“მინერვა- ხელნაკეთი ნივთები” ორი მეგობრის – თამარ ვახანიასა და თამარ კანდელაკის მიერ 2018 წელს შექმნილი ბრენდია, რომელიც მრავალფეროვან, სადა და დახვეწილ ხელნაკეთ პროდუქციას აერთიანებს, იქნება ეს დეკორაციული ნივთები, ავეჯი თუ ჭურჭელი.
ჩვენ სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობთ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მსოფლმხედველობა და საკითხებისადმი მიდგომა ემთხვევა, ამიტომაც, ჩვენი ნამუშევრები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ხაზი მაინც დაცულია.
M: საიდან და როდის გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?
ლოჯისტიკის განყოფილებაში მუშაობისას, ყოველდღიური რუტინული სამუშაო იმდენად მოსაწყენი გახდა, რომ დადგა საჭიროება, მიმეგნო ისეთი დამატებითი საქმიანობისთვის, რომელიც მომანიჭებდა სიამოვნებას და ჩემთვის ერთგვარი განმუხტვის საშუალება იქნებოდა. თავიდან ვცადე მაკრამე, შემდეგ თოჯინების გაკეთება, ბისერებით ქარგვა… მაგრამ არც ერთი იყო ის, რაც ბოლომდე შემივსებდა სიცარიელეს. თამარის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო. ის ინტერიერის დიზაინერია და ყოველთვის უნდოდა ეცადა, გაეკეთებინა ავეჯი,სახლის დეკორები, აქსესუარები… შემთხვევით გავიგეთ, რომ White Studio-ს ჰქონდა კერამიკის შემსწავლელი კურსები მოყვარულებისთვის და გადავწყვიტეთ, გვეცადა. ვცადეთ და კერამიკა გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი… თავიდან ეს იყო ჰობი, რომელიც მალე გადაიქცა საერთო საქმიანობად. კერამიკა ჩვენთვის რეალიზაციის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
M: შედარებით კონკრეტულად გვესაუბრეთ რა პროდუქციას ქმნით და რა მასალას/ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჭურჭელს (თეფში, ჭიქა, ყველის დაფა, დოქი, ლანგარი, სახილე ვაზა, ჯამი), ავეჯს, კედლის დეკორებს, სანათებს, საათებს და სხვა აქსესუარებს (მაგ. ხელსაწმენდის ბეჭედი). ჩვენი ძირითადი მასალა თიხაა, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის გვაქვს კომბინირებული ნივთები: თიხა + ხე, რკინა, ტექსტილი, ბისერები, მაკრამე…
M: როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?
ყოველი ნივთი ექსკლუზიურია, ანალოგურს არ ვაკეთებთ, მომხმარებელს ჩვენთან შეუძლია, საკუთარი დიზაინით დაამზადოს ნებისმიერი ნივთი…
M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა?
ახალი წლიდან მომხმარებელს შევთავაზებთ ავეჯს და კედლის დეკორებს, გვექნება საბავშვო ხაზიც. ჩვენი გეგმების მეორე ეტაპი იქნება მაღაზიის გახსნა და რეალიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ.
M: რაიმე პროექტსა ან კამპანიაში თუ ყოფილხართ ჩართული, ამაზეც გვესაუბრეთ..
იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც 1 თვეა ვფუნქციონირებთ, ჯერჯერობით პროექტებსა და კამპანიებში ჩართვა ვერ მოვახერხეთ. მთელი ჩვენი რესურსი მიმართულია წარმოებისკენ.
M: კონკრეტულად როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შესყიდვა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. გარკვეული ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისიც.
M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის “Minerva Handmade-ის“ პროდუქცია?
მინერვა – ხელნაკეთი ნივთების პროდუქცია არის ყველასთვის, ვინც ეძებს გემოვნებიან, ხარისხიან, განსხვავებულ ნივთებს, გაკეთებულს სიყვარულით და ფიქრის შედეგად.