ყველა თაობას აქვს თავისი უცნაურობები და გამონაკლისი არც მილენიალები არიან. რას გულისხმობს მათი დაუწერელი ეტიკეტი? არაფრის დიდებით არ დაურეკოთ! მილენიალები ის თაობაა, რომელიც ციფრული საუკუნის მიჯნაზე დაიბადა. ისინი უკანასკნელები არიან, რომლებსაც ემახსოვრებათ უინტერნეტოდ ცხოვრება და რომლებიც ასე სასოწარკევეთილად ცდილობდნენ ის თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ექციათ. სწორედ იმის გამო, რომ ისინი, თავიანთ გარემოში ყველასათვის მისაწვდომნი იყვნენ და ეს ნორმად სულაც არ ეჩვენებოდათ, ახლა ყველაზე მგრძნობიარედ ეკიდებიან იმ უხილავი საზღვრების დარღვევას, რაც ასე რუდუნებით ააგეს თავიანთ გარშემო.
სინამდვილეში, მათთვის სატელეფონო ზარი თავდასხმასავითაა, რაკი მყისიერ პასუხს საჭიროებს. SMS-ებისა და მეილების ეპოქაში, სადაც მათ აქვთ დრო საპასუხოდ, ზარი ნამდვილი შებოჭვაა.
შესაძლოა, ზოგიერთს ეს უხეშობად ან თავშეკავებულობად მოეჩვენოს. როგორ მუშაობს მილენიალთა სტანდარტი?
* თუკი სათქმელის მიტანა მეილით შეგიძლია, გაგზავნე მეილი.
* ყოველთვის გააგზავნე მეილი, თუკი ეს ფიზიკურად შესაძლებელია.
* ერთადერთი მიზეზი, რომლითაც მეილის არ მიწერას გაამართლებთ არის, როცა ამოცანები და განსახილველი საკითხები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ამისათვის აუცილებელია უშუალო დასწრება.
თუკი მაინც არ ხართ დარწმუნებული, იცოდეთ, რომ ესაა მილენიალებისთვის კომუნიკაციის სტანდარტი – მიმოწერა.
სატელეფონო ზარით უფრო მეტ დროს ხარჯავთ. 15 წუთიანი ზარი ორი წინადადების ასახსნელად, მილენიალებს დროის ფუჭად ფლანგვად მიაჩნიათ. არამხოლოდ იმიტომ, რომ ეფექტურობა ნაკლებია, არამედ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, შემდეგ, შესავალს, შემდეგ საკითხის დასმას, განხილვას, ბოლოს დამშვიდობებას და კვლავაც იმაზე შეთანხმებას, რომ “მოდი, მეილზე მოვიწერები ყველაფერს”. ჩნდება კითხვა, თუკი ისედაც მეილზე უნდა მოიწერეთ, ზარი რაში გჭირდებათ?
მეილი საკითხის უკეთ ორგანიზებაში დაგეხმარებათ. იმის ნაცვლად, რომ შეიქმნათ ილუზია, თითქოს საქმეში მონაწილე ყველა ადამიანი თავის გეგმას თავად შეადგენს და თანმიმდევრულად მიყვება, სჯობს, ორგანიზებას დოკუმენტური სახე მისცეთ. თუკი ვინმეს სპეციფიკურ ინსტრუქციას აძლევთ, კითხვების შემთხვევაში ის წაიკითხავს თქვენს ფაილს და არ შეგაწუხებთ დარეკვით.
სატელეფონო ზარები კომუნიკაციას არ აუმჯობესებს. თუკი თვლით, რომ “დარეკვა სჯობს”, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მილენიალების აზრით, ხმოვანი კომუნიკაცია სულაც არ არის აუცილებელი ინფორმაციის ეფექტურად გასაცვლელად. პირიქით, დროს დაგაკარგვინებთ. თუკი უშუალო ურთიერთობა გინდათ, შეხვდით ლანჩზე ან ყავა დალიეთ ერთად. ეს არამხოლოდ პირისპირ ურთიერთობაა, არამედ მოგცემთ დროს, დაინახოთ დამატებითი შესაძლებლობები.
თანამედროვე საკომუნიკაციო სამყაროში, მეილით ურთიერთობა უნდა იყოს ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი. კი, სხვა საკომუნიკაციო საშუალებების საჭიროა და აქვთ დადებითი მხარეები, მაგრამ განა, ბევრს ითხოვენ თქვენგან მილენიალები?! უბრალოდ, ნუ დაურეკავთ!
წყარო: Forbes