო პროდუქტის გასაყიდი ფასები ბევრად მისაღები  გაგვეხადა  მომხმარებლისთვის.

[R]

პირველად საქართველოში, ყავის საერთაშორისო ფესტივალი, Tbilisi Coffee Festival გაიმართება

როგორ უმკლავდება შფოთვას ლიონელ მესი?