29
May
2016

შემთხვევით აღმოჩენილი საყვარელი საქმე – მიხეილ თოდუა

29 May 2016

მიხეილ თოდუა

მიხეილ თოდუა

მიხეილ თოდუა სარეკლამო კომპანია ABK-ს მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერია. იმ სარეკლამო კომპანიის, წელს კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე “ჰეთ თრიქი” რომ შეასრულა. მიხეილ თოდუა მარკეტერს საკუთარ გამოცდილებაზე, სარეკლამო სფეროსა და გუნდის როლზე ესაუბრა.

M: გვიამბე შენი პირველი სამსახურის შესახებ 

საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ABK ჩემი პირველი სამსახურია, სადაც დღემდე ვმუშაობ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულმა სამსახურის დაწყება გადავწყვიტე. მინდოდა გამოცდილება დამეგროვებინა და შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. ABK-ში სტაჟირებით მოვხვდი და დავრჩი კიდეც. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

M: როგორია ABK-ს მუშაობის პრინციპი?

ABK-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს კინოხელოვნებაში, ხოლო სარეკლამო სფეროში 2008 წლიდან ჩაერთო და დღეს ყველანაირ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს. კომპანიის პრინციპები და მრავალწლიანი ტრადიცია დახვეწილი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნისკენ გვიბიძგებს. კომპანიის მუდმივი სრულყოფისკენ ლტოლვა თანამშრომლებმაც გავითავისეთ. ყოველი ჩვენგანი მაქსიმალურად ორიენტირებულია დეტალებზე, საქმეში მთელ ენერგიას ვდებთ და ბუნებრივია, შედეგიც შესაბამისია.

ჩვენი გუნდის დიდ უმრავლესობას, მათ შორის მეც, ესა თუ ის პროექტი დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გავაკეთოთ. კომპანია არ მზღუდავს, ვაკეთო მხოლოდ ჩემი პოზიციური მოვალეობა და ხელს უწყობს ახალ ინიციატივას. სწორედ ამ თავისუფლების, მეგობრული გარემოსა და საქმისადმი პროფესონალური მიდგომის გამო დავრჩი აქ.

cannes ABKM: გაიხსენე საქმე ან პროექტი, რომელიც შენთვის ყველაზე დიდ ნერვიულობასთან ასოცირდება.

ეს იყო წლევანდელი კანის ლომების კონკურსი. ძალიან ვნერვიულობდი, დიდწილად იმის გამო, რომ ეს ჩემთვის პირველი აქტივობა იყო საკუნკურსო გარემოში. თანაც, ამ პროექტში ჩემთან ერთად გუნდის შედარებით ახალგაზრდა წევრი, 20 წლის დიზაინერი სანდრო ლალიაშვილი, იყო ჩართული. მიუხედავად ჩემი შიშისა და ნერვიულობისა, ძალიან კარგად გაართვა საქმეს თავი. ჩვენ გავიმარჯვეთ.

M: როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატებისთვის ? 

ჩემი წარმატება ჩემ მიმართ ABK-ს გუნდის დამოკიდებულებამ განაპირობა: აქ არ არის საკმარისი საქმის უბრალოდ “კარგად” კეთება. ყველა დეტალზე უნდა გაამახვილო ყურადღება და “საუკეთესო” შედეგზე იყო ორიენტირებული.

ABK-ში შედარებით გამოუცდელი მოვედი,  თუმცა, ამ კომპანიაში არსებულმა სიტუაციამ, გამოცდილი ადამიანების გამოუცდელ ადამიანებთან დამოკიდებულებამ, ბევრი რამ მასწავლა. ABK-ში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი რამის ძალიან მაგრად კეთება შეუძლიათ. პირადად მე კოლოსალურ დროსა და ენერგიას ვდებ ყველა საქმეში, ეს ამ კომპანიისა და გუნდის გავლენაა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვან როლს ვანიჭებ პრაქტიკულ გამოცდილებას, განსაკუთრებით, სარეკლამო სფეროში. ვთვლი, რომ პრაქტიკული მუშაობა უფრო მეტად გაგზრდის, ვიდრე თუნდაც უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრება. კომპანიაც ხომ ერთგვარი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და ვავითარებთ უფრო მეტ უნარს.



განხილვა