in

Minolta – იაპონური ინოვაცია ფირის ფოტოგრაფიის საუკუნოვან ინდუსტრიაში

ციფრული ფოტოაპარატების ინდუსტრიის განვითარების მიუხედავად, ფირის ფოტოგრაფია კვლავაც იპყრობს ხელოვანების ყურადღებას. უამრავმა ადამიანმა განაახლა ძველი ფოტოაპარაების გამოყენება და ციფრულ პლატფორმებზეც უხვად წააწყდებით გასაყიდ ვინტაჟურ მოდელებს. ხელოვნების ეს მიმართულება თავის ნიშას არ თმობს და ჩვენც გადავწყვიტეთ, ფოტოაპარატების ისეთ ბრენდზე გვეამბნა, რომელიც დღემდე იკავებს საპატიო ადგილს ტოპ ათეულში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Minolta-ზე მოგიყვებით.

Minolta-ს ისტორია, თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1928 წელს დაიწყო. მაშინ, მას გრძელი და რთულად დასამახსოვრებელი სახელი ჰქონდა – Nichi-Doku Shashinki Shoten, რაც ითარგმნება როგორც „იაპონურ-გერმანული კამერების გამყიდველი“. კომპანიის დაფუძნება კაზუო ტაშიმას სახელს უკავშირდება. როგორც ჩანს, ორიოდე წლის შემდეგ, კაზუო სახელის შემოკლების გადაწყვეტილებამდე მივიდა და მაღაზიას Minolta დაარქვა. სახელი აბრევიატურაა და Mechanism, INstruments, Optics and Lenses by TAshima-ს შემოკლებული ვერსიაა.

კომპანიამ იაპონიის ბაზარზე პირველი კამერა დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ წარადგინა. მოდელის სახელწოდებაა Nifcalette. ეს იყო დასაკეცი, 40×65 მმ-იანი ფირის კამერა. კამერის ლინზა და დიაფრაგმის ჩამკეტი გერმანიაში იყო წარმოებული.

1955 წელს, კომპანიამ ორლინზიანი რეფლექსური კამერა წარადგინა, სახელწოდებით Autocord, რომელიც მცირე განახლებებით, 1972 წლამდე გამოდიოდა. 1958 წლიდან, Minolta-ს ასორტიმენტს შეემატა SR-2 ტიპის კამერა, რომელსაც შეცვლადი ლინზების დიდი არჩევანი ჰქონდა. ამ მოდელს არ ჰქონდა ბატარეები. მისი ლინზების ავტოფოკუსიანმა სამაგრმა A-mount-მა კი დიდხანს გაძლო და 27 წლის განმავლობაში ემსახურა მომხმარებელს. 1966 წელს, ბრენდმა წარადგინა Auto-Zoom-X, 30-120 მმ ზუმ ლინზით, რომელზეც 16 მმ-იანი ფირი გამოიყენებოდა და ავტომატური დახვევის ფუნქცია ჰქონდა. სწორედ ეს იყო Minolta-ს X სერიის დასაწყისი. მისი ბატარეა და ჩამკეტის ღილაკი სახელურში იყო განთავსებული. დიზაინის ეს დეტალი Minolta-მ Dimage Z-ის სერიის ციფრულ კამერებშიც დანერგა. 1972 წლიდან, Minolta-მ Leica-სთან დაიწყო თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით, უფრო თანამედროვე, პორტატული და ხელმისაწვდომი დიაპაზონის კამერების გამოშვებას შეუდგა. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად შეიქმნა Leica CL, Minolta CL, Leitz-Minolta CL და მოგვიანებით, Minolta CLE.

Minolta-ს სახელს არაერთი ინოვაციური გადაწყვეტილება უკავშირდება. 1978 წელს, ბრენდმა წარადგინა XD11 – პირველი კამერა მსოფლიოში, რომელსაც დიაფრაგმის პრიორიტეტიც ჰქონდა, ჩამკეტის პრიორიტეტიც და ასევე, პროგრამის რეჟიმის ექსპოზიციაც. Minolta-ს სახელით შექმნა პირველი ციფრული კამერა, 28მმ-იანი ფართოკუთხოვანი ლინზით. Minolta-მ პირველმა შესთავაზა ბაზარს Anti-Shake ტექნოლოგია. ბრენდის ლინზებმა და კამერებმა, გამოსახულების ხარისხის დამსახურებით იმდენად დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რომ დაარსებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც, არაერთი ფოტოგრაფის შთაგონების წყაროა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Hennessy x NBA ახალი ლიმიტირებული გამოშვება

Microsoft ყველაზე დიდ AI მოდელს ქმნის, რომელსაც კიბოს დადგენა შეეძლება!