სამი მულტიმილიონერი ბიზნესმენი, NASA-ს ყოფილ ასტრონავტთან ერთად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა. ამისთვის ბიზნესმენებმა 55 მილიონი დოლარი გადაიხადეს, მგზავრობისა და „სასტუმროს“ ჩათვლით.
გამოდის, რომ ახლა ISS სტუმრებს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტურისტულ დანიშნულებაზე მასპინძლობს.
თუმცა ისინი ტურისტებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან მულტიმილიონერები კომერციულ სამეცნიერო კვლევასაც ჩაატარებენ, მათ შორისაა თანამგზავრების აწყობის ტექნოლოგია, მომავალი კოსმოსური საცხოვრებლების შესწავლა, ჰაერის გაწმენდისა თუ კიბოს ღეროვანი უჯრედების შესწავლა.
„ისინი კოსმოსში არ არიან იმისთვის, რომ ფანჯარას ცხვირი მიადონ“, — განმარტავს მაიკლ სუფრედინი, Axiom-ის თანადამფუძნებელი.

Axiom მისიას აღწერს, როგორც მის პირველ ნაბიჯს კომერციული კოსმოსური სადგურის მშენებლობისკენ. NASA კი ფიქრობს, რომ ეს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდება, რაც საბოლოოდ ISS-ის დაშლასაც გამოიწვევს. ამას კი წინ უძღვის როსკოსმოსის განცხადება — ისინი საერთასორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ… შესაბამისად, ახლა ოთხ ასტრონავტს წვდომა, რუსული განყოფილების გარდა, მთელ ISS-ზე აქვს.
Ax-1 აშშ-ს კოსმოსური ინფრასტრუქტურის დეველოპერის Axiom Space-ის დაკვეთა იყო. რაც შეეხება ეკიპაჟის წევრებს — ლარი კონორი ოჰაიოდან Connor Group-ს მართავს, მარკ პათი Mavrik Corp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, ხოლო იტან სტიბი, ყოფილი პილოტი და Vital Capital-ის თანადამფუძნებელია. მულტიმილიონერებს თან მაიკლ ლოპეს-ალეგრიაც ახლავს, NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, რომელიც ბიზნესის განვითარების საკითხებში Axiom Space-ის ვიცე პრეზიდენტიცაა.

როგორც ამბობენ, სტიბიმ აფრენამდე თავისი აღელვება პატარა ცეკვითაც კი გამოხატა. საინტერესოა ისიც, რომ ეს SpaceX-ის მიერ განხორციელებული მეექვსე კერძო კოსმოსური ფრენაა, თუმცა პირველი მათ შორის, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდა.
მეტიც, Axiom მომავალ წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ კიდევ ერთ კერძო გაშვებას გეგმავს. თუმცა როგორც ამბობენ, ამჯერად ეკიპაჟის წევრებს სატელევიზიო შოუს დახმარებით შეარჩევენ. 2024 წლისთვის კი კოსმოსურ სადგურზე ოთახებსაც დაამატებენ, რათა იქ უფრო მეტი ადამიანის გაშვება მოახერხონ.
რაც შეეხება მულტიმილიარდელების ფრენას ისინი დედამიწაზე 19 აპრილს დაბრუნდებიან.












