in

22/11 – ოქროსა და ვერცხლის მინიმალისტური სამკაულების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

22/11 არის სტარტაპი, რომელიც საქართველოში მინიმალისტურ სამკაულებს აწარმოებს. ბრენდის ისტორია წელიწადნახევარს ითვლის და იწყება იქიდან, როცა ორმა მეგობარმა – მარიამ შალიკაშვილმა და ლიკუნა რატიანმა, ბაზარზე მათთვის მისაღები მინიმალისტური სამკაულის დეფიციტიდან გამომდინარე, საკუთარი კომპანია შექმნა. 22/11 – ამ ორი მეგობრის საყვარელი ციფრების ერთობლიობაა და მათთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, ისევე, როგორც თითოეული მინიმალისტური სამკაული, რომელიც ამ ბრენდის სახელით იქმნება. საკუთარი სახსრებით შექმნილი სტარტაპის პროდუქცია ამსტერდამშიც იყიდებოდა და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მათი ძირითადი სტრატეგია ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებასა და შემდეგ, უცხოურ ბაზრებზე მინიმალისტური სამკაულის გატანას მოიცავს. საინტერესოა, როგორ გეგმავს ახალბედა ბიზნესი განვითარებას და რა გამოცდილება დააგროვა მან წელიწადნახევრიანი ფუნქციონირების განმავლობაში – ამ საკითხებზე ბრენდის ერთ-ერთ შემქმნელს – მარიამ შალიკაშვილს ვესაუბრეთ:

M: წელიწადნახევრრიანი ფუნქციონირების განმავლობაში, რა მაჩვენებელი გაქვთ, როგორია მოთხოვნა და კონკურენტული გარემო მინიმალისტური სამკაულების ბაზარზე? 
კონკურენტები გვყავს, არიან უფრო მეტნი, ვიდრე ადრე. ბოლო პერიოდია, ძალიან აქტუალური გახდა მინიმალისტური სამკაულები. რაც შეეხება გაყიდვებს, თავიდან რომ დავიწყეთ, უცხო იყო ბევრისთვის და კარგად ვმუშაობდით. ძალიან მალევე იყიდებოდა ჩვენი პროდუქცია ამსტერდამში, ერთ-ერთ მაღაზიაში. რაღაც პერიოდის შემდეგ, ორივეს გაგვიჭირდა, რადგან დიდი დრო მიჰქონდა ამ საქმიანობას. მე სამსახურში ვიყავი, ლიკუნაც დაკავებული იყო და ვერ ვახერხებდით ამ ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო. შემდეგ, რამდენიმე ხანში, ისევ დავუბრუნდით 22/11-ს, ისევ დავიწყეთ საქმიანობა. დღეს საქართველოს ბანკის „სექრეთ სანტაშიც“ ვიღებთ მონაწილეობას და გარდა ამისა, გვყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც ჩვენთან ყიდულობენ საყვარელი ადამიანებისთვის ჩვენს მინიმალისტურ საჩუქრებს, ასევე, საკუთარ თავსაც ანებივრებენ ჩვენი პროდუქციით. ვასრულებთ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.

M: თქვენ რომ მომხმარებელი იყოთ, რატომ შეიძენდით 22/11-ის პროდუქციას? 
22/11-ის პროდუქცია არის განსხვავებული, ხელობა მაღალ დონეზეა შესრულებული და ფასები 3-ჯერ უფრო ნაკლებია, შემიძლია ვთქვა, რადგან ვუყურებ ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქციას და არანორმალურ ფასებში ყიდიან. ფასები იწყება 60-70 ლარიდან, ყველაზე მაღალფასიანი სამკაული 130-140 ლარი ღირს. გვაქვს საახალწლო ყელსაბამი, სპეციალურად დამზადებული საახალწლო საჩუქრები, რომელიც 20 ლარიც ღირს. ჩვენ ნაკეთობასთან, ხელობასთან და გრამაჟთან შესაბამისი ფასები გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენს შეფუთვაზე დიდი ხანი ვმუშაობდით, გვინდოდა ყოფილიყო განსხვავებული, ლამაზი, დასამახსოვრებელი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ფულის მოგებაზე, მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ჩვენს პროდუქტს, უნდა იყოს შთაბეჭდილების ქვეშ და 22/11-ის ნამუშევარი მისთვის გამორჩეულ სამკაულად უნდა იქცეს.

M: როგორია 22/11-ის პროდუქციის შექმნის პროცესი? ვინ მუშაობს ამ მიმართულებით და ექსკლუზიურია თუ არა მოდელები?
22/11-ის პროდუქცია კეთდება ვერცხლისგან და ოქროსგან. გვყავს იუველირები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, ამ ხელობას გამოცდილება სჭირდება, დაცული უნდა იყოს ძალიან ბევრი დეტალი, არ უნდა იყოს მჟავები ბევრი შეყვანილი, რომ ადამიანის ორგანიზმი არ მოიწამლოს გაკეთების დროს. დიზაინს რაც შეეხება, ვარჩევთ მე და ლიკუნა და შემდეგ, ასრულებენ იუველირები. ინდივუდუალური შეკვეთის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელთან ერთად ვამუშავებთ სამკაულის დიზაინს, ის არასოდეს მეორდება. სხვა შემთხვევაშიც, მაქსიმუმ 5 ეგზემპლიარი შეიძლება არსებობდეს 22/11-ის კოლექციიდან, რომელიც იქნება მსგავსი.

M: როგორ გეგმავთ თქვენი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას?
მიგვიწვდება ხმა მოსკოვში, ერთ-ერთ მაღაზიასთან, ასევე, როგორც ვთქვით, ამსტერდამში უკვე გვქონდა გაყიდვები, გარდა ამისა, გვაქვს კავშირები ნიუ-იორკში, ქართველი დიზაინერების მაღაზიებთან. თუმცა, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში გავხდებით ცნობილები. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრების შემდეგ, გვინდა, მის ფარგლებს გარეთაც გახდეს ცნობილი, რომ არსებობს 22/11, რომელიც საქართველოში, ხელით ამზადებს მინიმალისტურ სამკაულებს.

M: როგორია თქვენი გეგმები ქართულ ბაზარზე 22/11-ის განვითარების კუთხით და ამ ეტაპზე, რა არხების გამოყენებითაა ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქცია?
გვინდა, გავფართოვდეთ და ონლაინ გაყიდვებიდან გადავიდეთ პირდაპირ გაყიდვებზე. ამისათვის, უკვე გვაქვს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი მაღაზია Matasee Store-ში, ასევე, wishlist.ge-ზე. ფეისბუკ გაყიდვების პარალელურად, სამომავლოდ, გვინდა გავხსნათ სტენდი „ისთ ფოინთში“, „გალერია თბილისში“ და „თბილისი მოლში“. გვაქვს სურვილი, რამდენიმე დიზაინერის მაღაზიას შევთავაზოთ ჩვენი ნაწარმის რეალიზება.

შუშის ბოთლებში შეგროვებული დედის თბილი ემოციები – IKEA-ს ემოციური საახალწლო ვიდეორგოლი

„რესურსის არასწორ გამოყენებას შეუძლია წყლის დეფიციტის გამოწვევა“