ბენდებს – Bedford Falls და „კოლექტივი” ბევრი ჩვენგანი უსმენს. ეს ის ორი ბენდია, რომლებიც ქართველ მელომანებში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ. სახასიათო შესრულების მანერა, თავისებური სტილი და განწყობა, რომელიც ხშირად ბევრისთვისაა ნაცნობია – ეს ამ ბენდების ხელწერაა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება და, ერთი შეხედვით, ორი სრულიად სხვადასხვა ჯგუფია, როგორც მუსიკალურად, ისე შემადგენლობით. მაგრამ რატომ გავაერთიანეთ ისინი ერთ აბზაცში? იმიტომ, რომ ჩვენი სტატიის დღევანდელი სტუმარი, მუსიკოსი მიხო კალანდარიშვილი, ორივე ბენდს წარმოადგენს.
მიხოს ინტერესი მუსიკის მიმართ ღრმა ბავშვობიდან იწყება და, როგორც თავად იხსენებს, თინეიჯერობის ასაკში უფრო ძლიერდება. 2015 წელს Bedford Falls-ში დაკვრა დაიწყო და მას შემდეგ მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე მუსიკითაა მოცული.
მიხო კალანდარიშვილი:
ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მუსიკამ ჩემზე ჯერ კიდევ მაშინ მოახდინა, როცა CD ფლეიერით ვუსმენდი „ბითლზის” სიმღერებს. ეს იყო ალბათ პირველი ეტაპი, როცა დიდი ემოციური კავშირი ვიგრძენი და სრულიად მომიცვა მუსიკამ.
შემდეგ, უკვე თინეიჯერობის ასაკში, მუსიკა დიდ მნიშვნელობას იძენს ხოლმე ადამიანისთვის და, რაღაცნაირად, მისი იდენტობის ნაწილი ხდება და ჩემთვისაც ასე იყო, თუმცა ვუსმენდი არა იმ დროისთვის თანამედროვე მუსიკას, არამედ უფრო ძველს, 60-70-იანების როკბენდებს, ე.წ. მამების მუსიკას რასაც ეძახიან. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე The Clash-ის ალბომმა London Calling. შედარებით გვიან თინეიჯერობაში კი ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა Radiohead-მა.
სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მუსიკას ვუსმენდი, ყველაზე მეტ ყურადღებას გიტარას ვაქცევდი, ვაკვირდებოდი, როგორი სოლოები იყო სიმღერაში და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე, მესწავლა ელექტროგიტარაზე დაკვრა. თუმცა მალე სიმღერების წერითაც დავინტერესდი.
M: მიხო, როგორ გასცდა თქვენი მუსიკისადმი სიყვარული სამოყვარულო დონეს და გადახვედით უკვე პროფესიონალურ ეტაპზე?
სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, დავიწყე დაკვრა ბენდში Bedford Falls და მგონი, უკვე ათ წელიწადზე მეტია, ერთად ვაკეთებთ მუსიკას. 2020 წლისთვის კი მეგობრებთან ერთად შევქმენი მეორე ბენდი „კოლექტივი” და დღეს აქტიურად ამ ორ პროექტში ვმონაწილეობ.

M: როცა ორ ბენდში უკრავ პარალელურად, თანაც ორივე მათგანი საკმაოდ აქტიური ბენდია, არის თუ არა რაიმე სირთულე ან პირიქით, რა არის საინტერესო ამ კუთხით?
ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, ვიდრე რთული. საკუთარ თავს აყენებ იმ მდგომარეობაში, რომელიც საშუალებას გაძლევს, სიახლეები აღმოაჩინო, იყო უფრო მრავალფეროვანი, ახლებურად გამოხატო და მრავალმხრივ წარმოაჩინო საკუთარი თავი.
M: როგორია თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის, შემოქმედებითი პროცესი?
ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ხოლმე სხვა ადამიანების მუსიკა. როცა მოვუსმენ, ვფიქრდები იმაზე, რა მომეწონა და რატომ. ამ სიმღერებიდან თითქოს ვიგებ ახალ ინფორმაციას მუსიკაზე, რომელიც ილექება ჩემს გონებაში და შემდეგ, როცა იმპროვიზირებ დაკვრისას, ეს ინფორმაცია გაძლევს ახალ იდეებს, სხვანაირად ინტერპრეტირდება შენი ხელით.
