1
Mar
2019

„მინი“ – ხის, ტყავისა და თექის აქსესუარები

1 Mar 2019

Startauperi
Startauperi


„მინი“ ტყავის, ხისა და თექის აქსესუარების სტარტაპია. ნინო ნინოშვილმა, მეუღლესთან ერთად, დაახლოებით, 2 წლის წინ შექმნა და დღეს, როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ პოპულარულია – ბევრი ადამიანი ხვდება ქუჩაში „მინის“ ჩანთით, საყურით, ყელსაბამით. აქ ყველა ნივთი ხელით მზადდება და იხატება.

 

ნინო ნინოშვილი: ბავშვობიდან ვხატავდი, ვკერავდი, დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, ჩემი ნიჭი და ცოდნა, რაღაცნაირად, გამომეყენებინა, რადგან, ერთი პერიოდი, ამ სფეროს სულ ჩამოვშორდი – 8 წელია საბანკო სექტორში ვმუშაობ. ჩემი მეუღლე ფოტოგრაფია და ბოლოს, გადავწყვიტეთ, სტარტაპი დაგვეწყო. ასე გაჩნდა „მინი“, დაახლოებით, 2 წლის წინ. თავიდან მხოლოდ სამკაულებს ვაკეთებდით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ მეუღლეს ხეზე მუშაობა ძალიან კარგად გამოსდიოდა. გადაწყვიტეთ, შეგვექმნა ხის ჩანთები და ზედ ჩემი ნახატები გადაგვეტანა. ასე ავიხდინე ბავშვობის ოცნება, გავმხდარიყავი დიზაინერი.

„მინის“ დამფუძნებლები

M: ვისთვის არის „მინი“ და სად შეიძლება მისი შეძენა?  

ნ.ნ. :  კონკრეტული სამიზნე ჯგუფი არ გვყავს. მაგალითად, ჩანთა დაგვიმზადებია პატარა ბავშვისთვისაც. რა თქმა უნდა, მისი ასაკის შესაფერისი ზომა. ვცდილობთ, ფერის, ფორმისა და ნახატის მიხედვით, ყველა ასაკის მომხმარებელს მოვარგოთ ჩვენი აქსესუარები. რაც შეეხება ფასს, შეგვიძლია, მსურველებს  სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზოთ. მაგალითად, ჩანთების ფასი 37 ლარიდან იწყება და 120 ლარამდეა. „მინი“ იყიდება მხოლოდ ინტერნეტით. ჩემი მეუღლე იღებს ფოტოებს და ჩვენვე ვათავსებთ Facebook გვერდზე, თავად ვამუშავებთ ყველაფერს. ადრე გვქონდა რამდენიმე მაღაზიაში, თუმცა, ახლა მხოლოდ „ონლაინ“ ვყიდით.

ორიგინალი ნახატის ავტორი: ნინო ჩაკვეტაძე

M: რატომ?  

ნ. ნ. :  ჩვენ, აქსესუარებს ხარისხთან შესაბამის ფასში ვიყიდით. ფასნამატის გამო კი ძალიან ძვირდებოდა პროდუქტი. ვთქვათ, ჩვენთან რომ 65 ლარი ღირდა, მაღაზიაში, შესაძლოა, 2-ჯერ ძვირიც ყოფილიყო და ძალიან ცოტა ადამიანს ეყიდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მხოლოდ ინტერნეტით გაგვეყიდა. ამ ეტაპზე, გვირჩევნია, ნაკლები გაიყიდოს და აბსოლუტურად ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს.

M: დღეს საკმაოდ ბევრია „მინის“ მსგავსი სტარტაპი. მოთხოვნა არის თქვენი აქსესუარების მიმართ?

ნ.ნ. :  მოთხოვნა ნამდვილად არის. საკმაოდ ბევრი ადამიან გვიკვეთავს აქსესუარებს. და არა მხოლოდ საქართველოში, ორი დღის წინაც გავაგზავნეთ შეკვეთა საზღვარგარეთ.

M: ასეთი კონკურენციის პირობებში, „მინი“ რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა?

ნ.ნ. :  ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ყველა ჩანთა ხელით არის მოხატული, პრინტს საერთოდ არ ვიყენებთ. ვხატავთ იმას, რაც მომხმარებელს უნდა. ვქმნით ჩანთებს მათთვის სასურველი სტილით, ფერით, ნახატით და  დიზაინით. ასევე, ნებისმიერ სასურველ მასალას ვთავაზობთ, იქნება ეს ნატურალური ტყავი თუ ტყავის შემცვლელი. ტყავის გარდა, ჩვენი ძირითადი მასალა არის ხე (კაკალი და წიფელი) და თექა.

M: რა სირთულეებს აწყდებით, როგორც სტარტაპერები?

ნ.ნ. : ამ ეტაპზე, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის დრო. მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ, გვაქვს სხვა სამსახურები. „მინის“ კი მხოლოდ ჩვენ ორნი ვქმნით. ამიტომ, ძირითადად, საღამოს გვიწევს შეკვეთებზე მუშაობა, მაგრამ რა მიზანიც გვაქვს, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს ჩვენი აქსესუარები, ნამდვილად მიღწევადია. ნელ-ნელა აქეთ მივდივართ, ქუჩაში ძალიან ხშირად ვხედავ ჩვენს ჩანთებსა და სხვა აქსესუარებს. ვთვლით, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ისეთი გვიშლის ხელს, რის გამოც უკან დავიხევთ.

M:  სამომავლოდ რას გეგმავთ?

ნ.ნ. : გვინდა, სახელოსნო, პატარა სტუდია გავხსნათ, სადაც მომხმარებელი შეძლებს მოვიდეს, აარჩიოს აქსესუარები, ფოტოც გადაიღოს, მოისინჯოს, შეარჩიოს სასურველი მოდელი ან თუნდაც, მზადების პროცესს დაესწროს. „მინის“ შესაძლოა დავამატოთ სხვა სტილის ჩანთები. გარდა ამისა, გვაქვს ხის ბეჭდები, რომელიც ექსკლუზიურად, მხოლოდ თითო მოდელი მზადდება. ვფიქრობთ ამ მხრივაც გავაფართოვოთ ასორტიმენტი, დავამატოთ პატარა ბროშები და ა.შ.

 

განხილვა