მრავალი სამეცნიერო ნაშრომი აჩვენებს, რომ მიკროპლასტმასა ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ორგანოებში გვხვდება, იქნება ეს ფილტვები, პლაცენტა, რეპროდუქციული ორგანოები, ღვიძლი, თირკმელები, მუხლისა და იდაყვის სახსრები, სისხლძარღვები თუ ძვლის ტვინი… უახლესი კვლევა კი მეტად შემაშფოთებელ შედეგს გვაცნობს — მიკროპლასტმასა ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს, რაც დაუყოვნებლივი ქმედებების საჭიროებას ბადებს, რომ თუნდაც შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება.
„იმაზე მეტი პლასტმასაა ჩვენს ტვინებში, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“, — აცხადებს მეთიუ კამპენი, მკვლევარი.
მართალია, ჯერ ზუსტად არ იციან, რას გამოიწვევს ჩვენს ორგანიზმში არსებული მიკროპლასტმასა, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები გვთავაზობს, რომ იგი ოქსიდაციური სტრესისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ზრდის. პირველი მათგანი კი, თავის მხრივ, შესაძლოა, უჯრედების დაზიანებასა და ანთებაშიც გადაიზარდოს. ამასთან, ცხოველზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტმასა კიბოს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, უნაყოფობას, სწავლისა თუ მეხსიერების პრობლემებს უკავშირდება…
უახლესი ნაშრომის თანახმად, მიკროპლასტმასის არსებობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტვინის ნიმუშებში. გაკვეთილ ცხედრებში ღვიძლის, თირკმელებისა და ტვინის შესწავლით გამოვლინდა, რომ ყველა შეიცავს მიკროპლასტმასას, თუმცა მათ შორის ტვინის 91 ნიმუში სხვა ორგანოებზე საშუალოდ 10-20-ჯერ მეტ ნაწილაკს შეიცავდა. ეს შედეგი კი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი იყო. უფრო ზუსტად, ტვინის 24 ნიმუშში პლასტმასის წონა დაახლოებით 0.5%-ს შეადგენდა.
ამ მხრივ აღსანიშნავია კვლევა, რომელმაც დემენციით გარდაცვლილი 12 ადამიანის ტვინი შეისწავლა — იმაზე 10-ჯერ მეტ პლასტმასას შეიცავდა წონაში, ვიდრე ჯანსაღი ნიმუშები. კვლევის წამყვანი ავტორი კი გვეუბნება: „არ ვიცი, რამდენი პლასტმასის ატანა შეუძლია ჩვენს ტვინს ისე, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები არ გამოიწვიოს“.
საინტერესოა ისიც, რომ 2024 წელს მიღებულ ტვინის ნიმუშებში მიკროპლასტმასა 50%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2016 წლის ნიმუშებში, რაც პირდაპირპროპორციულია გარემოს პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებლისა.
„არაფერი დარჩა ხელშეუხებელი დაწყებული ზღვის ფსკერით, გაგრძელებული ატმოსფეროთი და დამთავრებული ადამიანის ტვინით“, — აცხადებს ბეთანი ალმროთი, მეცნიერი.
გამოსავალი კი პლასტმასის მოხმარების შემცირებაშია, რაც თითოეული ინდივიდის პასუხისმგებლობაა. არც დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგალითისთვის, არ გამოიყენოთ პლასტმასა საჭმლის მომზადებისას, არ დალიოთ პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი, ეცადეთ, არ დაგროვდეს მტვერი, რადგან ესეც პლასტმასას შეიცავს. ზოგიერთი მკვლევარი ნაკლები ხორცისა და, ზოგადად, გადამუშავებული საკვების ჭამასაც გვირჩევს იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული პროდუქტების მიღებას აქვს გარემოზე…