in

ანანო მიმინოშვილი Young Guns 22-ზე გამარჯვებაზე გვიყვება

Young Guns 22 ყოველწლიური კონკურსია, რომელიც აშშ-ის ახალგაზრდა პროფესიონალი კრეატიული საზოგადოება The One Club for Creativity ატარებს. კონკურსი განკუთვნილია 30 წლამდე პროფესიონალებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეკლამა, დიზაინი, ფოტოგრაფია, ილუსტრაცია, ანიმაცია და სხვა შემოქმედებითი მიმართულებები. დაარსებიდან მოყოლებული, Young Guns 22 ეძებს და წარმოაჩენს გამორჩეული უნარ-ჩვევების, ხედვისა და პოტენციალის მქონე ტალანტებს. წელს, კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა ილუსტრატორი ანანო მიმინოშვილი. წელს, კონკურსზე 800 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი 18 ქვეყნიდან, მათგან 78 გავიდა ფინალში, 33-მა კი გაიმარჯვა და მათ შორისაა ანანო მიმინოშვილი. ანანოს ილუსტრაციები არაერთხელ დაბეჭდილა The New York Times-ში, ასევე, მისი ნამუშევრები Adobe-ის რჩეულ ხუთეულში მოხვდა.

მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ჟიურის შემადგენლობაც – 101 შემოქმედებითი პროფესიონალი 45 ქვეყნიდან. მათ შორის, არაერთი გახლდათ Young Guns 22 გამარჯვებული. მიღებული ჯილდოს გარდა, ხმის მიცემის საშუალებით, საზოგადოების რჩეული ნამუშევარიც გამოვლინდება. ანანოს მხარდასაჭერად ხმის მიცემა ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ.

Young Guns 22-ის გამარჯვებულები კი ჟიურიმ პორტფოლიოს საფუძველზე შეაფასა. როგორც ანანო გვიყვება, მისთვის Young Guns 22-ში გამარჯვება დიდი ხნის სურვილი იყო…

„17 წლის ვიყავი, როდესაც Young Guns 22-ის შესახებ გავიგე და გამიჩნდა სურვილი მეც აღმოვჩენილიყავი გამარჯვებულებს შორის. Young Guns 22 და სხვა საოცარი კრეატორები Behance-სა და ჯესიკა უოლშის საშუალებით აღმოვაჩინე. 17 წლიდან ვიცოდი, რომ სამყაროს ნაწილად მსურდა ყოფნა და მას შემდეგ, ამ დრომდე ეს იყო ჩემი პროფესიული ოცნება – მომეგო Young Guns 22. სწორედ ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს ჯილდო.

The One Club for Creativity არტ-დირექტორთა კლუბია აშშ-ში. კონკურსის მასშტაბი საკმაოდ დიდია. პროფესიონალი ჟიური, სხვადასხვა ქვეყნიდან ჯერ ასეულობით ნამუშევარს შორის არჩევს ფინალისტებს, შემდეგ კი, დაახლოებით, 30 გამარჯვებულს“.

Chaos69 x Chanel

M: ეს არ არის შენთვის პირველი საკონკურსო წელი. როგორ შეარჩიე ნამუშევრები წლევანდელი Young Guns 22-თვის?

შევარჩიე დაახლოებით 10 რჩეული პროექტი, რომლებითაც ვამაყობ. შემდეგ, დავიწყე მათი კომბინაციების შექმნა, რათა ექვსი დამეტოვებინა. წელს, მეტ მრავალფეროვნებას მივანიჭე უპირატესობა.

ეს ჩემთვის Young Guns 22-ში მონაწილეობის მეხუთე ცდა იყო, თან გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეობა 30 წლამდე არის შესაძლებელი მხოლოდ ერთი ცდა მქონდა დარჩენილი.

The New York Times Book Review

M: რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება და კიდევ, როგორია ანანო მიმინოშვილის პროფესიული ოცნებები?

თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც გამარჯვების შესახებ გავიგე, შოკში ვიყავი. მახსოვს, სრულიად მარტო როგორ ვიჯექი როტერდამის სასტუმროს ლობიში, ფესტივალიდან დაბრუნებული. ის მომენტი იყო, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვწერდი, როცა შეტყობინება გამოჩნდა ეკრანზე.

ეს განცდა ბევრისთვის ნაცნობი იქნება – იმის გამო, რომ საქართველოდან ვარ, ყოველთვის მეტი შრომა მიწევდა გლობალურ ინდუსტრიაში წარმოსაჩენად. მგონი, პირველი ქართველი კრეატორი ვარ, ვინც Young Guns 22-ზე გაიმარჯვა. იმედი მაქვს, მომავალ წლებში მეტ ქართველებს ვნახავ ამ სიაში.

Young Guns 22-ის ოცნება ასრულდა. ამას გარდა, თინეიჯერობიდან მოყოლებული, ძალიან მინდა ვითანამშრომლო Nike-თან, ნებისმიერი მიმართულებით, ასევე, შევქმნა ყდის ვიზუალი The New Yorker-თვის.

The Heat Will Kill You First

Bonnaroo 2024 Poster

10 Year PRoject

Oroma packaging illustrations


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„მეტროპოლი“ ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა

ცოტა რამ F1-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