24
Sep
2018

„ეს არ არის ქალის, ან გოგოს სტარტაპი, ეს არის დედის ბიზნესი“ – ბავშვის ტანსაცმელი პასტელურ ფერებში – „მინიმალი“

24 Sep 2018

Startauperi
Startauperi


„ეს არ არის ქალის ან გოგოს სტარტაპი, ეს არის დედის ბიზნესი, რომელიც ყველა ბავშვს ისეთივე მზრუნველობითა და გემოვნებით აცმევს, როგორც საკუთარს“, – ასე იწყებს ბავშვის ტანსაცმლის ბრენდ „მინიმალის“ შემქმნელი – მარიამ გორდულაძე, საკუთარ სტარტაპზე საუბარს. ამბობს, რომ ბრენდი პირადი გემოვნებით, სრულიად მარტომ შექმნა – როგორც დედა, გაუმკლავდა სხვადასხვა გამოწვევას, რომელიც პროდუქციის შექმნასა თუ მის რეალიზებას უკავშირდებოდა და უკვე სამი თვეა, რაც ხელმისაწვდომია არქიტექტურული შტრიხების, გეომეტრიული ფიგურებისა და პასტელური ფერების გამოყენებით შექმნილი კოლექციები:

მინიმალისტური სტილი, დეტალებზე ორიენტირებულობა და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილები – ამ სამი ძალიან მნიშვლოვანი კომპონენტის  ერთობლიობით იქმნება მინიმალის საბავშვო ხაზი. კოლექციების შექმნისას გამოიყენება არქიტექტორული შტრიხები, სწორხაზოვანი და გეომეტრიული დეტალები, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კომფორტულ და  სრულიად განსხვავებულ დიზიანს პატარებისთვის“, – მარიამ გორდულაძე.

M: როგორ გაჩნდა „მინიმალის“ შექმნის იდეა და რა საჭიროება იყო მისი არსებობის კუთხით, ქართულ ბაზარზე?
ჩემი 3 წლის შვილი იყო ამ ყველაფრის ინსპირაცია. მომწონს მინიმალისტური ტანსაცმელი, განსხვავებული, სწორხაზოვანი, არა ფერებში აჭრილი, რასაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე, თითქმის ვერ ვშოულობდი. მიწევდა საზღვარგარეთიდან ჩამოტანა, ან გამოწერა. ერთ დღესაც, უბრალოდ გადავწყვიტე, შემექმნა ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც სწორედ ამ დანაკლისს შეავსებდა. გადავწყვიტე, რომ მინდოდა ამ საქმის გაკეთება.

M: რა გამოცდილება გქონდათ, სანამ „მინიმალს“ შექმნიდით?
10 წელი თიბისი ბანკში ვიმუშავე, ახლა მიკროსაფინანსოში ვმუშაობ. თიბისი ბანკში ვმუშაობდი ბევრ პოზიციაზე, ყველაზე დიდხანს კი საკრედიტო ექსპერტი ვიყავი. მიკროსაფინანსოშიც რამდენიმე პოზიცია შევიცვალე, ამჟამად კი, ვარ გაყიდვებვისა და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. სამსახურმა ძალიან შემიწყო ხელი ამ პერიოდში, რადგან „მინიმალი“ შეუსვენებელი დღეებისა და უძინარი ღამეების შედეგია.

M: რა სირთულეები გადალახეთ ბრენდის შესაქმნელად?
ბრენდის შექმნა, რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ძალიან დიდი შრომა და დრო მოითხოვა. პრობლემა იყო ისიც, რომ კერვის კუთხით გამოცდილება არ მქონდა, უბრალოდ, მქონდა გარკვეული მონახაზი, გემოვნებისა და დიზაინის დონეზე ჩამოყალიბებული შეხედულებები და ბრენდის კონცეფცია – სწორხაზოვანი, გეომეტრიული ფიგურებით, არქიტექტურული ხაზებით შექმნილი ტანისამოსი, პასტელურ ფერებში. მომიწია, რომ გარკვეულ სამკერვალოებთან მეთანამშრომლა, რაც საკმაოდ დიდ სამუშაოს უკავშირდებოდა. თანამშრომლობის სწორად წარმართვა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ბევრი სამკერვალო გამოვცვალე, ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება და ურთიერთობა. საერთო ჯამში, ვცდილობდი, მიმეღწია იმ ხარისხისა და შედეგისთვის, რომელიც საუკეთესო იქნებოდა. ანუ იქნებოდა ის, რაც ამჟამად, ბრენდის სახეს განაპირობებს – აბსოლუტურად ბუნებრივი ქსოვილები და კერვის მაღალი ხარისხი.
M: ამჟამად, რა გამოწვევების წინაშე დგას „მინიმალი“?
ვიყენებთ ნატურალურ ქსოვილებს და ამ მხრივ, ველოდები სერტიფიკატს, დასკვნას, რომელიც მომხმარებელს დაუზუსტებს, რომ ჩვენი პროდუქცია 100% ბამბის ქსოვილისგანაა შეკერილი. სამუშაოს ვადებში შესრულება ჩვენი ამჟამიდნელი გამოწვევათაგანია, რადგან მხოლოდ ჩემზე არ არის პროდუქციის დამზადების დრო დამოკიდებული, ვცდილობ, ვითანამშრომლო სამკერვალოებთან ისე, რომ მომხმარებელს დროსთან დაკავშირებული დისკომფორტი არ შევუქმნა.
M: რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი „მინიმალის“ პროდუქცია და რა მიმართულებით გეგმავთ ბრენდის განვითარებას, უახლოეს მომავალში?
მინიმალის პროდუქცია 2-დან 11 წლის ჩათვლით ბავშვებისთვისაა. ცოტა ხნის წინ, გავაკეთე სტენდი „თბილისი მოლში“, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა საქმიანობაზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ სამი თვის განმავლობაში უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია. გვაქვს მიწოდების სერვისიც. გეგმებს რაც შეეხება, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და ვაპირებ, საკუთარი სამკერვალო გავსხნა, იმისათვის, რომ პროდუქციის შექმნის დრო შემცირდეს და ბრენდი მეტად დამოუკიდებელი იყოს.

განხილვა