in

ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს!

ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პლასტმასის მცირე ნაწილაკები ადამიანის სხეულში აღმოაჩინეს, უფრო ზუსტად, არტერიებში არსებული ცხიმოვანი გროვების 50%-ზე მეტში. ეს კი პირველი მონაცემი იყო მათ შორის, რომელიც მიკროპლასტმასის გავლენას ასახავდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ახლა ვიგებთ, რომ მიკროპლასტმასები აღმოაჩინეს სისხლის კოლტებში, რომლებიც ქირურგიულად გულისა და ტვინის არტერიებიდან, ამასთან, ქვედა კიდურებში არსებული ვენებიდან ამოიღეს. 

M2
M2

მართალია, მცირემასშტაბიანი კვლევა იყო, რომელიც მხოლოდ 30 ადამიანს მოიცავდა, მაგრამ მომდევნო 34 თვეში კიდევ 257 პაციენტის შესწავლა იგეგმება. მიუხედავად ამ ფაქტორისა, აღნიშნული კვლევა ხაზს უსვამს კავშირს სისხლში მიკროპლასტმასის დონესა და დაავადების სიმძიმეს შორის.

კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის ნიმუშები იმ პაციენტებისგან მიიღეს, რომელთაც გულის შეტევა, ინსულტი ან ვენის თრომბი განუვითარდათ. საშუალო ასაკი 65 წელი იყო და პაციენტების ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ზოგი თამბაქოს მომხმარებელი იყო, ზოგი ალკოჰოლის, ზოგსაც დიაბეტი ან მაღალი წნევა აწუხებდა. თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ — ყოველდღიურად ყველა მათგანი მოიხმარდა პლასტმასის პროდუქტებს.

ქიმიური ანალიზის შედეგად შესწავლილი 30 სისხლის კოლტის ნიმუშიდან 24-ში განსხვავებული ზომისა და ფორმის მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს, ასევე, განსხვავებული კონცენტრაციებით. საინტერესოა ისიც, რომ პლასტმასის ზუსტად იმავე ტიპებს მიაგნეს, რომლებიც მანამდე ჩატარებულ კვლევაშიც გამოვლინდა — პოლივინილქლორიდი (PVC) და პოლიეთილენი (PE). თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან პირველი მათგანი მშენებლობაში, ხოლო მეორე ბოთლებისა თუ პარკების წარმოებისთვის აქტიურად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ პოლიამიდი 66-იც გამოავლინა, რასაც უკვე ქსოვილებში ვხვდებით. ჯამში კი მიკროპლასტმასას 15 ტიპს მიაგნეს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი, 54%-იანი მაჩვენებლით, პოლიეთილენი იყო.

მკვლევართა თანახმად, ადამიანებს, რომელთაც სისხლის კოლტებში მაღალი დონის მიკროპლასტმასა ჰქონდათ, ასევე მაღალი D-დიმერის დონეები აღენიშნებოდათ. ეს უკანასკნელი ცილის ფრაგმენტს წარმოადგენს, რომელიც სისხლის კოლტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, შესაბამისად, ჩვეულებრივ პლაზმაში არ გვხვდება. ამიტომ, სისხლის ანალიზში D-დიმერის მაღალი დონე, შესაძლოა, სისხლის კოლტების მაღალ ალბათობაზე მიუთითებდეს. აი, ეს კი უკვე მეცნიერებს აფიქრებინებთ, რომ მიკროპლასტმასა სისხლის შედედების პროცესს შეიძლება, აუარესებდეს.

მიღებული შედეგები გვთავაზობს, რომ მიკროპლასტმასა პოტენციურ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება. გარემოსა და ყოველდღიურ პროდუქტებში მიკროპლასტმასას სიმრავლის გამო, მათთან კავშირი ადამიანებისთვის გარდაუვალია. ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების მიზეზით მიკროპლასტმასით დაბინძურება მზარდი შეშფოთების საგანი ხდება…, — აცხადებს ტინტინგ ვანგი, მეცნიერი.

 

მინიმალისტური კომპიუტერი, რომელიც ეკრანზე დამოკიდებულებას ამცირებს

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია „ავერსი“