in

როგორ გარდავქმნათ მიმბაძველობა სტრატეგიულ უპირატესობად

მიმბაძველობის პრობლემა ბიზნესისთვის სულ უფრო მწვავე ხდება, დაწყებული არალეგალური ნაწარმით და დამთავრებული ლეგალური პროდუქტებით, რომლებიც მიზანმიმართულად იმეორებს სხვის დიზაინს. ბოლოდროინდელი მონაცემები მოწმობს, რომ ამ მოვლენის მასშტაბი და გავრცელების არხები სწრაფად ფართოვდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო ორგანოებმა 2025 ფისკალურ წელს 78 მილიონზე მეტი ფალსიფიცირებული საქონელი ამოიღეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. მათი სავარაუდო ღირებულება თითქმის 40%-ით გაიზარდა და 7.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ევროკავშირში დაკავებული ყალბი პროდუქციის ღირებულებამ რეკორდულ 3.8 მილიარდ ევროს მიაღწია, მხოლოდ საზღვარზე შეჩერებული ტვირთების მოცულობა კი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა.

პარალელურად, ტექნოლოგიები და სოციალური მედია საგრძნობლად ამცირებს იმ დროსა და ექსპერტიზას, რაც პროდუქტის გაანალიზებას, დიზაინის გამეორებასა და ანალოგების კანონიერად შექმნას სჭირდება. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს მცირე კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს, სპეციალური დიზაინერული თუ ტექნიკური რესურსების გარეშე გაიმეორონ წარმატებული შეთავაზებების ძირითადი ელემენტები. ამას ემატება სოციალურ ქსელებში პოპულარული იაფი ალტერნატივების კულტურა, სადაც მომხმარებლები ცნობილი ბრენდების ხელმისაწვდომ ვერსიებს ეძებენ, ადარებენ და სხვებს ურჩევენ.

როდესაც კომპანიები აღმოაჩენენ, რომ მათი შეთავაზება გაიმეორეს, პირველი რეაქცია ხშირად იურისტების ჩართვაა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პატენტის, სასაქონლო ნიშნის ან საავტორო უფლებების დარღვევას. თუმცა სამართლებრივი დავა ერთადერთი გამოსავალი არ გახდება. ჭკვიან მმართველებს შეუძლიათ, მიმბაძველობა საფრთხიდან სტრატეგიულ შესაძლებლობად აქციონ.

დაპირისპირება საკუთარი წესებით

სპორტული სამოსისა და აქსესუარების მწარმოებელმა გლობალურმა ბრენდმა Lululemon-მა, რომელიც მსოფლიოში ასეულობით მაღაზიას ფლობს და მილიარდობით დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს, 2023 წელს მსგავსი გამოწვევა საკუთარ სასარგებლოდ შემოატრიალა. მისი 98-დოლარიანი გამაშები სოციალურ ქსელებში იაფი ალტერნატივების მთავარი სამიზნე გახდა, სადაც ორიგინალის შემცვლელის პოვნა მყიდველის მოხერხებულობად აღიქმებოდა.

კომპანიას შეეძლო ტენდენციის იგნორირება, თუმცა განსხვავებული გზა აირჩია. ლოს-ანჯელესში ორგანიზებულ სპეციალურ აქციაზე მომხმარებლებს შესთავაზეს, მიეტანათ მიმბაძველი პროდუქტი და სანაცვლოდ ორიგინალი მიეღოთ, რათა ხარისხობრივი სხვაობა თავად ეგრძნოთ. დაახლოებით 1000 მონაწილისთვის გადაცემულმა პროდუქციამ, რომლის ღირებულებაც 98000 დოლარს შეადგენდა, საუბრის ფოკუსი შეცვალა. იაფ შემცვლელებზე მსჯელობა თავად ბრენდის ხარისხის განხილვად გადაიქცა. მონაწილეთა თითქმის ნახევარი კომპანიისთვის ახალი მომხმარებელი აღმოჩნდა. ამ ინიციატივამ ბრენდს 1.7 მილიარდი ორგანული მედიაჩვენება მოუტანა, ცნობადობა 8%-ით გაზარდა და Lululemon დისკუსიის ცენტრში მოაქცია.

როდესაც კონკურენტი ბრენდს იმეორებს, უკან დახევის ნაცვლად პროცესში შესვლაა საჭირო. ის მომხმარებლები, რომლებიც შეგნებულად ირჩევენ ანალოგს, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ დაკმაყოფილდნენ ისინი მიმბაძველი პროდუქტით – დაბალი ფასის, ხელმისაწვდომობის თუ იმ განცდის გამო, რომ ორიგინალის უპირატესობა ფასნამატს არ ამართლებდა. თუ მომხმარებელი ორიგინალის გამოცდის შემდეგ მაინც ალტერნატივას ანიჭებს უპირატესობას, კომპანია საკუთარ დიფერენცირებას აჭარბებს და ღირებულების კომუნიკაცია უნდა შეცვალოს. თუ მომხმარბელი ორიგინალს უბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ უპირატესობა შენარჩუნებულია და ის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

საკუთარი ალტერნატივის შექმნა

მსოფლიოში ცოტაა ისეთი საათი, რომელსაც ისე ხშირად აკოპირებენ, როგორც Omega Speedmaster-ს. ათასობით დოლარის ღირებულების ორიგინალის დიზაინის მქონე იაფი ვერსიები წლებია იყიდება იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ლეგენდარული მოდელის გარეგნობა სურს, თუმცა შესაბამისი ბიუჯეტი არ აქვს.

Swatch Group-მა ამ სეგმენტის დაკავება თავად გადაწყვიტა. 2022 წელს ბრენდების კოლაბორაციით შეიქმნა MoonSwatch – კვარცის მექანიზმის მქონე მოდელები, რომლებიც დაახლოებით 260 დოლარად მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებში გაიყიდა. პროდუქტის გამოჩენამ გლობალური რიგები გამოიწვია. პარალელურად, თავად 7000-დოლარიანი ორიგინალი Speedmaster Professional-ის გაყიდვები 50%-ზე მეტით გაიზარდა. ხელმისაწვდომმა ვერსიამ ძვირადღირებულ ორიგინალზე ყურადღება გაამძაფრა. წარმატებული სტრატეგია მოგვიანებით სხვა ლუქს მოდელზეც განმეორდა.

ეს ნაბიჯი იმიტომ გამოდგა შედეგიანი, რომ კომპანიამ გააკეთა ის, რასაც მიმბაძველები აკეთებდნენ, თუმცა დაამატა ის, რასაც სხვები ვერ შესთავაზებდნენ – ავთნტურობა და ორიგინალთან პირდაპირი კავშირი. თუ ანალოგები იმ აუდიტორიას იზიდავს, ვისაც ორიგინალის შეძენა არ შეუძლია, ეს მოთხოვნა ბიზნესმა შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს. ხელმისაწვდომი ოფიციალური ვერსია მომხმარებელს ბრენდის სამყაროში შემოიყვანს, მოგვიანებით კი, მსყიდველობითი უნარის ზრდასთან ერთად, ის პრემიუმ კატეგორიაზე გადაინაცვლებს.

წყარო: HBR



IKEA-ს ახალ რეკლამაში დაშორების შემდეგ ცხოვრება ნივთების ჩალაგებით იწყება

biletebi.ge-ზე ახალი კატეგორია, პადელი დაემატა