მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.
მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
მარშრუტი გრძელდება ხვამლის მთის ძირას შეფენილ მთაგორიან სოფელ ტვიშში, რომელიც ხვანჭკარიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ეს ადგილი ტვიშის მეღვინეობის მიკროზონაა.
აქ თქვენი მასპინძელი მირანდა ჩხეტიანია, რომლის ვენახი სოფელ ტვიშის ფერდობებზეა გაშენებული და ნახევარ ჰექტარს იკავებს. მირანდას ღვინო ნატურალურია – ოჯახი ვენახს მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით უვლის. ტვიშის ცოლიკოურს ჩხეტიანები კლასიკური მეთოდით, ჭაჭა–კლერტის გარეშე და ჭაჭაზე დადუღებით აწარმოებენ.
ლეჩხუმური სტუმართმოყვარეობა გამორჩეულია. ჩხეტიანების თბილ ოჯახურ გარემოში ამას აუცილებლად იგრძნობთ. მირანდა თავად დაგხვდებათ, დაგათვალიერებინებთ ვენახს, გიამბობთ ამბავს საკუთარი მეღვინეობის შესახებ. ქვევრები ღია ცის ქვეშ არის განთავსებული, მარანში კი ღვინო უჟანგავ ცისტერნებში ინახება. დეგუსტაციისთვის მეღვინეობას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ, სადილი კი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ნატურალურობა სასმელთან ერთად კერძებშიც კარგად იგრძნობა. თუკი სადილის სამზადისში მონაწილეობა გსურთ, გირჩევთ, თონის პურისა და კეცის მჭადის ცხობის მასტერკლასში ჩაერთოთ.
სოფლის შემოგარენის დასათვალიერებლად, აქ საფეხმავლო ტურები ეწყობა. წინასწარ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ცხენებით გასეირნებაც. გზად შთამბეჭდავი ხედები შეგხვდებათ. ხვამლის მთაზე ასვლა მანქანითაც შეგიძლიათ. 12 კმ–ში ღვირიშის ჩანჩქერზეც შეგიძლიათ აღმოჩნდებით.