in

Midjourney-მ AI ვიდეო გენერატორი V1 გამოუშვა

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა AI სურათების გენერირების სტარტაპმა ახლახან თავისი პირველი AI ვიდეოს გენერირების მოდელი გაგვაცნო. V1 სურათებს ვიდეოდ გარდაქმნის — მომხმარებლებს უკვე არსებული სურათის ატვირთვა ან Midjourney-ის სხვა მოდელების მიერ გენერირებული ფოტოები 4-5-წამიან ვიდეოებად შეუძლიათ გარდაქმნან. კომპანიის სხვა მოდელების მსგავსად კი, V1 მხოლოდ Discord-ზე იქნება ხელმისაწვდომი, ოღონდ ჯერ ვებვერსიით.

რაღა თქმა უნდა, ასე კონკურენციის გაწევას ცდილობენ ისეთი მოდელებისთვის, როგორებიც OpenAI-ის Sora, Runway-ის Gen 4, Adobe-ის Firefly და Google-ის Veo 3-ია. თუმცა, როგორც ამბობენ, უფრო დიდი მიზნები აქვთ, ვიდრე კადრების გენერირებაა რეკლამებისა თუ ჰოლივუდის ფილმებისთვის… AI ვიდეომოდელების შემდეგ კი, Midjourney AI მოდელების განვითარებას გეგმავს 3D რენდერებისთვის და ამასთან, რეალურ დროის AI მოდელებზეც საუბრობს. 

დასაწყისისთვის კი პირველი AI ვიდეო გენერატორი V1, სურათების გენერირების მოდელებთან შედარებით, 8-ჯერ მეტ გადასახადს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტებს ვიდეოების შექმნისას ყოველთვიურად გამოყოფილი გენერაციები იმაზე უფრო სწრაფად ამოეწურებათ, ვიდრე ეს სურათების შექმნის შემთხვევაში ხდება. 

V1-ის გამოცდას კი ყველაზე იაფად თვეში 10-დოლარიანი Basic-ით შეძლებთ, შემდგომ მოდის 60-დოლარიანი Pro და 120-დოლარიანი Mega ულიმიტო შესაძლებლობებით. თუმცა, როგორც ამბობენ, ფასები შეიძლება შეიცვალოს…

აღსანიშნავია, რომ V1-ის პარამეტრები მომხმარებლებს ვიდეომოდელის შედეგების კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. მათ ავტომატური ანიმაციის პარამეტრების გასწორება შეეძლებათ, რათა სურათი შერჩევითად მოძრაობდეს. ამასთან, პარამეტრების ხელით გასწორებაც იქნება შესაძლებელი, რაც მათ საშუალებას მისცემს, აღწერონ ის კონკრეტული ანიმაცია, რომლის დამატებაც ვიდეოზე სურთ. კამერისა და ობიექტების მოძრაობაც კი თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ პარამეტრებში low motion-ის ან high motion-ის არჩევით.

მართალია, ახალი მოდელი მხოლოდ 5-წამიანი ვიდეოს გენერირების შესაძლებლობას გვთავაზობს, მაგრამ, ამასთან, 4-წამიანის 4-ჯერ გენერირებაც შეუძლიათ, რომელთა შეერთებით 21-წამიან ვიდეოს მიიღებენ. შესაძლოა, ამად ღირდეს კიდეც, რადგან ვიდეო გვარწმუნებს, რომ V1-ის შედეგები არაამქვეყნიურად გამოიყურება.

საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა — ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

„ჩემი მუსიკა თვითგამოხატვაა და არა ამბიცია, რომ სამყარო შევცვალო” – ანუშკა ჩხეიძე