მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას და თუ ყველაფერი არსებული ტემპით გაგრძელდება, 2050 წლისთვის 750 მილიონ ბავშვსა და მოზარდს გაუჭირდება შორ მანძილზე დანახვა. თუმცა ეს უბრალო ვარაუდი არ გეგონოთ, ბოლოდროინდელი კვლევის შედეგია, რომელიც გლობალურ ტენდენციას გვაცნობს. აქ მიოპია, იგივე ახლომხედველობა გამოცადეს მონაცემებით, რომლებიც 50 ქვეყნიდან 2023 წლის ჩათვლით მიიღეს.
მართალია, წინა გამოთვლები 2015 წლამდე მონაცემებს მოიცავდა, მაგრამ ისიც ამბობდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი 2050 წლისთვის ახლომხედველი იქნებოდა… უახლესი ნაშრომი კი, თავის მხრივ, 276 კვლევას და 5.4 მილიონ ბავშვსა თუ თინეიჯერს მოიცავს, რასაც 2 მილიონი მიოპიის შემთხვევაც ემატება.
Sun Yat-Sen University-ის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 1990-2023 წლამდე მიოპიის მაჩვენებლები 5-19 წლის მქონე პირებში 24%-იდან 36%-მდე გაუმჯობესდა. თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, გამოდის, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 40% 2050 წლისთვის ახლომხედველი იქნება, რაც 740 მილიონს აჭარბებს. საინტერესოა, რომ შედეგები რეგიონების მიხედვითაც განსხვავდებოდა, მაგალითისთვის, ფიქრობენ, რომ აზიაში აღნიშნული მაჩვენებელი 70 პროცენტამდეც კი მიაღწევს!
ამასთან, კვლევის ფარგლებში კოვიდი ბავშვების მხედველობის გაუარესებას დაუკავშირეს. მართალია, მიოპიაში დიდ როლს გენეტიკაც თამაშობს, მაგრამ ამით სრულად ვერ აიხსნება გლობალური ტენდენცია… კვლევის თანახმად, ბავშვს ორივე მშობელი ახლომხედველი რომ ჰყავდეს, თუ ის საკმარის დროს გარეთ არ გაატარებს, მიოპიის გენეტიკური საფრთხე 60%-ით გაიზრდება.
დიახ, ფიქრობენ, რომ გარეთ თამაში ბავშვებში მიოპიის რისკს ამცირებს, პანდემიის დროს კი მათ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ — „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელ ბავშვებში, რომლებიც ვიზუალური განვითარების კრიტიკულ პერიოდში არიან“.
ზუსტად ვერ ხსნიან, მაგრამ ფაქტია, არსებობს კავშირი განათლების ხანგრძლივობასა და მიოპიას შორისაც… ამ და სხვა კავშირების გასაგებად კი კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებას აპირებენ, რათა შემდგომში მიღებული ინფორმაციებით მზარდი ტენდენცია რაც შეიძლება ეფექტურად შეაჩერონ.