ბევრი ამბობს, რომ გარკვეულ ემოციებს მოაქვს შთაგონება და ალბათ ასეც არის, თუმცა ეს იმდენად რთული ფენომენია, სიტყვებით მარტივად ვერ აღვწერ. ყველა მუსიკოსს თავისი მუშაობის სტილი აქვს. მე, მაგალითად, მიყვარს აკუსტიკურ პიანინოზე დაკვრა ჩემთვის, სახლში და მირჩევნია ხოლმე ერთგვარი დემო უკვე შექმნილი მქონდეს და მერე დავიწყო კომპიუტერში აწყობა, არანჟირება და საბოლოო ფორმის მიცემა.
M: თუ გიფიქრიათ იმაზე, რა ემოცია გსურთ, რომ მიიღოს მსმენელმა თქვენი მუსიკით?
მარტივად რომ ვთქვა, მე მირჩევნია, რომ უბრალოდ კარგი სიმღერა გავაკეთო, რადგან მაინც უფრო მელოდიებზე მიყვარს აქცენტის გაკეთება. თუ ეს გამომივიდა, ესე იგი, ემოციაც ადამიანს თავისთავად დადებითი გაუჩნდება.
M: რომელიმე სიმღერაზე/ალბომზე მუშაობა ხომ არ გახსენდებათ განსაკუთრებულად?
ალბათ გავიხსენებდი „კოლექტივის” ერთ-ერთ ბოლო სიმღერაზე მუშაობას. ზოგჯერ ხდება ისე, რომ გაქვს სიმღერის მხოლოდ ნაწილი, რომელსაც დაუკრავ, მოგეწონება, მაგრამ შეიძლება ორი თვე გავიდეს და ვერ ასრულებ. მერე უკრავ სხვა სიმღერის პარტიას და ისიც ძალიან მოგწონს, მაგრამ შეიძლება დიდხანს ვერ ხვდებოდე, რომ ამ ორის ერთმანეთთან გაერთიანება შესაძლებელია. ასე დამემართა სიმღერაზე „გულზე დამადგი” – მისი ნაწილები ცალ-ცალკე სიმღერებად მქონდა გათვლილი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჰარმონიულად შეერწყმებოდა ერთმანეთს და ასეც მოხდა.
ზოგადად, მუსიკაზე მუშაობა საინტერესოა მაგ კუთხით, რადგან შეიძლება სხვადასხვა დროს მოსული იდეა, უბრალოდ, ხმოვანშეტყობინებად ჩაიწერო ტელეფონში და დაგიგროვდეს ბევრი ასეთი ჩანაწერი, რომელთა გაერთიანებაც შეგიძლია. სხვათა შორის, ამას ამბობს ცნობილი ბენდის, The Strokes-ის ფრონტმენიც, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ მეთოდს იყენებს.
M: მიხო, რა არის დღეისათვის საჭირო საქართველოში, რომ მუსიკოსებმა თავისუფლად და შეუფერხებლად აკეთონ თავიანთი საქმე?
მე ვთვლი, რომ ყველაფერი მაინც მსმენელსა და იმ კულტურაზე დგას, რომ დაინტერესება არსებობდეს თანამედროვე ქართული მუსიკის მიმართ, რაც ვიტყოდი, რომ არის კიდეც. რაც უფრო დიდი ენთუზიაზმი იქნება ქართველი მსმენელის მხრიდან, უფრო მრავალფეროვანი მუსიკაც შეიქმნება და თავის შესაფერის ჟანრს ყველა იპოვის.
M: როგორია თქვენი მიმდინარე გეგმები?
ორივე ბენდში აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რაც გულისხმობს ახალი სიმღერების გამოშვებასა და კონცერტების ჩატარებას. ჩვენთვის ეს უკვე წლებია, ჩვეული რეჟიმია და ახლაც ამ ტემპში ვაგრძელებთ.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?
ერთი სიმღერის ამორჩევა მარტივი არაა, თუმცა მინდა, რომ ქართველი მუსიკოსის სიმღერა დავუტოვო მკითხველს. მოდი, იყოს ლექსო რატიანის „თევზის სიმღერა”.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














