in

მიკროაგრესიების ამოცნობა და მათზე რეაგირება სამსახურში

სამსახურში ხშირად ჩნდება ისეთი სიტუაციები, როცა სხვისი კომენტარისა თუ ქმედების გამო თავს ცუდად ვგრძნობთ, თუმცა ამას მეორე მხარე ვერც კი იაზრებს… მსგავს ქმედებებს მიკროაგრესიებს უწოდებენ. შესაძლოა, ეს ადამიანის გენდერთან, რასასთან, მშობლის სტატუსთან, სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და სხვა მრავალ ასპექტთან იყოს დაკავშირებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მეტიც, კვლევით დადგინდა, რომ მიკროაგრესიებს ადამიანის როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს. იქნება ეს დეპრესიის გაზრდილი მაჩვენებელი, ხანგრძლივი სტრესი თუ ტრავმა, თავის ტკივილი, მაღალი წნევა თუ უძილობა. ამას გარდა, მიკროაგრესიები კარიერულ განვითარებაზეც ცუდად მოქმედებს, რადგან თქვენ ნაკლებად პროდუქტიული ხდებით… უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ 10-დან 7 დასაქმებულს აღიზიანებს, ნახევარს კი ეს ფაქტორი სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს. 

გამოდის, მიკროაგრესიები არც ისე მცირე მასშტაბისაა, როგორც ამაზე სიტყვა მიუთითებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, როგორ ჩნდება იგი და როგორ ვუპასუხოთ მას ისე, რომ არ დავზარალდეთ. ეს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად აუცილებელიც კია, რაც თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა აქ ღია და გულწრფელი საუბრები ისეთ თემებზე უნდა დაიწყოთ, როგორიცაა, სექსიზმი, ჰომოფობია და რასიზმი, რადგან მიკროაგრესიები ხშირად ამ საკითხების ირგვლივ ვლინდება.

ხოლო რაც უფრო მეტი ვიცით მიკროაგრესიების გამოვლენის შესახებ, მით უფრო ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია მის შესამცირებლად. თუმცა აქაც რეალობა ისაა, რომ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ასე რომ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ თუ მიკროაგრესიის მსხვერპლი ან პირიქით, მისი ავტორი გავხდებით.

გაიგეთ მეტი მიკროაგრესიების შესახებ

ბევრი სიტყვა თუ ფრაზა არსებობს, რომელიც საზოგადოების დომინანტური ჯგუფების უპირატესობას წარმოაჩენს. სიტყვებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, რასიზმის, სექსიზმისა თუ დისკრიმინაციის სხვა ფორმებით გამოხატული ისტორიული ფესვებიც აქვს. მაგალითად, ხშირად გაიგებთ სიტყვებს — შავი სია, აქ ხშირად იმ ნივთების ჩამონათვალი იგულისხმება, რომლებიც ნეგატიურია; თეთრ სიაში კი, პირიქით. ეს სიტყვები რასობრივი დისკრიმინაციაა, რაც მიკროაგრესიების საფუძველიც ხდება. ტერმინი არაქისის გალერეა კი XVIII საუკუნეში წარმოიშვა და მას თეატრის იმ სექტორებს უწოდებდნენ, სადაც შავკანიანები სხდებოდნენ…

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიკროაგრესიის წარმომშობ ფაქტორს ვერ გავიგებთ, მნიშვნელოვანია, ეს იმ ფრაზებში შევცვალოთ, რომლებიც დომინანტურია და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ვინმეს შეურაცხყოფდეს. მსგავსად, ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოხატვასაც შევძლებთ. მაგალითად, ყოველდღიური საუბრისას ხშირად ისეთ ფრაზებს ვიყენებთ, სადაც კაცის დომინანტურობა იგრძნობა… ამიტომ, აქ ნეიტრალური ვარიანტების მიგნება კარგი გამოსავალი იქნება.

