23
Jul
2019

ესპანეთის #1 სააგენტოს ტვინები Ad Black Sea 2019-ზე

23 Jul 2019

ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea, წელს, მიგელ სიმოესი და ჩაჩო პუებლა ეწვევიან, საერთაშორისო სააგენტო MullenLowe Group-დან. მათი მოსმენა და გაცნობა ბათუმში შეკრებილ 600-ზე მეტ დელეგატს, 15 ქვეყნიდან, 19-21 სექტემბერს შეეძლებათ. მიგელსა და ჩაჩოს ერთად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ. მიგელი დასავლეთ ევროპისა და ესპანეთის MullenLowe Group-ს უძღვება, ჩაჩო კი – დასავლეთ ევროპისა და რეგიონული ოფისების კრეატივ დირექტორია. ერთად მუშაობის პერიოდში, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბიზნესმენს ძალიან სჭირდება შემოქმედებითი აზროვნება.

მიგელის ბიზნეს მიდგომას შედეგი ძალიან სწრაფად მოაქვს: ბიზნესის ზრდის დინამიკა მნიშვნელოვნად მატულობს. ის ამჟამინდელ პოზიციაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და უკვე მოასწრო სააგენტოს მსოფლიოს მოწინავე ოთხეულში მოხვედრა, ხოლო ესპანეთში პირველი ადგილის დაკავება. მიგელი დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანების ფიქრებს, მოქმედებებს, თუ რას ირჩევენ, როგორ ბრენდებთან მოსწონთ თანამშრომლობა. მას მიაჩნია, რომ ნიჭის მენეჯმენტი კარგი ხელმძღვანელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. მიგელი ოპტიმისტურად და პრაქტიკულად ეკიდება საქმეს. მართავს გლობალურ ექაუნთებს, განსაზღვრავს, რა სჭირდებათ ბრენდებს წინსვლისთვის. ის სათავეში უდგას მულტიკულტურულ ჯგუფებს, რათა საფუძველი ჩაუყაროს გლობალურ, რეგიონულ და ნაციონალურ ბრენდებს და ამავდროულად, ბიზნესიც წაწიოს წინ. სჯერა, რომ ღირებულების შექმნით შესაძლებელია ბრწყინვალე შედეგებზე გასვლა.

Ad Black Sea-ზე, მიგელთან ერთად, ისაუბრებს ჩაჩო პუებლა. მისი ნამდვილი სახელი ჰორაციოა. წარმოშობით არგენტინელია, მენდოზადან და პორტუგალიური წარმოშობის პარტნიორთან ერთად, ბიზნესისა და კრეატივის ორმხრივ სიყვარულზე ისაუბრებს. წელიწადში თითქმის 200 დღეს, ჩაჩო კლიენტებთან მოგზაურობაში ატარებს. როგორც თავად ამბობს, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია. ჩაჩო წარმატებულ გუნდებსა და სააგენტოებს აყალიბებს და უდავოდ, კომპანიების გეზს მნიშვნელოვნად ცვლის. ასეთ ბრენდებს შორისაა: Audi, Magnum, Cornetto, Mattel, Burger King, Jeep, Pampero… ყველა სააგენტო, რომლის სათავეშიც ჩაჩო ყოფილა, საკუთარ ქვეყანაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა: Tropa Grey – ჩილე, Leo Burnett – ჩილე, Leo Burnett Iberia – ესპანეთი, LOLA MullenLowe – ესპანეთი. ეს უკანასკნელი ესპანეთის #1 სააგენტოდ ითვლება.

ის არამხოლოდ ბრწყინვალე მენეჯერია – ჩაჩოს ხელმძღვანელობით, მის გუნდებს 500-ზე მეტი ჯილდო აქვთ მოგებული, მათ შორის Effie-ს ხუთი ოქრო, 20 გრან პრი და 90-ზე მეტი კანის ლომი, რომელთაგან თხუთმეტი 2018 წელს მოიპოვა. ის იყო ჟიურის პრეზიდენტი კანის ლომებზე, D&AD-ზე, Eurobest-ზე, ნიუ-იორკის ფესტივალებზე და ა.შ.

ჩაჩოს საკუთარი ცოდნის გაზიარება უყვარს. ის კანის ლომებზეც იყო მიწვეყლი სპიკერად და TEDx-ის მაყურებელიც კარგად იცნობს. ასევე, ჩაჩო ერთი და იმავე სიტყვით ორჯერ არასდროს გამოდის.

განხილვა