„მიდის სანახავად“ – 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მთელმა საქართველომ აიტაცა. ის გამოჩნდა სოციალურ ქსელებში, მიმებში, მაისურებზეც კი…თუმცა, ალბათ, არ იცით, რომ ეს ფრაზა უკვე რეგისტრირებულია, როგორც სასაქონლო ნიშანი – სპორტული კომენტატორის, თავად ამ ფრაზის და მოგვიანებით წიგნის ავტორის, გიგა გვენცაძის სახელზე და გაერთიანებულია საავტორო უფლებების 14, 16, 18, 25, 28, 30, 32, 33, 41-ე კლასებში.
რას ნიშნავს ეს? ნუთუ ახლა ამ ფრაზის გამოყენება აღარ შეიძლება?
სწორედ აქ იწყება გაურკვევლობა. ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერი რეგისტრირებული სიტყვა „დაპატენტებულია“, მაშინ როცა პატენტი და სასაქონლო ნიშანი სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმებია.
რა განსხვავებაა მათ შორის, ვის შეუძლია სიტყვის ან ფრაზის რეგისტრაცია, რა შემთხვევაშია ეს კანონის დარღვევა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას – ამ საკითხებზე Skillwill Swiss College-ის იურისტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი, ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ლიანა ზაგაშვილი გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, განვმარტოთ – რა განსხვავებაა პატენტსა და სასაქონლო ნიშანს შორის?
მოსახლეობაში ამ ორი ცნების აღრევა საკმაოდ ხშირია. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, სიტყვა, ფრაზა ან სხვა ნებისმიერი აღმნიშვნელი, რომელიც ერთ კომპანიას საკუთარი საქონლის ან მომსახურების სხვებისგან გამორჩევაში ეხმარება. სწორედ ამიტომ რეგისტრირდება ლოგოები, ბრენდების სახელები, სლოგანები და ფრაზები.
პატენტი კი სრულიად სხვა რამეა – ის გაიცემა გამოგონებაზე, რომელსაც აქვს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ, თუ გსურთ დაარეგისტრიროთ ლოგო ან სლოგანი, ეს სასაქონლო ნიშანია, ხოლო პატენტია რაიმე სიახლე, KnowHow.
M: როგორ ხდება ისეთი ფრაზის რეგისტრაცია, როგორიცაა „მიდის სანახავად“?
რეგისტრაცია ხდება როგორც ადგილზე, საქპატენტში, ისე ელექტრონული განაცხადის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნებისმიერ პირს შეუძლია, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიტყვის ან ფრაზის დარეგისტრირებაა შესაძლებელი.
საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ნიშანი რეგისტრაციას არ ექვემდებარება. მაგალითად, ვერ დარეგისტრირდება ისეთი სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მხოლოდ აღწერს პროდუქტის ან მომსახურების მახასიათებელს, მის სახეობას, ხარისხს, რაოდენობას, დანიშნულებას, ღირებულებას, წარმოშობის ადგილს ან სხვა მსგავს თვისებას. ასევე, რეგისტრაციაზე უარი ითქმის, თუ ნიშანი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან უკვე ასოცირდება საქართველოში ცნობილ ან გამოჩენილ ადამიანთან.
ეს ლოგიკურიცაა – წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს ცნობილი ადამიანის სახელი და გვარი სასაქონლო ნიშნად დაერეგისტრირებინა. ასეთ შემთხვევაში, იმავე სფეროში სხვა პირებს ამ სახელისა და გვარის გამოყენება შეეზღუდებოდათ, რაც კანონის მიზანს ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის პროცესში ყოველთვის ფასდება, ხომ არ არღვევს კონკრეტული ნიშანი სხვათა უფლებებს ან საზოგადოებრივ ინტერესს.
M: კიდევ რომელი ცნობილი ფრაზებია საქართველოში სასაქონლო ნიშნებად რეგისტრირებული?
მაგალითად:
Crosty-ს რეგისტრირებული აქვს „თავისუფლება“;
თიბისი ბანკს – „მთავარია გჯეროდეს“, „იცი, რა მარტივია“;
თიბისი დაზღვევას – „სანერვიულო არაფერია“;
საქართველოს ბანკს – „იფიქრე, ისწავლე, იკითხე“, „არ გაჩერდე“, „შესაძლებლობები უსაზღვროა“, „გზა სულ არის“, „ყიდულობ დღეს, იხდი მერე“.
ეს არის ფრაზები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიასთან ასოცირდება და საზოგადოებისთვის მომენტალურად მისახვედრს ხდის, თუ რომელ ბრენდზე ან მომსახურებაზეა საუბარი, თითქმის ყოველთვის დარეგისტრირებულია სასაქონლო ნიშნად შესაბამის კლასში.
M: რას ნიშნავს „კლასი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას?
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია ხდება ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.
1-34 კლასი საქონელს მოიცავს, ხოლო 35-45 – მომსახურებებს. სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე სიტყვა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა კლასშიც არსებობდეს, რადგან რეგისტრაციისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თავად ფრაზას, არამედ იმასაც, რა საქმიანობისთვის გამოიყენება.
M: თუ ასეთი ფრაზა გამოვიყენეთ, ავტომატურად კანონს ვარღვევთ?
დარღვევა ავტომატურად არ დგება. თუმცა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, ნებისმიერი სახელწოდების, სლოგანის ან ფრაზის გამოყენებამდე გადაამოწმოს, ხომ არ არის ის უკვე რეგისტრირებული შესაბამის კლასში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიას საკუთარი ბრენდის შეცვლა, სასამართლო დავა ან ფინანსური ზარალის ანაზღაურებაც კი მოუწიოს.
„მიდის სანახავად“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი პოპულარული გამოთქმა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტად იქცეს. თუმცა მისი რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ფრაზა ყოველდღიური მეტყველებიდან ქრება. მთავარი განსხვავება ისაა, სად, როგორ და რა მიზნით გამოიყენება ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომერციულ საქმიანობასა და ბრენდინგს ეხება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












