9
Dec
2019

MINDSET – როგორი შეიძლება იყოს მომავლის მარკეტინგის დეპარტამენტი?! 

9 Dec 2019

ბიზნესებისთვის ოპტიმიზაცია რომ ჰაერივით აუცილებელია ყველამ ვიცით. ასევე ჯიუტი ფაქტია ისიც, რომ გამართული მარკეტინგის გარეშე უფრო და უფრო ჭირს წარმატების გზაზე გასვლა. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმასაც, რომ კარგი პროფესიონალების დაქირავება თან ძვირია, თან ფრილანსერობისკენ მიდიან ეტაპობრივად, რთულ სურათს ვიღებთ. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

 

„ბევრი წლის განმავლობაში ვემუშავებოდით ბიზნესებს სხვადასხვა პროექტებზე და მათი პრობლემები კარგად გვესმის. გული შეგტკივა, პროექტის ფარგლებში კი ცდილობ, რომ მაქსიმუმი გაუკეთო, მაგრამ სულ გვქონდა შეგრძნება, რომ რაღაც სისტემურის მოფიქრება შეიძლებოდა“ – გვიყვება ნინო კვაჭანტირაძე, MINDSET-ის  დამფუძნებელი.

დგება, თითქოს, გადაუჭრელი პრობლემა – როგორ მივიღოთ სერვისი იაფად და ხარისხიანად?

და აქ გადამრჩენლად ჩნდება ერთ სიტყვაში ჩატეული კონცეფცია „გაზიარება“. თუ იარსებებს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მარკეტინგის დეპარტამენტი, რომლის გაზიარებაც შეეძლება რამდენიმე კომპანიას, ხარჯებიც ნაკლები იქნება და კადრების ხარისხსაც არ დავთმობთ.

„მარტივი სქემა მუშაობს – გყავთ თქვენი მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც არ ზის თქვენ ოფისში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოდის ფიზიკურად. ამ მარკეტინგის მენეჯერს ზურგს უმაგრებს გამოცდილი კონსულტანტების გუნდი. სტრატეგიის შექმნა იქნება, ბრენდის პოზიციონირება, კომუნიკაციის ტაქტიკა თუ მედია განთავსებები, ყველა მიმართულებით ექსპერტები არიან დაგეგმვის პროცესში ჩართულები. აღსრულების ნაწილს კი აკეთებს თქვენი მარკეტინგის მენეჯერი, ათანხმებს თქვენთან თითოეულ დეტალს, აკონტროლებს შესრულებას და ა.შ.“ – ამბობს MINDSET-ის დამფუძნებელი დათო ჯაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება პრობლემად გადაქცეულიყო არის აღსრულება – თუ დეპარტამენტში შიგნითვე იარსებებდა დიზაინერების, სოც.მედია მენეჯერების და სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალების შემქმნელი თანამშრომლები, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ბაზარზე არსებული საუკეთესო ფასის და შემსრულებლების უზრუნველყოფის საკითხი.

ამიტომაც, MINDSET-მა განსხვავებული და მოქნილი სქემა შეიმუშავა – არავითარი შეზღუდვები. აღსრულების ეტაპზე თქვენი მარკეტინგის მენეჯერი მოიძიებს საუკეთესო შეთავაზებებს ბაზარზე, დაეკონტაქტება თითოეულ სარეკლამოს და ფრილანსერს, თქვენთან (ანუ ბიზნესის წარმომადგენელთან) ერთად განიხილავს და შეარჩევს მისაღებ ვერსიას.

ნინო კვაჭანტირაძე (MINDSET-ის დამფუძნებელი): „ჩვენ გრძელვადიან ურთიერთობებზე ვართ ორიენტირებული. ბევრი საშუალო ბიზნესია დღეს, ვისაც არ აქვს საშუალება ხარისხიანი მარკეტინგის დეპარტამენტი ქონდეს, ან შეიძლება მაქსიმუმ ერთი კადრის აყვანა შეძლოს და ამ კადრის მოძიებაც პრობლემაა ხოლმე. ამიტომ, ვეუბნებით, რომ შეუძლიათ მოვიდნენ MINDSET-ში, გადაიხადონ ერთი „ხელფასი“ და ქონდეთ ალტერნატიული ფორმის მარკეტინგის დეპარტამენტი.

სატესტო რეჟიმში ვემუშავებით რამდენიმე კომპანიას უკვე 6 თვეა, ბევრი ნიუანსი დავხვეწეთ, მეტი მოქნილობა შევიტანეთ პროცესებში იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ კომპანიას და ინდუსტრიას თავის სპეციფიკა აქვს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სქემა გამართულად მუშაობს“.

მარკეტინგი ისეთი სფეროა, სადაც დეტალებში ჩაღრმავება და ინდივიდუალური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეტაპობრივად იწყება თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება და სერვისების ტრანსფორმაციაც, ამიტომ ზოგადი წარმოდგენის შექმნა რომ გაუადვილდეთ კომპანიებს, კონსალტინგის დემო ვერსია „ონლაინაც“ შეიძლება გაკეთდეს და MINDSET-ის ვებგვერდზე ბრიფის შევსებით არის შესაძლებლი.

[R]

განხილვა