ახლა კი მიკროაგრესიების ის მაგალითები განვიხილოთ, რომლებსაც შეიძლება, სამსახურში შეხვდეთ:

  • არ ჰგავხარ ებრაელს — ან ნებისმიერი სხვა ეროვნების მქონე ადამიანს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ ერებს სტერეოტიპული გარეგნობა აქვთ, რაც ინდივიდისთვის ხშირად შეურაცხმყოფელია. სინამდვილეში საიდან ხარ? — ხოლო ამ კითხვას ხშირად ეთნიკური თუ რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებს უსვამენ, მათ ხშირად ემიგრანტებადაც თვლიან, რაც მიკროაგრესიის წარმომშობი ფაქტორი ხდება. 
  • როგორ მოხვდი იმ სკოლაში? — ეს კითხვა კი კლასობრივ მიკროაგრესიას წარმოშობს, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული სივრცე პრესტიჟულია და თქვენი სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობის გათვალისწინებით იქ ნაკლებად უნდა ყოფილიყავით…
  • ხოლო გაოცება, აღფრთოვანება თუ სხვა მწვავე რეაქციები ხშირად ფრაზით ეს სიგიჟეა გამოიხატება, რაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია.
  • უმეტესად კაცებს ეუბნებიან, ნუ იქნები ასეთი მგრძნობიარე/ემოციური, სადაც ძირითადად ერთმანეთს ქალისა და კაცის ემოციურ მდგომარეობებს უპირისპირებენ, რაც, ბუნებრივია, გენდერულ მიკროაგრესიებს წარმოშობს. 
  • გყავს ცოლი/ქმარი?, ეს კითხვა კი მხოლოდ ჰეტეროსექსუალების ორიენტაციას ითვალისწინებს, ამიტომ, თუ მიკროაგრესიის წარმოშობის თავიდან აცილება გსურთ, უნდა იკითხოთ — გყავთ პარტნიორი?
  • ხოლო ფრაზა — თქვენ არ გყავთ ბავშვები და გვიანობამდე მუშაობასაც მოახერხებთ, შეურაცხმყოფელია როგორც მშობლებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შვილები არ ჰყავთ…

დიახ, სამუშაო ადგილზე მიკროაგრესია ნებისმიერი საუბრის დროს შეიძლება წარმოიშვას, იქნება ეს ახალი თანამშრომლის მიღება, თუ მომხმარებელთან კომუნიკაცია. თუმცა მნიშვნელოვანია, პროფესიულ გარემოში მეტად გავუფრთხილდეთ ამ საკითხს და პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ სიტყვებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

როგორ გავუმკლავდეთ მიკროაგრესიებს?

თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ მაშინვე, მოგვიანებით ან საერთოდ არაფერი უთხრათ მას… მართალია, ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს, რომელიც ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ, თუმცა როცა მიკროაგრესიების მოწმე გახდებით, შემდეგ კითხვებზე პასუხების ცოდნა ძალიან გამოგადგებათ.

1. როდის არის შესაფერისი მომენტი პასუხის გასაცემად?

აუცილებლად უნდა შექმნათ უსაფრთხო სივრცე საუბრისთვის. თუ კონკრეტულ ადამიანთან გულწრფელი და ეფექტური საუბრის დაწყება გსურთ, მაშინ მას მარტო უნდა გაესაუბროთ. ხოლო თუ მიკროაგრესიას სხვებთან ერთად გამოხატავს, შეეცადეთ, რომ მხოლოდ მაშინ უპასუხოთ, როცა ორნი იქნებით, ან სთხოვოთ ცალკე გასაუბრება, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილოთ.

2. რა ურთიერთობა გაქვთ იმ ადამიანთან, რომელმაც მწვავე კომენტარი გააკეთა?

თუ პირადი ურთიერთობა გაქვთ იმ ადამიანთან, რომელმაც მიკროაგრესია გამოიწვია, პირდაპირ შეგიძლიათ უთხრათ ამის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი კონკრეტული ინდივიდის ხასიათს უნდა დააკვირდეთ, რამდენად ჯიუტი ადამიანია ან ჰქონია თუ არა ვინმესთან უსიამოვნო საუბრები. შესაძლოა, ამ პროცესში ის ადამიანებიც ჩართოთ, რომლებიც მასთან უფრო ახლოს არიან და ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დაგეხმარებათ. 

