in

„ჩვენ ვცვლით საქართველოს რეალობაში არსებულ ტიპური დამსაქმებლის სტანდარტს“ – MiMa

ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და კომპეტენტური ადამიანური კაპიტალი – ეს ის ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც, დაახლოებით ერთი წლის წინ, ევროპელი ფინანსისტებისთვის საქართველოს ბაზარი, გასართობი ინდუსტრიის მიმართულებით, მიმზიდველი აღმოჩნდა. კომპანია MiMa საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, თუმცა  სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. 

MiMa ონლაინ გასართობი თამაშების გარდა, სხვადასხვა ბიზნესისთვის IT გადაწყვეტილებებს ქმნის. კომპანიამ, ადგილობრივი მასშტაბით, გუნდში 200-ზე მეტი ადამიანი შემოიერთა. გარდა ამისა, Mima-მ პროგრამული ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობაც დაიწყო.

კომპანიის საქმიანობის მიღმა, საინტერესოა MiMa-ს კორპორატიული კულტურა, ვინაიდან აქ თანამშრომელთა ბედნიერებაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. დაფუძნების დღიდან, კომპანიაში იცოდნენ, რომ საქართველოს შრომით ბაზარზე დამკვიდრებული ძველი სტანდარტები უნდა შეეცვალათ და შესაბამისად, პრიორიტეტები სწორედ ამ მიზანს მოარგეს – გუნდის წევრებისთვის კომფორტის შექმნა, მათი პიროვნული თუ პროფესიული ზრდის მხარდაჭერა და თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობა კომპანიის მთავარი მიზანია. 

უფრო დეტალურად MiMa-ს სამუშაო კულტურის შესახებ კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინა ტაბიძე გვესაუბრება:

თინა ტაბიძე

M: თინა, რეკრუტინგზე საუბრით დავიწყოთ… რის მიხედვით არჩევთ პოტენციურ თანამშრომლებს?
ვინაიდან, თავიდანვე ვიცოდით, რომ ადამიანური კაპიტალი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რეკრუტინგის პროცესშიც ბუნებრივად დადგა ის საკითხი, რომ გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, MiMa-ს კორპორატიულ კულტურასთან თანხვედრაში იყოს პოტენციური თანამშრომლის პიროვნული თვისებები, ხედვები, ღირებულებები თუ სხვა მახასიათებლები. 

თავად გასაუბრების პროცესიც საინტერესოა – მაქსიმალურად ვცდილობთ, ინტერვიუ არაფორმალურ გარემოში შედგეს, რომ აპლიკანტმა ნაკლები სტრესი განიცადოს და თავი, რაც შეიძლება ორგანულად წარმოაჩინოს: თავისუფლად ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, სურვილებზე, მოტივაციაზე და ა.შ. 

M: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ ახლებურ მიდგომაზე?
ინფრასტრუქტურით დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული, გვინდა, შევქმნათ გარემო, სადაც თანამშრომელი თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაფასებულად იგრძნობს. ჩვენს გუნდის წევრებს სამუშაო ფორმატის არჩევის შესაძლებლობაც აქვთ – ოფისში იმუშავებენ თუ დისტანციურად. ჯერჯერობით, ყველას ოფისში სიარული ურჩევნია (დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთან კოვიდ-უსაფრთხო გარემოც უზრუნველყოფილია).

როცა ვამბობთ, რომ თანამშრომლებზე მორგებულ კორპორატიულ გარემოს ვქმნით, ვგულისხმობთ იმასაც, რომ მათ სამუშაო პროცესს არ ვაკონტროლებთ. MiMa-ში მთავარია, ხარისხიანი შედეგი მივიღოთ და ამას თანამშრომლებზე ზრუნვითა და მათ მიმართ ნდობით ვაღწევთ.

ბუნებრივია, საქართველოში არსებული ტრადიციული საოფისე კულტურიდან გამომდინარე, მენეჯმენტის გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო თანამშრომლებისთვის ასეთი თავისუფალი გარემოს შეთავაზება. ვეცადეთ, ყველა ის ბარიერი მოგვეხსნა, რომელიც ადამიანს სამუშაო პროცესში ხელს უშლის და ვფიქრობ, ჩვენმა ახლებურმა მიდგომამ გაამართლა, – თინა ტაბიძე. 

