22
Mar
2019

Minicards: საინფორმაციო ბარათები ტურისტებისთვის და სარეკლამო საშუალება – კომპანიებისთვის

22 Mar 2019

როგორ გავეცნო იმ ქვეყნის კულტურას, სადაც ჩამოვედი? სად გავერთო? სად დავისვენო? რა გავსინჯო? რა შევიძინო? – ეს იმ კითხვების მხოლოდ ნაწილია, რაც უცხო ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს აინტერესებს. ზოგი აპლიკაციის გამოყენებით ეძებს პასუხს, ზოგიც ჟურნალებისა და რუკების საშუალებით. საინტერესო კითხვებზე პასუხის მოძიება ტურისტს სპეციალური ბარათების საშუალებითაც შეუძლიათ. Minicards საკრედიტო ბარათის ზომის საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც მარტივად აცნობს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქტის შესახებ. თითოეულ ბარათზე დატანილია მოკლე ტექსტი კონკრეტულ დაწესებულებაზე, სადაც წასვლა ტურისტისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს, დართულია ფოტო, მისამართი, რუკა და სპეციალური შეთავაზება. Minicards-ის საინფორმაციო ბარათები 50 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნების რიცხვს, ცოტა ხნის წინ, შეუერთდა საქართველოც, შესაბამისად, Minicards-ის ბარათებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულად აქტიურ ადგილებშიც შეხვდებით. დეტალებზე Minicards-ის თანადამფუძნებელს, ნათია ამირიძეს, ვესაუბრეთ.

M: რამ განაპირობა Minicards-ის საქართველოში შემოსვლა?

საზღვარგარეთ, სადაც ჩადიხართ, ბევრგან არის ასეთი სტენდები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებაა წარმოდგენილი ინფორმაცია. ეს მიდგომა მუშაობს მთელ მსოფლიოში. ვფიქრობთ, საქართველოშიც გაამართლებს.

Minicards ჰოლანდიური კომპანიაა. უკვე ათი წელია, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. მასთან პარტნიორობა ფრანჩაიზინგის საშუალებით ხდება. Minicards-ის, სავიზიტოს ფორმის, მცირე ზომის ბარათებია, რომელიც თავსდება სტენდში და ტურისტს საშუალებას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია ადგილობრივ რესტორნებზე, კაფეებსა და ბარებზე, ღონისძიებებზე, მუზეუმებზე და სხვა.

Minicards 50 ქვეყანაში მუშაობს და საკმაოდ კარგადაც. ბარათებზე დართულია ხოლმე ფასდაკლების კუპონები. ასევე, ერთი მხრივ, ამ კუპონებით სარგებლობისას, დგება პროექტის სტატისტიკა. მეორე მხრივ, რაკი პატარაა და მარტივი, ბევრს მიაქვს სამახსოვროდაც.

M: რატომ ბარათები?

ბარათების იდეა ისაა, რომ ბროშურები და ბუკლეტები არ იყოს და იყოს მარტივი ზომის. ბარათს უკანა მხარეს რუკა აქვს დატანილი, ზოგჯერ ბარათს ფასდაკლების კუპონიც მოყვება და რეკლამის ფუნქციას ასრულებს.

M: რა ინფორმაციას იტევს თითოეული ბარათი?

Minicards ფრანჩაიზინგია, აქვს თავისი დიზაინი თითოეული კატეგორიისთვის: რესტორნების ბარათებს სხვა ვიზუალი აქვს, მუზეუმებს – სხვა.

ბარათის პირველ გვერდზეა დაწესებულების დასახელება და კატეგორია, ინფორმაცია ფასდაკლებაზე, სამუშაო საათებზე. მეორე მხარეს კი რუკაა დატანილი, რაც მის მიგნებას ამარტივებს.

M: როგორ გპოულობენ პარტნიორი კომპანიები?

ჩვენ ვპოულობთ მათ. ვუკავშირდებით, ვაწვდით ინფორმაციას, ვუმზადებთ დიზაინს, ბარათებს, ვზრუნავთ ამოუწურავი რაოდენობის ბარათს და ვზრუნავთ მათ განთავსებაზე.

M: გავრცელების არეალი…

ძირითადად, სასტუმროები, სადაც ტურისტი ეძებს ინფორმაციას, სად წავიდეს, რა გააკეთოს და ა.შ. რეალურად, ეს ბარათები კონსიერჟის როლს ასრულებს. ეს ბარათები პასუხობს იმ კითხვებს, რომლებსაც, როგორც წესი, კონსიერჟს უსვამენ: სად არის გასართობი და დასასვენებელი ადგილები, სპა, სალონი, იოგა და ა.შ. ყველა ამ ინფორმაციის ნახვა ერთ სტენდზეა შესაძლებელი.

ჩვენ უკვე შევხვდით სასტუმროებს. მოველაპარაკეთ სტენდების მათთან დადგმაზე. სტენდის დიზაინს განთავსების ადგილის შესაბამისად ვამზადებთ.

ამ დროისთვის, კომპანიებთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ გავაცნოთ მათ Minicards-ის ფრანჩაიზის შესახებ. გვსურს, რომ აპრილის ბოლოსთვის ჩვენი სტენდები უკვე იყოს განთავსებული სასტუმროებში.

M: რა ბიუჯეტთან არის დაკავშირებული თქვენს სტენდებზე მოხვედრა?

ეს საკითხი გამოვიკვლიეთ და დავაკვირდით, რომ ფასი, დაახლოებით იგივეა, რაც სხვა სახის რეკლამას აქვს ტურიზმის სფეროში. გვაქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის პაკეტები, შესაბამისად, რაც უფრო ხანგრძლივია თანამშრომლობა, მით ნაკლები ჯდება რეკლამაც.

განხილვა