ჩვენ უკვე მივეჩვიეთ (ნაწილობრივ მაინც) ლაბორატორიული ხორცის შექმნის იდეას… ახლა კი ბოსტონში მდებარე სტარტაპი ძროხის სარძევე ჯირკვლების უჯრედების ზრდაზე მუშაობს. რამდენიმეთვიანი ექსპერიმენტების შედეგად, მკვლევრებმა იდეალური პირობების პოვნა მოახერხეს, რათა ძროხის ნამდვილი რძის წარმოება ცხოველის გარეშე გახდეს შესაძლებელი.
„დიდ დროს ვხარჯავთ იმის გარკვევაში, თუ როგორ მუშაობს ძროხის ბიოლოგია და შემდეგ მის იმიტირებას ვაკეთებთ“, — ამბობს სოჰაილ გუპტა, Brown Foods-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. აღნიშნული სტარტაპი აწარმოებს პროდუქტს UnReal Milk.
საგულისხმოა, რომ რძის ალტერნატიული პროდუქტების გაყიდვები გამუდმებით იზრდება. აშშ-ში 2020 წელს შვრიის, სოიოს, ნუშის და სხვა ალტერნატიული რძის პროდუქტების გაყიდვებმა 15% შეადგინა, რაც 27%-ით მეტია წინა ორ წელთან შედარებით. თუმცა Brown Foods-მა გააცნობიერა, რომ მცენარეული რძე მაინც ვერ ანაცვლებს ტრადიციული რძის პროდუქტებს, გემოსა და ტექსტურის თვალსაზრისით. თანაც, ისინი ხშირად ნაკლებ ცილასა და სხვა საკვებ ნივთიერებას შეიცავს.
რაში გვჭირდება რძის ალტერნატივა?
ტრადიციული რძის პროდუქტებისგან თავის დაღწევის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ის ფაქტი, რომ რძისა და ხორცისთვის გაზრდილი ძროხები პასუხისმგებელნი არიან მეთანის, ძლიერი სათბურის აირის, დაახლოებით, 30%-ზე. თუმცა გუპტას თქმით, ყოველი ალტერნატივა მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ბუნებრივ პროცესთან, რადგან ძუძუმწოვრების სარძევე უჯრედებს მთელი რიგი გენეტიკური არქიტექტურა აქვს ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების შესაქმნელად.
„ვცდილობთ, ბუნებას მივბაძოთ და გავიგოთ, რა სახის ქიმიურ სიგნალებს გამოყოფენ ძუძუმწოვრები, რძის გამოყოფისა და ლაქტაციის პროცესის გამოსაწვევად“, — აღნიშნავს. სოჰაილ გუპტა. ახლა, როცა დადგინდა, რომ ლაბორატორიაში მცირე მასშტაბით მუშაობა შესაძლებელია, სტარტაპი უფრო დიდ ბიორეაქტორებში გადანაცვლებაზე ფიქრობს, კომერციული წარმოებისთვის.
ადრეული გათვლებით, პროექტის წარმატებით განხორციელებას რძის მიღებისგან გამოწვეული სათბურის გაზების ემისიების 90%-ით შემცირება შეუძლია. ამასთან, ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცისგან განსხვავებით, რომელიც ენერგიით ინტენსიური უჯრედების ზრდის პროცესს მოითხოვს, რძის წარმოება უბრალოდ უჯრედების ცოცხლად შენარჩუნებას საჭიროებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტარტაპი გეგმავს როგორც რძის, ისე რძის სხვ პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა ყველი და კარაქი. თანაც, შესაძლოა, იგივე პროცესი გამოყენებული იქნას სხვა სახის რძის წარმოებისთვის — დაწყებული თხის რძით, დასრულებული დედის რძით.











