მუსიკა ხშირად ენით აღუწერელ გრძნობებს იწვევს, რომლებიც სიხარულით, ცეკვით, ღიმილით ან სევდით გამოიხატება. და რა მოხდება, თუ ყველა ამ მოძრაობას ან რეპლიკას თავად კომპოზიციის შესაქმნელად გამოვიყენებთ?
Artiphon-მა ახლახან გაფართოებული რეალობის აპლიკაცია გამოუშვა, სახელწოდებით Minibeats. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხეულის მოძრაობები და სახის გამომეტყველება სიმფონიურ მელოდიებად აქციონ. გამოყენების წესები საკმაოდ მარტივია: კამერის წინ დადგებით, იცეკვებთ, გაიცინებთ ან შუბლს შეკრავთ და ა. შ. პარალელურად, პროგრამა უნიკალურ მუსიკას დააგენერირებს, რომელიც სრულად თქვენი განწყობის შესაბამისი იქნება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი მიზანია, მუსიკის შექმნა მარტივ პროცესად აქციონ და ყველას შეეძლოს შემოქმედებით პროცესში ჩართვა. მაგალითად, მისი MIDI კონტროლერი, Instrument 1, გიტარისა და ვიოლინოს როლს ითავსებს — არჩევანი სურვილის მიხედვით იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მხოლოდ თქვენი განწყობა და მცირე მოძრაობა, ემოციის გამოხატვაა.
ამ ყველაფრის უკან AR ტექნოლოგია დგას, რომელიც Snapchat CameraKit SDK-ს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია საკმაოდ ინტუიციურია, მომხმარებელთა თქმით, ის ეფექტურად უმკლავდება დავალებებს. გარდა ამისა, ვიდეოსთვის სპეციალური ეფექტების დადებაც შეიძლება.










