in

„მიჰყევი ნიშნებს“ – ბაქსვუდის კამპანია თემებზე, რომლებზეც არ საუბრობენ

„რა ხდებოდა დღეს სკოლაში?“, „როგორ მიდის სწავლის საქმე?“ – რამდენჯერ დაგისვამთ მსგავსი კითხვები ბავშვებისთვის და პასუხად მშრალი „რავი აბა“ ან „კარგად“ მიგიღიათ? მოზარდებს თავიანთი სამყარო აქვთ და ხშირად, „დიდებმა“ არაფერი ვიცით მასზე – ვინმე ან რამე ხომ არ აწუხებთ, რაზე ფიქრობენ, რა აინტერესებთ, როგორ გრძნობენ თავს, რა სჭირდებათ… ბაქსვუდის სკოლამ, სააგენტო Kraken-თან ერთად, გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია „მიჰყევი ნიშნებს“. პრინტკამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ილუსტრაციები, რომლებიც ისეთ თემაზე გვიამბობენ, რაზეც ხშირად, არავინ საუბრობს. მაინც, როგორ შეიქმნა პრინტ კამპანია და როგორ ხედავს ბაქსვუდის სკოლა საკუთარ როლს ბავშვის განვითარებაში.

M: რისთვის შეიქმნა კამპანია „მიჰყევი ნიშნებს” და რა არის მისი მთავარი გზავნილი?

კამპანია „მიჰყევი ნიშნებს“ იმ თემებზე სასაუბროდ შეიქმნა, რომელზეც, როგორც წესი, სკოლები არ საუბრობენ, რაც საბოლოოდ ინფორმაციის ნაკლებობასა და არასწორ მოლოდინებს იწვევს. ჩვენ შემთხვევაში, კამპანია არსებული „მითებისა“ და ინტერპრეტაციების სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებასა და განხილვას ემსახურება.

შერჩეული თემები (ბულინგი/კიბერბულინგი, პოსტპანდემიური მდგომარეობა და მოზარდის აღზრდასთან დაკავშირებული თავისებურებები) სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რადგან განვითარებად გარემოში მიმდინარე პროცესები გარდაუვალია, მთავარია, მათი დროული იდენტიფიცირება და მოგვარება. ვეცადეთ, ყურადღება აქტუალურ, პრობლემურ საკითხებზე შეგვეჩერებინა და პრინტ კამპანიით ლაკონურად გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ სტატიების სახით გავშალეთ. გარდა პრობლემური საკითხებისა, შევარჩიეთ პოზიტიური მიმართულებები, რომელიც გვგონია, რომ მოზარდის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ესენია: პროფესიული ორიენტაციისა და მრავალფეროვანი ინტერესების ჩამოყალიბება, ბაქსვუდის ჰაუსური ცხოვრება (რომელიც ორიენტირებულია არაფორმალური განათლების ჩამოყალიბებაზე) და ინდივიდუალური მიდგომების გასაღები.

მთავარი გზავნილი კამპანიის სახელში გადმოვიტანეთ. „მიჰყევი ნიშნებს“ ზემოთ ხსენებულ ექვსივე თემას ეხმიანება და შეგვახსენებს, რომ მოზარდის აღზრდისას თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი „უჩვეულო“ ქცევა საყურადღებოა. ამ დროს კი, მშობლისა და სკოლის დროული ჩართულობა გადამწყვეტია.

M: რა იყო სააგენტოსთვის მიცემული დავალება და როგორ შეიქმნა კამპანიის კონცეფცია?

კამპანიაზე „კრაკენთან“ ერთად ვიმუშავეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ემოციურ თემებს შევეხეთ, მნიშვნელოვანი იყო სწორად მიგვეტანა ჩვენი სათქმელი მშობლებამდე, იმ ადამიანებამდე, რომელთაც ეს თემები აინტერესებთ და გამოსავალს ეძებენ. მთავარი ამოცანა იყო, რომ პრინტისა და ტექსტის ნაწილს დაებალანსებინა, როგორც პრობლემის წარმოჩენა, ასევე მისი გადაჭრის გზა. რაც „კრაკენის“ გუნდმა შესანიშნავად მოახერხა. ერთად მუშაობამ ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად აქცია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

M: რა პრობლემები იკვეთება მოზარდების ურთიერთობებში და რა როლის შესრულება შეუძლია სკოლას ამ მიმართულებით?

არსებობს გავრცელებული და მცდარი მოსაზრება, რომ პრობლემები, რომლებიც მოზარდის აღზრდისას თავს იჩენს, კერძო სკოლაში სრულიად არ არსებობს. სოციალიზაცია, კონკურენცია, განვითარება, საკუთარი თავის დამკვიდრება ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომელთა სვლის პროცესშიც შეუძლებელია არ წარმოიშვას გარკვეული სახის პრობლემები, მთავარია რამდენად სწრაფად და სწორად ვახდენთ რეაგირებას.

ბულინგი/კიბერბულინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სკოლისთვის. მსგავსი ქმედების პრევენციისთვის უამრავი აქტივობა, ტრენინგი თუ როლური თამაში აქვთ ჩვენს ტუტორებსა და ჰაუსმასტერებს. თუმცა, შემთხვევის აღმოჩენისთანავე ხდება ძირეული/გამომწვევი მიზეზების კვლევა, საუბარი, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება მშობელთან კომუნიკაციითა და იმ კონკრეტული შემთხვევისთვის რელევანტური ნაბიჯების დაგეგმვით.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ხანგრძლივმა პანდემიამ ყველას ცხოვრებაში ცვლილებები მოიტანა. განსაკუთრებულად რთული პერიოდი კი მოზარდებმა გაიარეს. უამრავი ცვლილება, სიახლე და ახალი გამოწვევა ერთიანად გამოსცადეს საკუთარ თავზე, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ყოველდღიურობა. ეს პროცესი კი არც ისე დადებითად აისახა მათ პიროვნულ ზრდაზე. ყველაზე მეტად მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შეექმნა საფრთხე, რადგან გახდნენ ასოციალურები, შეეცვალათ დღის წესრიგი და ვერ იყვნენ იმდენად დაკავებულები, როგორც სკოლაში სიარულისას, იშვიათად ნახულობდნენ მეგობრებს, ახლობლებს… ამ ყველაფერმა კი სკოლაში დაბრუნებისას იჩინა თავი. გარემო, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ბაქსვუდელებს აღარ იყო ისეთი, როგორც პანდემიამდე, რადგან უამრავი შეზღუდვისა და რეგულაციის ფონზე ის მეგობრული, ოჯახური გარემო, სადაც სითბოს და სიყვარულის გამოხატვა უპირველესი იყო შეიზღუდა. ამ სურათის შესაცვლელად და ძველი მუხტის დასაბრუნებლად ჩვენმა ტუტორებმა და ჰაუსმასტერებმა ყველა გზა გამოიყენეს, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ აღვადგინოთ/შევმატოთ კიდევ ბევრი ფერი ჩვენს ჯადოსნურ გარემოს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ასევე გამოვყავით არის ხაზგასმა იმაზე, რომ მოზარდები ყველა მიმართულებით ისევე ძლიერები ვერ იქნებიან, როგორც რომელიმე კონკრეტულ საკითხში, ან ზრდის ეტაპზე შესაძლოა დაინტერესდნენ ისეთი ამბებით, რომლებიც მშობლის გადმოსახედიდან მიუღებელია, ასევე ნორმალურია, რომ მოსწავლეს გარკვეულ პერიოდში ჰქონდეს სხვადასხვა სახის გამოწვევა, რომელთა მოსაგვარებლად დასჭირდება სანდო და მიმღები გარემო, რომელიც სკოლამ და ოჯახმა ერთად უნდა შეუქმნას.

M: გარდა აკადემიური განათლების მიცემისა, რა როლი აკისრია სკოლას მოსწავლის ცხოვრებაში?

რეალურად, ბავშვი სკოლაში დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს სოციალიზაციისთვის, ინტეგრაციისა და ადაპტაციისთვის. ამისთვის, სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლე თავს დაცულად იგრძნობს. ჩვენი ბრიტანულ-ქართული ჰაუსური სისტემა, სწორედ არაფორმალური განათლების ჩამოყალიბებაზე არის მიმართული. აქ მოსწავლეებს ჰყავთ უფროსი მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან ამ გზის ეფექტიანად გავლაში. ჩვენი მთავარი მისიაა, ჩვენი ბაქსვუდელები მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, რათა ახალ-ახალ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ, ამასთან კი პროცესებისგან ბევრი რამ ისწავლონ.

M: როგორია ინდივიდუალური მიდგომა, რითაც თქვენი სკოლა გამოირჩევა?

პირველ რიგში სწავლების სისტემით. სკოლაში გვაქვს საგნობრივი სწავლება. ეს გულისხმობს, რომ სადამრიგებლო სისტემისგან განსხვავებით, ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, თითოეულ მათგანში არის ტუტორი, რომელიც განათლებით ფსიქოლოგი ან მონათესავე პროფესიის წარმომადგენელია. ეს ადამიანები სასკოლო ცხოვრებაში წარმართავენ, ქმნიან ჯანსაღ სააღმზრდელო პროცესს და მოსწავლეების დიდი მეგობრები არიან.

ზედა საფეხურებზე მოსწავლეები იყოფიან ჰაუსებად. ჰაუსური ცხოვრება შემოქმედებით, ინტელექტუალურ, სპორტულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიმართულებებში მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს მოსწავლეებს. ასწავლის გუნდურობას, ლიდერობასა და მენეჯმენტის ძირითად საფუძვლებს.

M: როგორ არიან ჩართულები მშობლები შვილების ცხოვრებაში და რამდენად უწყობს ხელს ამას „ბაქსვუდი“?

ჩვენი ერთ-ერთი მისია სკოლის, მოსწავლისა და მშობლის ოქროს სამკუთხედის შეკვრაა. ამისთვის, გარდა ყოველდღიური პროცესებისა, რომელიც მშობლის ინფორმირებულობასა და აკადემიურ პროცესებში ჩართვას გულისხმობს, ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მაგალითად, პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ჩვენი მშობლები სკოლაში გვსტუმრობენ და მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებაზე ესაუბრებიან და თავიანთი პროფესიის სპეციფიკას აცნობენ. ღია კარის დღეები მშობლებისთვის პროცესების გადასაკონტროლებლად და ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად კარგი შესაძლებლობაა. ასევე, გვაქვს წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ორიენტირებულია მშობლისა და ბავშვის ერთობლივი დროის ეფექტიანად გატარებაზე, მოგონებებისა და ემოციების შეგროვებაზე, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ბაქსვუდელების განწყობაზე.

M: თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლის მოდელი, სადაც მოსწავლე სრულფასოვნად იგრძნობს თავს?

იდეალური სკოლი მოდელი არის ადგილი, სადაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი ბოლომდე გამოავლინოს, თავი იგრძნოს დაცულად და არ დაკარგოს სამართლიანობის განცდა.

M: რას აკეთებს „ბაქსვუდი”, რათა პრინტკამპანიაში წამოჭრილი საკითხები მოსწავლეებისთვის უმტკივნეულოდ მოგვარდეს?

პირველ რიგში პრობლემის იდენტიფიცირებაზე ვზრუნავთ. ვესაუბრებით და ვუსმენთ მოსწავლეებს, ვიკვლევთ საფუძვლიანად საკითხს და ორივე მხარის პოზიციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვითვალისწინებთ. მშობელთან კომუნიკაციით ვგეგმავთ რელევანტური მოგვარების გზებს და აღმოფხვრამდე ვაკვირდებით პროცესს. პრობლემის მოგვარების შემდეგ კი, პრევენციის მიზნით, ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ, რათა თავიდან ავიცილოთ განმეორებითი შემთხვევები.

M: მოსწავლეების განვითარების კუთხით, კიდევ რა გეგმები გაქვთ?

ვცდილობთ, სიახლეებს არასდროს ჩამოვრჩეთ. ამისთვის მიმდინარე საკითხებსა და თემებს ყოველთვის ვეხმიანებით. ვცდილობთ, შევქმნათ მრავალფეროვანი სასკოლო გარემო სპორტული, კვლევითი, შემოქმედებითი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებით შესაძლებლობების გამოსავლენად. ახალი სასწავლო წლიდან ინფრასტრუქტურის განახლებითა და ახალი სივრცეების დამატებით, ჩვენი მოსწავლეების განსავითარებლად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით. 

ასევე, ჩვენს ტუტორებსა და ჰაუსმასტერებს აქვთ მიმდინარე სატრენინგო მოდულები – ემოციების სწორად მართვა, მენტალური ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, პრეზენტაციის უნარები, ასერტულობა, კონფლიქტების მართვა. თავის მხრივ, ეს პროექტი ყოველდღიური პროცესების სწორად დაგეგმვასა და წარმართვას შეუწყობს ხელს.

 

[R]

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანდროიდ ტელეფონის შერჩევისას?

სიახლე ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი