Mindshare-მა საზომი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც, თუ მათ დავუჯერებთ, ბრენდებს Facebook-სა და Instagram-ზე კრეატივის გავლენის შეფასებაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, თუ სად არის რეკლამა განთავსებული.
მას Impact Zoom-ს ეძახიან და იგი მანქანურ სწავლებას ისეთი ფაქტორების გასაანალიზებლად იყენებს, როგორებიცაა რეკლამის ობიექტი, სამიზნე სეგმენტი, განთავსების ტიპი და პოზიცია, კრეატიული ფორმატი და ხარისხის რეიტინგი რეკლამის გახსენების პოტენციალის პროგნოზირებისა თუ ნებისმიერი კამპანიის კრეატიულობის ხარისხის შესაფასებლად.
ამის შემდეგ კი Impact Zoom მედიისა და კრეატიულობის გავლენას აცალკევებს, ადგენს, ანალოგიური კონტექსტის რეკლამებთან შედარებით, რა განაპირობებს კონკრეტული რეკლამის ეფექტურობას. ხოლო Mindshare-ის თქმით, კრეატიული ტესტირება ჩვეულებრივ მედია განთავსების კონტექსტის გარეშე ტარდება, რაც რეკლამის განმთავსებლებს არ აძლევს საშუალებას, გაიგონ, როგორ მოქმედებს განსხვავებული კრეატივი ბიზნეს შედეგებზე.
„Impact Zoom მომხმარებლებს კრეატივსა და მედიას შორის დამატებითი სინერგიისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და იმ დონეების დადგენაში ეხმარება, რომლებიც სამომავლოდ რეკლამების გაუმჯობესებულ შედეგებს უზრუნველყოფს. ეს Mindshare-ისა და Meta-ს თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია, მათ მიერ მოწოდებული გაუმჯობესებული შედეგები კი ბიზნესებს გაზრდასა და Facebook-სა და Instagram-ზე ინვესტიციების მაქსიმალურად ათვისებაში დაეხმარება“, — ამბობს შეინ მაკენდრიუ, Mindshare-ის გლობალურ მონაცემთა სტრატეგიისა და ანალიტიკის ოფიცერი.
Impact Zoom Mindshare-ის შემუშავებულ საკუთრების ალგორითმებს იყენებს და Meta-ს გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, რომლებიც, თავის მხრივ, მანქანათმცოდნეობის სიგნალებისა და ხარისხობრივი მეთოდების კომბინაციას იყენებს.
პროდუქტის შემუშავებისას კი კომპანიები Facebook-ის მეტა-ანალიზზე, რომელიც 800-ზე მეტი ბრენდისა და კონვერსიის კვლევას მოიცავდა, სამი თვის მანძილზე მუშაობდნენ. მათი მიზანი წარმატების ძირითადი ფაქტორებისა და იმ პრაქტიკის აღმოჩენა იყო, რომელიც ბრენდის განვითარებას უწყობდა ხელს.
საინტერესოა ისიც, რომ Impact Zoom Mindshare-ის Precisely Human Intelligence-ს მიჰყვება — ეს მანქანათმცოდნეობის ინსტრუმენტების ნაკრებია, რომელიც მიზნად რეკლამის განმთავსებლების დახმარებას ისახავს, რათა სამიზნე აუდიტორიის „მოტივაციები, აზროვნება და ემოციები“ უკეთ გაიგონ.