რას იტყვით, Minecraft-ის პიქსელური სამყარო რომ თქვენს აბაზანაში აღმოჩნდეს? Lush-თან თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს, აბაზანის პროდუქტების კოლექცია ჩაუშვეს, რომელიც ძალიან სახალისოცაა და საკმაოდ სურნელოვანიც. ამ კოლაბორაციით Minecraft 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და განტვირთვას გთავაზობთ უკვე არამარტო ვირტუალურ, არამედ რეალურ სამყაროშიც.
Minecraft X Lush 12 ხელნაკეთ პროდუქტს აერთიანებს საკულტო ბლოკებითა და ხელსაწყოებით. თითოეული ხელით შექმნილია და, რაღა თქმა უნდა, Minecraft-ით შთაგონებული.
მათ შორის კი განსაკუთრებულია:
- TNT Bath Bomb — ჟასმინის სუნი აქვს და ვირტუალური ცხოვრებისგან განტვირთვას გპირდებათ.
- Lava Block Bath Bomb — ჟელეს მსგავსი აბაზანის ბომბია, ლიმონისა და ბერგამოტის სუნით.
- Intergalactic Block Bath Bomb — ჩათვალეთ, რომ კოსმოსური კუბია, გრეიფრუტისა და პიტნის შერწყმა, რომელიც გრძელი დღის შემდეგ, საუკეთესო განტვირთვას გპირდებათ.
- Axolotl Bath Bomb — წყალქვეშა სამყაროს მაგიის აღმოჩენაზე თუ გიფიქრიათ? ამისთვის მშვენიერი კომპანიონი იქნება, ტკბილი ვანილისა და ნუშის ზეთის ნაზავია…
- Bucket of Milk Shower Jelly — კრემოვან გამოცდილებას გპირდებათ, პაჩულისა და ფორთოხლის ზეთებით სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
- Enderman Shower Bomb — თქვენს შეგრძნებებს რელაქსაციისკენ გადართავს, ლავანდითა და გვირილით კი მშვიდ ატმოსფეროს შეგიქმნით.
- Totem of Undying Soap — ამბობენ, ფორთოხლისა და ბერგამოტის ზეთების შერწყმა ისე აცოცხლებს თქვენს კანს, როგორც თამაშში არსებული ტოტემიო…
- Creeper Shower Bomb — აი, ეს უკვე „ლემონგრასის“ არომატებითაა სავსე და იდეალურ განტვირთვას გპირდებათ.
თუმცა, როგორც ვიგებთ, აღნიშნული თანამშრომლობა აბაზანას სცდება და თამაშში ინაცვლებს Lush Bath Bombs-ის დანამატით Minecraft: Bedrock Edition-ში.
ოთხი უნიკალური აბაზანის ბომბის შექმნასაც შეძლებთ, მათ შორისაა Intergalactic, Big Blue, Twilight და Lakes — თითოეული საოცარ ვიზუალურ ეფექტს შემოგთავაზებთ. მათ შესაქმნელად კი კონკრეტული ინგრედიენტების შეგროვება და თამაშში არსებულ გამყიდველთან მისვლაც დაგჭირდებათ.
„მომწონს, როგორც ჰგავს ჩვენ მიერ შექმნილი ბლოკები თამაშში არსებულს, საკმაოდ ვისიამოვნეთ ჩვენი საკულტო სუნამოების თითოეულ მასალასთან შერწყმით. სკივრიც კი გვაქვს, რომელშიც თქვენი აბაზანის ბომბების ჩალაგებას შეძლებთ“, — აცხადებს მელოდი მორტონი, Lush Concepts-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ამგვარად, Minecraft X Lush იმერსიულ გამოცდილებას გპირდებათ, რომელიც ციფრული და ფიზიკური რეალობების შერწყმას გვთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის კი Minecraft-ის ვებგვერდს შეგიძლიათ, ესტუმროთ.