თითოეულ თანამშრომელთან ურთიერთობა ინდივიდუალურად მაქვს. ჩემი თვრამეტწლიანი გამოცდილების განმავლობაში, პირველად მომეცა საშუალება, სწორედ ამ სტილით მემუშავა – ყველანაირი ბარიერი დაგვერღვია და ღია კარის პრინციპი მოგვესინჯა. ჩვენთან ყველას აქვს თავისუფლება, გამოთქვას ინიციატივა, გაგვიზიაროს იდეა… არაერთი აქტივობა სწორედ მათი სურვილით დაიგეგმა. ამიტომ, შემიძლია, ვთქვა, რომ თანამშრომელთა 90%-თან ეს მიდგომა ამართლებს.

ვფიქრობ, გასართობი ინდუსტრია ზუსტად ის სფეროა, სადაც „კრეატიული ლიდერშიფი“ ამართლებს. ადამიანს რაც უფრო მეტ კომფორტს უქმნი და თვითგამოხატვის შესაძლებლობას არ უსაზღვრავ, თანამშრომლობის პროცესიც უფრო საინტერესოდ ლაგდება, – თინა ტაბიძე.

M: ბიზნესის ჭრილში, როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა?
თუ თანამშრომელი კმაყოფილი და ბედნიერი არ არის, რთულია, რაიმე ინოვაციური შექმნას. პანდემიამ დამატებითი სტრეს-ფაქტორები მნიშვნელოვნად გაზარდა და ადამიანების ქცევასა თუ განწყობაზე იმოქმედა. ამ ყველაფრის შემსუბუქება კი, მიმდინარე რეალობაში, ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა. მოგეხსენებათ, სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი ნაკლებად პროდუქტიულია. მთავარი მიზანია, გიჟურ იდეებს ვასხამდეთ ფრთებს და მუდმივ პროგრესს განვიცდიდეთ, ამიტომ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ და ვეთანხმებით იმ აზრს, რომ დასაქმებულის თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს მაღალი, შესაბამისად, აქ ჩარჩოების დაწესება უადგილოდ მიგვაჩნია.

M: როგორია თავად გუნდის წევრების უკუკავშირი თქვენ მიერ შექმნილ სამუშაო ატმოსფეროზე?
ადამიანების ნაწილისთვის ჩვენი ამგვარი მიდგომები იმდენად უცხოა, რომ დრო სჭირდებათ იმის დასაჯერებლად, რომ ეს ყველაფერი MiMa-სთვის ორგანულია და მხოლოდ და მხოლოდ, კარგი იმიჯის შესაქმნელი ფასადური „სატყუარა“ არ არის. ვიცით, რომ კომუნიკაცია ჯანსაღი ორგანიზაციული მართვის გასაღებია და ამიტომ, სულ ვუსმენთ ჩვენს გუნდის წევრებს. რასაკვირველია, თითოეული თანამშრომლის კმაყოფილებაზე ზრუნვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, ვინაიდან მათი მოტივირებისთვის ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. თუმცა გამოცდილებამ, მათთან საუბარმა გვაჩვენა, რომ კი, ფინანსური მოტივაცია მუშაობს, მაგრამ მასზე უპირატესი მათი აღიარება, დაფასება და მხარდაჭერაა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ კომპანიის განვითარებაში ღირებული წვლილი შეაქვთ.

დისტანციურმა სამუშაო ფორმატმა თანამშრომლები უფრო ავტონომიურები გახადა და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. 

ნაფიქრი გვაქვს ჩვენს გუნდის წევრებზე, რომლებსაც შვილები ჰყავთ. შეუძლიათ, ისინი ოფისში მოიყვანონ და სპეციალურად მათთვის შექმნილ გასართობ სივრცეში დატოვონ. დაღლილი თანამშრომლებისთვის სარელაქსაციო კუთხე გვაქვს, გარდა ამისა, ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანია არის Pet-Friendly და გუნდის ნებისმიერ წევრს ოფისში შინაური ცხოველის მოყვანა შეუძლია, – თინა ტაბიძე.

