ხელოვნების ისტორიისა და სამედიცინო სფეროს შერწყმით, მკვლევრებმა ძუძუს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მხატვრული ხედვა აღმოაჩინეს. მართალია, ფიქრობდნენ, რომ ეს ძველი კი არა, ახალი დაავადება იყო, მაგრამ მას მიქელანჯელოს ცნობილი „სიქსტეს კაპელა“ ავლენს. აღმოჩენა 1508-1512 წლებში დახატული The Flood-ის კონკრეტულ დეტალს ემყარება.
ბიბლიური დრამის ფონზე თითქმის შიშველი ქალია გამოსახული ცისფერი თავსაბურავითა და მოსასხამით, რომლის უკანაც ატირებულ ბავშვს ვხედავთ. ეს ფიგურა მარჯვენა მკერდის ფორმითაა გამორჩეული და იმ ვიზუალურ მახასიათებლებს ავლენს, რომლებიც მკერდის კიბოს შემთხვევაში გვხვდება — ფორმაშეცვლილი ძუძუს თავი, დეფორმირებული კანი და არაერთგვაროვანი ზედაპირი. მისი მნიშვნელობა კი კიდევ უფრო იზრდება, როცა ნამუშევარში ასახულ სხვა პერსონაჟებს ვაკვირდებით, რომლებიც ანატომიურად ჯანსაღი მკერდით არიან წარმოჩენილნი.
ამ ყველაფრის ზუსტად ასახვა კი შეგვიძლია, მიქელანჯელოს წარსულს მივაწეროთ. ფლორენციაში ახალგაზრდა ხელოვანმა ადამიანის ანატომიაზე წვდომა აუტოპსიებში მონაწილეობის შედეგად მიიღო, პრაქტიკის, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ადამიანის ფორმის გაგებაზე… ამ ცოდნას მიქელანჯელოს დაკვირვების უნარი ერწყმოდა, რამაც მას საშუალება მისცა, თავის ნაშრომში რეალური პათოლოგიური დეტალებიც შეეტანა. საინტერესოა ქალის მიწისკენ მიპყრობილი მარჯვენა ხელიც, ჟესტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც მიგვითითებს, რომ მან იცოდა თავისივე გარდაუვალი ბედის შესახებ, რაც სევდიან ფონს მატებს გამოსახულებას.
ინტრიგას კი, კიდევ უფრო აძლიერებს პორტრეტის შექმნის დროც — რენესანსის ეპოქაში ცოტა რამ იცოდნენ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, განსაკუთრებით ისეთი დაავადებების, როგორიც ძუძუს კიბოა, რაც აღნიშნულის დეტალურ ვიზუალურ პრეზენტაციას კიდევ უფრო შესანიშნავად აქცევს.
სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამ ქალის The Flood-ის სცენაში მოთავსებასაც, რომელიც კატასტროფულ დანაკარგს ასახავს და ეხება მოწყვლადობის, ტკივილისა თუ ცხოვრების წარმავლობის თემებს, რომლებიც, თავის მხრივ, დედობას ებმის.
ამ ყველაფრისთვის მკვლევართა გუნდმა კონკრეტული ნიშნების დიაგნოსტირების მეთოდსაც მიმართა, რომელიც ხელოვნების ისტორიის სამედიცინო ანალიზს მოიცავს და, შედეგად, დასკვნებსაც გვიზიარებს. ეს მიდგომა ექსპერტებს პოტენციური სამედიცინო მდგომარეობების დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს ისტორიულ ნამუშევრებში და აწვდის ინფორმაციებს იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა დაავადებაზე იმ პერიოდში…
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ფიგურის სხვა პერსონაჟებთან შედარების შედეგად, მკვლევრებმა განამტკიცეს თავიანთი თეორია იმის შესახებ, რომ მიქელანჯელოს არჩევანი, ქალისთვის დეფორმირებული მკერდი დაეხატა, მიზანმიმართული იყო. ეს აღმოჩენა რენესანსის ეპოქის შესახებაც აჩენს ახალ ვერსიებს და მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის მნიშვნელოვან კავშირსაც უსვამს ხაზს.
დაბოლოს, ამგვარი მიგნებები ისტორიული შედევრების დეტალური შესწავლისკენ გვიბიძგებს, რომლებშიც, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ მრავალი დეტალი იმალებოდეს…