14
Aug
2019

Adidas-ს #1 მოთხილამურე მიკაელა შიფრინი შეუერთდა

14 Aug 2019

2 გზის ოლიმპიური და 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი მიკაელა შიფრინი Adidas-თან თანამშრომლობას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ხანგრძლივი პარტნიორობა წვრთნებისა და სპორტსმენის კარიერის პარალელურად განვითარდება, #1 მოთხილამურე კი ახალგაზრდა შემოქმედი თაობისთვის შთაგონების წყარო იქნება.

24 წლის ამერიკელმა [კოლორადოს შტატი] მოთხილამურემ 2019 წლის მსოფლიო თასზე 17 სხვადასხვა სახეობის ეტაპი მოიგო  და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ასეთი შედეგი არც ქალთა და არც მამაკაცთა შორის, ჯერ არავის უჩვენებია. Adidas და მიკაელა შიფრინი მნიშვნელოვან დროს და რესურსს დაუთმობენ ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისებასა და ინსპირაციას. მათთვის მოთხილამურე შესანიშნავი მაგალითი იქნება.

„Adidas არის კომპანია, რომლის ფასეულობებიც იდეალურად ემთხვევა ჩემს შეხედულებებსა და ღირებულებებს. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებთ ერთად მუშაობას. როცა მთაში არ ვარ, ჩვეულებრივ შორტები და „ლეგინსები“ [ე.წ. ელასტიკები, კოჭებამდე ან მუხლამდე] მაცვია. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ხარისხს, სტილსა და კომფორტს აერთიანებს და რომელსაც ძლიერი ხედვა და მისია გააჩნია. Adidas თვლის, რომ „სპორტის საშუალებით, შეგვიძლია ცხოვრება შევცვალოთ“. . . ისინი დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება შესთავაზონ“, – ამბობს მიკაელა შიფრინი.

Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორი კასპერ როსტედი თვლის, მოთხილამურის გამარჯვებისადმი სწრაფვა და სპორტის მიმართ დამოკიდებულება ზუსტად ემთხვევა კომპანიის მისიას:

„ძალიან გვიხარია, რომ მიკაელა შიფრინი Adidas-ის ოჯახს შემოუერთდა. 2 ოლიმპიური ოქროთი, 5 გზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით (3-ჯერ ზედიზედ) და მსოფლიო თასზე 60 სხვადასხვა ეტაპის მოგებით,  უბრალოდ შთამბეჭდავი სპორტსმენია. მისი დამოკიდებულება სპორტის მიმართ და სწრაფვა გამარჯვებისადმი იდეალურ თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან, გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტული კომპანია. მიკაელა დაგვეხმარება, შთაგონების წყაროდ ვიქცეთ მილიონობით მომხმარებლისთვის არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში“.

განხილვა