M: უშუალოდ, სამუშაო სივრცე როგორ გამოიყურება?
ჩვენი თანამშრომლების ინდივიდუალობიდან გამომდინარე, მრავალფეროვანია ჩვენი სამუშაო სივრცეც. დიდ ყურადღებას ვუთმობთ განტვირთვას – ჩვენს ოფისში შესაძლებელია ბორდგეიმების, Play Station 5-ის თამაში… გასაუბრებებიც სწორედ ამ სივრცეში იმართება, იმისთვის, რომ კანდიდატს მკაფიო წარმოდგენა შეექმნას ჩვენს კორპორატიულ კულტურაზე. ვცდილობთ, სამუშაო თანამშრომელს მოვარგოთ – დღე-ღამის რა პერიოდშია უფრო პროდუქტიული და საქმის კეთება როდის, როგორ გარემოში ურჩევნია. თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენი გუნდის ნაწილი ხდება, საშუალებას ვაძლევთ, თავად აირჩიოს, როგორ მოაწყობს საკუთარ სამუშაო სივრცეს – რა ინვენტარს გამოიყენებს და რით გააფორმებს.

M: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის MiMa გუნდის წევრებისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ  ბაზარზე ჯერ არ გავსულვართ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მოსამზადებელ პროცესშივე დავაწინაურეთ. დიდი გულისყურით ვაკვირდებით ადამიანების შრომას და როდესაც ვხედავთ, რომ თანამშრომელი არის მოტივირებული, აქვს განვითარების დიდი სურვილი, ინიციატივიანია – ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და კარიერული წინსვლის საშუალება მივცეთ. გვინდა, სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ოფისებიდან მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ, ან მათთვის სასურველი სასწავლო კურსი დავუფინანსოთ. აბსოლუტურად, ყველა თანამშრომლისთვის ღიაა კარი ბორდთან ურთიერთობისთვის.

M: ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ ხედავთ MiMa-ს მუშაობის შედეგს?
ის, რომ კომპანიამ 200 ადამიანის შერჩევა და დასაქმება, ყველა დეპარტამენტის მუშაობის გამართვა, გუნდის შეკვრა შეძლო, ძალიან დიდ წარმატებად მიმაჩნია. დღეს, MiMa საკუთარ პროდუქტებს ქმნის – ჩვენ გვინდა, რომ ყველა სახის პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც ვსარგებლობთ, ჩვენ მიერ იყოს შექმნილი. ბუნებრივია, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ბევრ რამეს ვტესტავთ, რაკი ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. ახლა ბაზარზე გასვლის ეტაპზე ვართ, პარალელურად, ახალი თამაშებიც იქმნება და რამდენიმე თვეში ხელმისაწვდომიც გახდება.

M: რას გეგმავს კომპანია უახლოეს მომავალში?
ზოგადად, ორიენტირი მუდმივ განვითარებაზე გვაქვს. ჩამოვაყალიბეთ MiMa-ს IT აკადემია – Next Generation Training, სადაც 100-მდე აპლიკანტიდან 14 სტუდენტი შეირჩა და მათ ჩვენი სენიორ დეველოპერები ასწავლიან. კურსი სამთვიანია და სწორება იმაზე გვაქვს, რომ დამწყები დეველოპერებისგან აკადემიის სტუდენტები კარგ ჯუნიორ დეველოპერებად ვაქციოთ. ის სტუდენტები, რომლებიც კურსს წარმატებით დაასრულებენ, კომპანიისგან შეთავაზებას მიიღებენ და MiMa-ს გუნდის წევრის სტატუსით, გლობალურ ბაზარზე მუშაობის გამოცდილების მიღებასაც შეძლებენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინი მინდორაშვილი (MiMa-ს მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი): 591004104
მისამართი: თბილისი, თ. ჭოველიძის ქუჩა #4, მე-4 სართული
ტელ.: (032) 2 19 79 70

 

[R]

„ბილაინის“ აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ!

TikTok-ის პოპულარობა კვლავ იზრდება – ის ნაწილობრივ YouTube-საც ანაცვლებს