3. რამდენად კარგად იცით მიკროაგრესიების შესახებ?

შესაძლოა, მიხვდეთ, რომ კონკრეტული კომენტარი რასობრივ მიკროაგრესიას წარმოქმნის, მაგრამ არ იცოდეთ დეტალები… აქ მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ განზრახვასა და გავლენაზე. შეიძლება, კონკრეტულ პირს არ ჰქონდა განზრახული თავისი კომენტარით სხვისი შეურაცხყოფა, მაგრამ ეს ასე მაინც გამოვიდა, რაც, ბუნებრივია, გავლენის მასშტაბებს არ ამცირებს. ამიტომ, აუცილებლად უნდა უთხრათ მას ამის შესახებ — განზრახვასა და შედეგს შორის არსებულ სხვაობაზე ხაზგასმა მისთვის დადებითი ინფორმაციის წყარო გახდება. 

რა უნდა გააკეთოთ, როცა მიკროაგრესიას გამოიწვევთ?

თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ რაიმე არასწორად თქვით, ან გააკეთეთ, სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზის პოვნას უნდა შეეცადოთ.

  • გაჩერდით ერთი წუთით

შესაძლოა, მყისიერი რეაგირება თავდაცვაში გადაიზარდოს, ამიტომ, ღრმად ისუნთქეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ შეცდომებს ყველა უშვებს. თანაც, უმეტესად, მიკროაგრესიის ჩადენა არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. ეს უბრალოდ გაძლევთ მინიშნებას, რომ თანამშრომლებს უფრო დიდი პატივისცემით უნდა მოეპყროთ. შეჩერება, სუნთქვა და ეს ერთი წუთი ემოციური რეაქციებისა თუ ქმედებებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ, რითაც სიტუაციაც ნაკლებად გამწვავდება. 

  • სთხოვეთ განმარტება

თუ არ ხართ დარწმუნებული, რას გულისხმობს თქვენი კოლეგა, შეგიძლიათ, ამის შესახებ უფრო მეტის თქმა სთხოვოთ.

  • მოუსმინეთ ყურადღებით

ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებით… საუბარში ჩართვითა და თქვენი პოზიციის წინ წამოწევით, შესაძლოა, ვეღარ გაიგოთ, რას გულისხმობს იგი რეალურად. ამ შემთხვევაში უბრალოდ დაზუსტების მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ, რათა დაადგინოთ, სწორად გაიგეთ თუ არა მისი ნათქვამი.

  • აღიარეთ და მოუხადეთ ბოდიში

მას შემდეგ, რაც გაანალიზებთ, რომ თქვენ რაღაც არასწორი ჩაიდინეთ, უნდა აღიაროთ ეს და მას გულწრფელი ბოდიშიც მოუხადოთ. მიუხედავად იმისა, თქვენ თავდაპირველად ეს განზრახვა გქონდათ თუ არა…

  • მიეცით სივრცე შემდგომი საუბრებისთვის

პრობლემის გადასაჭრელად მსგავს საუბრებს ხშირად ერთზე მეტი დიალოგი სჭირდება. ამიტომ, მიეცით თქვენს კოლეგებს შესაძლებლობა, ამის შესახებ უფრო მეტი გესაუბრონ.

რა უნდა იცოდნენ ლიდერებმა?

მიუხედავად იმისა, რომ მიკროაგრესია ხშირად ინდივიდუალურ დონეზე ხდება, კომპანიამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. თუნდაც, ჩაატაროს ტრენინგები ამ თემის შესახებ და იზრუნოს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე, რადგან ამას ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაზეც აქვს გავლენა. 

დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკროაგრესიები ყველა ადამიანზე მოქმედებს… ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ყველა უფრო მეტს გაიგებს საკუთარი შეხედულებების შესახებ და მიკროაგრესიების თავიდან აცილებასაც  მარტივად მოახერხებს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს სწავლისა და განვითარების უწყვეტი პროცესია…

წყარო: HBR



როგორი იყო პირველი აუდიოსისტემა მანქანაში და როგორ შეიქმნა

რა გამოწვევები დგას დღეს სადაზღვევო სფეროში და არის თუ არა საჭირო ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით?