14
Jan
2020

არაჯანსაღი პერფექციონიზმის მართვა სამუშაო ადგილას – რჩევები მენეჯერებს – მიკა მანჯგალაძე

14 Jan 2020

რა არის პერფექციონიზმი? გყავს პერფექციონისტი თანამშრომლები? კარგია, თუ ცუდი პერფექციონისტი თანამშრომლები? მენეჯერის პოზიციიდან, როგორ დავეხმაროთ პერფექციონისტ თანამშრომლებს უკეთესი შედეგების მიღწევაში?

თქვენ გყავთ პერფექციონისტი თანამშრომლები, თუ მათზე თვალის გადავლებისას აღმოაჩენთ, რომ: მათ საკუთარი ქმედების მკაცრი შეფასების მიდრეკილება აქვთ და ამიტომ მუდმივად ერთი ნაბიჯით უკან არიან; აქვთ მაღალი დონის მოთხოვნილება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ან უბრალოდ ყველაფერში სრულყოფილებას ეძებენ. ამგვარ თანამშრომლებს ბევრის მიღწევა შეუძლიათ, თუ თქვენ, მენეჯერი, საჭირო დროს მათ სათანადო მხარდაჭერას გაუწევთ.

პერფექციონიზმით შეპყრობილი ადამიანები ცდილობენ, მიაღწიონ უმაღლეს შედეგს და მათ ყველაზე მეტად ეშინიათ შეცდომების დაშვების. ისინი ვერ ეგუებიან ნეგატიურ შეფასებას და კრიტიკას, ამიტომაც მუდმივად ცდილობენ, ყოველ ჯერზე ყველაფერი კარგად გამოუვიდეთ.

კარგია თუ ცუდი პერფექციონისტი თანამშრომლები? ისინი უდავოდ კარგი შემსრულებლები არიან და მათი შესრულებული საქმე, უმეტეს შემთხვევაში, უნაკლო და იდეალურია. თუმცა, თუ პერფექციონისტური დამოკიდებულება რაციონალურად არ წარიმართა, შეიძლება, ის სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის წყარო გახდეს, არა მხოლოდ პერფექციონისტი თანამშრომლისთვის, არამედ მთლიანი გუნდისთვის.

როგორ ამოვიცნოთ პერფექციონისტი თანამშრომლები? მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია:

• მაღალი თვითკრიტიკა;
• შეცდომის დაშვების შიში;
• დიდი ყურადღების დათმობა პატარა უმნიშვნელო დეტალებზე, ერთი და იმავეს რამდენჯერმე გადამოწმება;
• პროექტის დათქმულ ვადაში შესრულების სირთულე;
კონკრეტული საქმის შესრულებისადმი სტრესი/შფოთვა. 

ყველა მენეჯერს აქვს სწრაფვა, თითოეულმა თანამშრომელმა საქმეში თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს, მაგრამ დგება მომენტი, როცა სწრაფვა სრულყოფილებისკენ აკვიატება და პერფექციონიზმით შეპყრობა ხდება, რაც არაჯანსაღ მდგომარეობაში გადადის. როდის ხდება ასე? როგორ შეგიძლია, შენ, მენეჯერს, პეფექციონიზმით შეპყრობილ თანამშრომლებს დაეხმარო, გამოიმუშაონ ჯანსაღი სამუშაო უნარები და თავიდან აირიდონ პერფექციონიზმით გამოწვეული ნაკლოვანებები?

რჩევა #1: შეიცანით თანამშრომელი, არ განსაჯოთ მისი პიროვნება მხოლოდ მის მიერ შესრულებული საქმეებით

საამისოდ ყველაზე მარტივი გზაა, დაიწყოთ დიალოგი თანამშრომელთან, რათა უფრო მეტი გაიგოთ მათ პერსონაზე, პირად ცხოვრებაზე, ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, მათ ეხსნებათ მათ მიერ გაკეთებული საქმეებით შეფასების შიში, რადგანაც იციან, რომ მათ სხვა კუთხითაც იცნობთ.

რჩევა #2: გადაუხადეთ მადლობა, გამოხატეთ მადლიერება

პერფექციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი მადლიერებაა. როდესაც მინიმალისტურ მიღწევასაც კი აღნიშნავთ, ეს ხდება მთავარი მოტივატორი, უფრო მეტი გაკეთდეს და, ამავდროულად, ხსნის შფოთვას, თუ რა წარმოდგენა გაქვთ ამა, თუ იმ შესრულებულ საქმეზე.

რჩევა #3: გაითვალისწინეთ თანამშრომლების საჭიროებები

იცოდეთ, თანამშრომლების საჭიროებები არ ნიშნავს, რომ სრულად უნდა დაუკმაყოფილოთ მათ ყველა საჭიროება. მთავარია, გაიგოთ რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ რაღაც შეასრულოს ან რა უშლის ხელს, რომ საქმე გააკეთოს. უბრალოდ აჩვენეთ, რომ თქვენ ჩართული ხართ პროცესში და მათი ნდობა გაქვთ. ეს ხელს შეუწყობს, ყველა პერფექციონისტმა თანამშრომელმა ბოლომდე მიიყვანოს საქმე დათქმულ ვადაში.

რჩევა #4: იყავით მწვრთნელი და როლ მოდელი

ისაუბრეთ თანამშრომლებთან თქვენი წარუმატებლობის შესახებ და, რაც ყველაზე მთავარია, იყავით გულწრფელები. ყოველთვის დააბრუნეთ უკუკავშირი და არ გამოგრჩეთ, გაამახვილოთ ყურადღება თუნდაც მცირედ წარმატებაზე. ამით თქვენ პერფექციონისტებს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარებით.

რჩევა #5: დაემხარეთ დელეგირებაში

პერფექციონისტები საკუთარ თავზე იღებენ ყველაფერს და აქვთ დელეგირების პრობლემა. დაეხმარეთ, დიდი საქმე ჩაუშალოთ პროცესებად და დაანახოთ პასუხისმგებელი პირები.

რჩევა #6: დაუბრუნეთ უკუკავშირი

პერფექციონისტები ბევრჯერ უბრუნდებიან თავიანთ გაკეთებულ საქმეს, ამოწმებენ, კითხულობენ. თუ, თქვენ, მათ მიერ შესრულებულ საქმეს დადებითად შეაფასებთ ან კრიტიკასაც პოზიტიურ ჭრილში დაუბრუნებთ, ისინი შეძლებენ, უფრო თამამად დაასრულონ პროცესი და გადავიდნენ შემდეგ საქმეზე. მათ ყველაზე მეტად ნეგატიური შეფასების შიში აქვთ, ამიტომაც უთმობენ დიდ დროს თითოეულ დეტალს. პოზოტიური განწყობით დაბრუნებული უკუკავშირის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ, აღარ ჩაიციკლონ პატარა უმნიშვნელო დეტალებზე და საქმესაც მალე მორჩებიან.

პერფექციონიზმი კომპლექსური საკითხია, რომელსაც შეუძლია, სამუშაო ადგილას დადებითი და უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ამის გათვითცნობიერება ხელს შეუწყობს თანამშრომლების სწორ მენეჯმენტს და უკეთესი შედეგების მიღწევას. მენეჯერზეა დამოკიდებული, ამოიცნოს პერფექციონისტი თანამშრომელი, გახდეს მისი მწვრთნელი და გააუმჯობესოს სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი.

 მიკა მანჯგალაძე – Marketer.ge – ს კონტრიბუტორი

განხილვა