15
Jan
2019

“მიპოვე” – სამაჯურები ბავშვის უსაფრთხოებისთვის

15 Jan 2019

Startauperi
Startauperi


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვისთვის მშობლის დაკარგვა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას წარმოადგენს ხოლმე. ამგვარი შემთხვევა, სავარაუდოდ, მკითხველთა უმრავლესობას ჰქონია და იგი ბავშვობის ერთ-ერთ ცუდ მოგონებად ქცეულა. სულ ახლახანს შექმნილი სტარტაპი “მიპოვე” ამ პრობლემის მარტივად და სახალისოდ მოგვარებაზე ზრუნავს. მასთან დაკავშირებით Marketer.ge “მიპოვეს” ერთ-ერთ დამფუძნებელს, თეა გოროზიას გაესაუბრა:

 

საიდან გაჩნდა „მიპოვეს“ შექმნის იდეა და რამდენი ხანია არსებობს იგი?

„მიპოვე“-ს სამაჯურები გაყიდვაში დეკემბერის ბოლოს გამოჩნდა. მასზე მუშაობა 2 თვით ადრე დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა, რუსა შამუგიამ. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ, როგორ ასწავლიდა ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი საკუთარ შვილს თავის ნომერს, რომ დაკარგვის შემთხვევაში ადვილად მოეძებნა მშობელი. არადა საკმაოდ ძნელია, სკოლამდელი ასაკის ბავშვს ცხრანიშნა ნომერი დააზეპირებინო, თან დაზეპირების შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი მშობელს ვერ პოულობს, სტრესისგანაც შეიძლება დაავიწყდეს ეს ნომერი. სწორედ ეს იყო „მიპოვე“-ს ინსპირაცია. შეგვექმნა ფერადი და ლამაზი სამაჯურები, რომლებიც ბავშვს ვიზუალურად მოეწონებოდა, ხოლო მშობელი ბავშვის უსაფრთხოების ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენებდა, რადგან იგი აწყობილია მშობლის ტელეფონის ნომრის შესაბამისი ციფრებით.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია დღესდღეობით “მიპოვეს“ საჭიროება და რამდენად ძლიერი ბერკეტია იგი ბავშვების უსაფრთხოებისთვის?

ვფიქრობ, „მიპოვეს“ სამაჯურები ნებისმიერ სიტუაციაში საჭირო და გამოყენებადი პროდუქტია, მითუმეტეს დღევანდელ სამყაროში, როცა ბავშვები დაგვყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე. ყველა ეს ადგილი არის ხალხმრავალი და საშიშროება, რომ ბავშვი რაღაც მომენტში ვეღარ დავინახოთ და თვალთახედვიდან გაგვიქრეს, ძალიან რეალურია. განსაკუთრებით რეკომენდაციას ვუწევთ მშობლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან ბავშვებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაზღვეული ხართ რომ ბავშვი ენის არცოდნის შემთხვევაშიც კი ადვილად შეძლებს თქვენთან დაკავშირებას. პირადად ჩემთვის, როგორც დედისთვის, „მიპოვეს“ სამაჯური ისეთივე უსაფრთხოების საშუალებაა, როგორიცაა ბავშვის მანქანის სავარძელი, ან უჯრების დამჭერი და როზეტის დამცავი.

როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი წამოწყება გამორჩეული?

ჩვენი ბრენდი პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც ქართველ მომხმარებელს მსგავსი პროდუქტი შესთავაზა. მისი მთავარი უპირატესობა სამაჯურის ფუნქციური დატვირთვაა, რომელიც ბავშვის უსაფრთოებას ემსახურება. მეორე უპირატესობა ვიზუალებია, ისინი მაქსიმალურად მორგებულია ბავშვების გემოვნებაზე და მათთვის სახალისოც კია ასეთი სამაჯურის ტარება. ასევე, უნდა აღინიშნოს „მიპოვეს“, როგორც საჩუქრის ერთ-ერთი ალტერნატივა, რადგან თუ ვინმეზე ზრუნავ, შეგიძლია აჩუქო პერსონალიზებული, ლამაზად შეფუთული სამაჯური.

რა ეტაპზეა ახლა „მიპოვე“ და როგორია მისი სამომავლო ხედვა? 

ამჟამად, „მიპოვე“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს საკუთარი პროდუქტი, რომ მეტმა მშობელმა იგრძნოს თავი მშვიდად, როცა შვილთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადის. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შევეცდებით, ბრენდი განვავითაროთ უსაფრთხოების მიმართულებით და მას ახალი, საინტერესო ნივთები შევმატოთ.

იდეის ხორცშესასხმისას რა სირთულეებს წააწყდით?

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ სათანადო მასალების მოძიებაზე, პროდუქტის და შეფუთვის დახვეწაზე, მთავარი სირთულე მის შესახებ ინფორმაციის სწორი გავრცელებაა, რადგან მოხმარებლის გარკვეული ნაწილისთვის „მიპოვეს“ სამაჯური მხოლოდ ლამაზი სამაჯურია, რომელზეც ტელეფონის ნომრის ნაცვალად ბავშვის სახელს ან დაბადების თარიღს გვაწერინებს, თუმცა მისი მთავარი დატვირთვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

როგორი სერვისით შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტის შეძენა?

ამჟამად „მიპოვეს“ სამაჯურების შეძენა მხოლოდ facebook გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი. ვიღებთ შეკვეთას პირად შეტყობინებაში და 2 დღეში მომხმარებელი იღებს ლამაზ, პერსონიზირებულ სასაჩუქრე შეფუთვას „მიპოვეს“ სამაჯურით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პროდუქტი შეიქმნა იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად, ყველასთვის ხელმისაწვდომი, სტანდარტული ფასი კი მცირდება მათთვის ვინც 2-3 ან 4 სამაჯურს იძენს.

განხილვა