in

გონებრივი სიფხიზლის ვარჯიში სამსახურში – გვვნებს, თუ გვჭირდება?

ნებისმიერი ჩარევა თანამშრომლების სპეციფიკურ საჭიროებებსა და სამუშაო მოთხოვნებთან თანხვედრაში უნდა იყოს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ე.წ. Mindfulness – გონებრივი სიფხიზლე – მდგომარეობა, რომელიც აწმყო მომენტის გაცნობიერებასა და მის მშვიდად მიღებას გულისხმობს, ძალიან აქტუალური გახდა. ხშირად ჩვენი ფიზიკური და ემოციური სტაბილურობისთვის მედიტაციას, სუნთქვის ვარჯიშებსა თუ სხვა ტექნიკებსაც ვიყენებთ და არათუ ჩვენ, ორგანიზაციებიც კი, მზად არიან ხოლმე, თავიანთ თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით, რესურსი მათი ამ მიმართულებით დატრენინგებაზეც გაიღონ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ტრენინგებზე დასწრებასა და მათ გააზრებას ჩვენი ყურადღების კონცენტრირების, აზროვნების, განცდებისა და ქმედებების გაუმჯობესება შეუძლია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობას, დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას მოემსახურება.

თუმცა აქ ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია: ნებისმიერი ასეთი ჩარევა თანამშრომლების სპეციფიკურ საჭიროებებსა და სამუშაო მოთხოვნებთან თანხვედრაში უნდა იყოს, უკუშედეგი რომ არ მიიღოთ.

მრავალი სამსახურებრივი როლი განსაკუთრებით სტრესულია და „განსაკუთრებულს“ როცა ვამბობთ, აქ ვგულისხმობთ თანამშრომლებს, რომელთა სამუშაოებიც, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული მომენტისთვის არაავთენტური ემოციების გამომჟღავნებას მოითხოვს ხოლმე. მათ „ზედაპირულ შემსრულებლებადაც“ მოიხსენიებენ, ვინაიდან ყველანაირ სიტუაციაში მათი სამუშაო ეთიკა ღიმილს, მშვიდად საუბარს, სხვების მხარდაჭერას… მოითხოვს.

იმისთვის, რომ თქვენი ძალისხმევა სასარგებლო აღმოჩნდეს, ორგანიზაციებმა შემდეგი რჩევები სჯობს, გაითვალისწინოთ:

1. მიზნობრიობა.
„გონებრივი სიფხიზლის“ ტრენინგები სასარგებლოა, თუმცა საფრთხილოა მათი ნებისმიერ აუდიტორიაზე გამოყენება. მაგალითად, „ზედაპირული შემსრულებლებისთვის“, როგორებიც არიან ოფიციანტები, კონსულტანტები და ა.შ. ვინაიდან, იმის გაცნობიერებამ, რომ რაღაცის გაკეთება არ გინდა, თუმცა იძულებული ხარ, ეს საქმე რუტინულად შეასრულო, შესაძლოა, სამუშაოთი უკმაყოფილება უფრო გაზარდოს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციებმა ყურადღებით უნდა განიხილონ, როგორ მუშაობს სხვადასხვა სახის პროგრამები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის.

2. დრო
ბევრმა ორგანიზაციამ მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლებისთვის გონებრივი სიფხიზლის შესვენების შეთავაზება დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაქტიკა ამართლებს ხოლმე, ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი შესვენების შეთავაზება სამუშაოს დასრულების შემდეგ უფრო ეფექტიანია ხოლმე.

3. ყურადღების გაფანტვა
ტექნიკა, რომელიც გონებას უსიამოვნო ემოციებისგან განზრახ აშორებს. ამ სახის ტექნიკას ხშირად კლინიცისტები გვთავაზობენ, რომ ადამიანებს უამრავ უსიამოვნო გამოცდილებასთან – შფოთსა და პანიკის შეტევებთან გამკლავებაში დაეხმარონ. ეს ტექნიკა რეკომენდებული არაა, როგორც საფუძვლიანი გამოსავალი, მას ყოველთვის თან უნდა ახლდეს გრძელვადიანი მიდგომა სტრესის ძირითადი მიზეზების აღმოსაჩენად და შემდეგ გადასაჭრელად. თუმცა ეს შეიძლება იყოს ეფექტური დროებითი გზა ინდივიდუალურ და მტკივნეულ განცდასთან დისტანცირებისთვის. სამუშაო გარემოში შეიძლება, დამხმარე იყოს ასაწყობი, ანტისტრეს სათამაშოები, მარტივი თავსატეხები.

4. ემპათია
„ზედაპირული შემსრულებლობა“ მართლაც უსიამოვნოა, თუმცა გამოსავალი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, ექთნები, რომლებსაც ერთი შეხედვით, არცისე სასიამოვნო სამუშაო აქვთ დაკისრებული, შეიძლება ფოკუსირდნენ თავიანთი პაციენტების გამოცდილებაზე და წარმოიდგინონ ის ტკივილი და შიში, რომლებსაც ეს ადამიანები განიცდიან. ღიმილის ნაცვლად, ამ მიდგომას შეუძლია ასეთ როლზე მყოფ თანამშრომლებს დაეხმაროს, ჭეშმარიტად შეიგრძნონ სხვა ადამიანების ემოციები და შესაბამისად, არა დავალებული ღიმილი, არამედ ნამდვილი თანაგრძნობა გამოუცხადონ.

თუ სამსახურში მუდმივად უკმაყოფილებასა და სტრესს განიცდით, შეიძლება, ალტერნატიული კარიერული გზის განხილვის დროა. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლია, თქვენს ძლიერ უარყოფით ემოციებზე ზედმეტმა ინფორმირებამ მუშაობა კიდევ უფრო გაართულოს. ეს  კომპლექსური თემაა და ინდივიდუალურ, კონკრეტული ორგანიზაციის, კონკრეტულ დეპარტამენტამდე ჩაღრმავებას მოითხოვს. თუმცა ცხადი ისაა, რომ: ორგანიზაციებმა სწორად უნდა დაგეგმონ და ისე ჩართონ თანამშრომლები სხვადასხვა პროგრამაში, რომ ამ ყველაფერმა, საბოლოოდ, სტრესი შეამციროს და უსაფრთხო, პროდუქტიული გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

წყარო: HBR



Starlink-ის სერვისს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ინტერნეტ კავშირის მქონე ქვეყანა მიიღებს

მონაცემთა დიზაინერი – ირაკლი ჭუმბურიძის პროფესიის მთელი ხიბლი