in

ჯეიმს ვების ტელესკოპი იდუმალი მინი-ნეპტუნის დეტალებს გვიზიარებს

მართალია, ჩვენს მზის სისტემაში ე. წ. მინი-ნეპტუნები არ გვხვდება, მაგრამ ისინი საკმაოდ მრავლადაა სამყაროში. Nasa-ს თქმით, ყველაზე გავრცელებული ეგზოპლანეტის ტიპიც კია… ისიც მართალია, რომ მეცნიერთა დღის წესრიგში უამრავი ეგზოპლანეტის შესწავლა დგას, მაგრამ მათ უწევთ, სამიზნეები გონივრულად შეარჩიონ და ასე მივიდნენ GJ 1214 b-მდე (Gliese 1214 b.) — მინი-ნეპტუნამდე, რომლის დეტალებსაც ახლა ჯეიმს ვების ტელესკოპი გვიზიარებს. 

M2
M2

ეს წითელი ჯუჯა ვარსკვლავია Ophiuchus-ის თანავარსკვლავედში და ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლით შორს მდებარეობს. იგი 2009 წელს MEarth Project-ის ფარგლებში აღმოაჩინეს. შემდგომ კი ჰაბლის დაკვირვებებზე დაფუძნებით განაცხადეს, რომ ეს წყლის სამყარო იყო, სქელი და ორთქლიანი ატმოსფეროთი. GJ 1214 b დედამიწაზე 8-ჯერ მასიურია და დედამიწის რადიუსის დაახლოებით 2.75-ს უდრის.

საინტერესოა ისიც, რომ ეს აღმოჩენილთაგან პირველი მინი-ნეპტუნი იყო, რომელსაც ატმოსფერო ჰქონდა და მეორე მათ შორის, რომლის მასა და რადიუსი განსაზღვრეს. სხვა დეტალები კი პლანეტის სქელ ღრუბლებში იფარებოდა, რის გამოც, ლოგიკურია, ასტრონომებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენება სურდათ — მას JWST-ის MIRI ინსტრუმენტით დააკვირდნენ, როგორ ბრუნავდა პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო. ასე პლანეტის ტემპერატურის რუკაც შექმნეს, რომელიც დღისა და ღამის მხარეებს აჩვენებდა და ატმოსფეროზე უფრო მეტ დეტალს ამჟღავნებდა. 

სრულ ორბიტაზე დაკვირვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რათა გაგვეგო, როგორ ანაწილებს პლანეტა სითბოს დღიდან ღამის მხარის მიმართულებით. ძალიან დიდი კონტრასტია ამ ორს შორის, ღამის მხარე უფრო ცივია, ვიდრე დღის, — განმარტავს ელაიზა კემპტონი, მკვლევარი.

კონკრეტულად კი, ტემპერატურა 279-165 გრადუსს შორის მერყეობდა, რაც, თავის მხრივ, მძიმე მოლეკულების არსებობაზე მიგვითითებს — იქნება ეს H2O თუ CH4. ხოლო თუ მის ატმოსფეროში წყალბადი დომინირებს, ეს უკვე სხვა ტიპის ფორმირებასა და ევოლუციაზე მიუთითებს მკვლევრებს. მათივე თქმით, მისი შემადგენლობა არ არის მასპინძელი ვარსკვლავის მსგავსი. თუ მას წყალბადით მდიდარი ატმოსფერო ჰქონდა, შესაძლოა, დაეკარგა ან უფრო მძიმე ელემენტებისგან ჩამოყალიბდა, მეტად ყინულოვანი და წყლით მდიდარი მასალებისგან.

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერები მინი-ნეპტუნებს დაკარგული რგოლების პლანეტებად თვლიან, რომლებიც ნეპტუნის უფრო პატარა სიმკვრივის ვერსიებად ჩამოყალიბდა, წყალბადისა და ჰელიუმის უზარმაზარი რაოდენობა დაკარგა და ამჟამინდელ ზომამდე მივიდა — თუმცა მოხდა თუ არა ასე GJ 1214b-ის შემთხვევაშიც?

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ერთადერთი რამ, რაც ამ პლანეტაზე დანამდვილებით ვიცოდით, ის იყო, რომ მას ღრუბლებით სავსე ატმოსფერო ჰქონდა. ეს ნაშრომი კი დამატებით დეტალებს გვაწვდის, რათა დეტალურად დავაკვირდეთ ფიზიკას პლანეტის ატმოსფეროში, — აცხადებს რობ ზელემი, ეგზოპლანეტების მკვლევარი. 

როგორც ხდება ხოლმე, როცა საქმე ეგზოპლანეტებს ეხება, პირველმა დაკვირვებამ რაღაცების დასკვნის საშუალება შეიძლება მოგვცეს, მაგრამ მხოლოდ ერთი მონაცემით ნებისმიერი დასკვნა წინასწარია. კარგი კი ის არის, რომ სამყაროში უამრავი მინი-ნეპტუნია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კი მისიის სულ პირველ ფაზაზეა. ამიტომ, ახლა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთლიან პოპულაციაზე დაკვირვებით მალე ჩვენთვის თანმიმდევრული ამბის მოყოლას შეძლებენ…

„სტარკომში“ მოსვლა კომპანიის მსოფლიო მასშტაბის რეპუტაციამ გადამაწყვეტინა – სალომე ბერძენიშვილი

Robocall — მიწვდი მილიონობით მომხმარებელს უმოკლეს დროში