გიფიქრიათ, როგორი შეიძლება იყოს იმ ლოგოების ქართული ვარიაციები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და გვახსოვს? ქართველ გრაფიკულ დიზაინერ მიხეილ გოჩაშვილს უფიქრია და სულ ცოტა ხნის წინ მან ყველაზე ცნობილი ლოგოების ადაპტაციები შექმნა.

M: რა გახდა ინსპირაცია, შეგექმნა ეს ნამუშევრები?
ზოგადად ძალიან მიყვარს და ვამაყობ ქართული დამწერლობით და ქართული შრიფტებით. ხშირად ვაკვირდები სხვა დიზაინერების მიერ გადმოქართულებულ ბრენდების ლოგოებს და, ვფიქრობდი, მე პირადად როგორ შევასრულებდი ან რა ცვლილებებს შევიტანდი. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ჩემი პირადი ხედვიდან გამომდინარე გამეკეთებინა ამგვარი სახის პროექტი.

M: რა სირთულეებს წააწყდი შექმნის პროცესში?
რადგან ეს ჩემი პირველი შეხება იყო ასეთ პროექტთან, საკმაოდ ბევრ სირთულეს წავაწყდი. პირველ რიგში, ქართულ შრიფტს ბევრად ორგანული მოყვანილობა აქას ვიდრე ლათინურს, რომელიც შეიძლება უფრო გეომეტრიული იყოს. ეს საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ზოგიერთ შემთხვევაში. ამას დავამატებ ილუსტრატორის არასრულ ფლობასაც, რადგანაც ვექტორში მუშაობას არც ისე მიჩვეული ვარ (ნუ გამკიცხავთ ამისთვის).

M: რამდენად კმაყოფილი ხარ საბოლოო შედეგით?
საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ სფეროში გარკვეული ადამიანების რჩევების გათვალისწინებით, ზოგიერთი რამ შემეძლო უკეთ გამეკეთებინა. თუმცა არაუშავს, შევეცდები, მომავალში უფრო დავიხვეწო.
























