არ ვიცი, წარმოგიდგენიათ თუ არა მერვეკლასელი მოზარდი, რომელიც ერთ დღეს ჯდება და იწყებს ფიქრს იმაზე, შეიძლება თუ არა მათემატიკის, სტანდარტულ, უჯრებიან რვეულში რაღაც ახალი აღმოაჩინოს. კერძოდ, შეიძლება თუ არა, დავხაზოთ ტოლგვერდა სამკუთხედი ისე, რომ მისი წვეროები ამ უჯრების კვანძებში მოხვდეს. შესაძლოა იფიქროთ, რომ ასეთი რამეები იშვიათად ხდება და სწორედ ასეთ იშვიათობას წარმოადგენს ჩვენი რესპონდენტიც, რადგან აღწერილი ამბავი სწორედ მასზეა.
მირიან ივანაძე ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. მათემატიკასთან თავიდან ისეთივე სტანდარტული დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც მის თანაკლასელებს. მეცნიერების სხვადასხვა დარგით დაახლოებით მე-5-6 კლასებში დაინტერესდა, ჭეშმარიტი პროფესიული სიყვარული კი, ცოტა უფრო მაღალ კლასებში ეწვია, იმ კონკრეტული შემთხვევის შემდგომ, რომელიც პირველ აბზაცში აღვწერეთ. სხვათა შორის, მირიანმა ამ ამოცანის პასუხი, მიუხედავად ბევრი ფიქრისა, მაინც მალე იპოვა და გაიგო, რომ შეუძლებელია ისეთი სამკუთხედის დახაზვა, რომლის წვეროებიც მათემატიკური რვეულის უჯრის კვანძებში აღმოჩნდება.
„ეს იყო პირველი ნაბიჯი, რის შემდეგაც მივხვდი, რომ მათემატიკური აპარატი საშუალებას იძლევა, აღვწეროთ საკმაოდ რთული პროცესები. უფრო და უფრო დავუმეგობრდი მათემატიკას და დავიწყე იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მეხმარება იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში”, – მირიან ივანაძე, მათემატიკოსი.
მირიანისთვის მათემატიკა ყველაფერია: აზროვნების წესი, ცხოვრების სტილი, შეიძლება ითქვას, მთელი სამყაროც. ის უკვე არაერთი წელია, თავის ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებს და ვიდეობლოგების, სოციალური არხების დახმარებით, რამდენიმეათასიან აუდიტორიას მათემატიკის საინტერესო, ისეთ მხარეებზე ესაუბრება, რომლებიც შეიძლება ბევრგან არ შეგხვდეთ.
სწორედ ამიტომ, მირიანს მცირე ინტერვიუ ვთხოვეთ და მასთან ერთად მათემატიკის, როგორც დარგის მიმდინარე მდგომარეობაზე, თანამედროვე პროფესიებთან ინტეგრაციასა და მომავალზეც ვისაუბრეთ.
M: მირიან, არსებობს მოსაზრება, რომ მათემატიკის ნიჭი ან გვაქვს, ან არა. თავად რამდენად ემხრობით ან უარყოფთ ამ აზრს?
როგორც ყველა პროფესიას, მათემატიკასაც გარკვეული უნარ-ჩვევები სჭირდება და მისი გამომუშავებისთვის წლებია საჭირო. მათემატიკის ფორმულების დამახსოვრება, მათ მიხედვით ოპერაციების ჩატარება და გარკვეული შედეგების მიღება ყველას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უყურებს ამოცანას, მათემატიკოსი, ფიზიკოსი თუ ჟურნალისტი, მთავარია, რომ ლოგიკური კავშირებით მივიდეთ პასუხამდე. ამ კავშირების აღმოჩენას სჭირდება უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებაც ხანგრძლივი და მძიმე მუშაობის შედეგად არის მიღწევადი. მათემატიკის ცოდნა არ არის ის ნიჭი, რომელიც ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. შეიძლება გვქონდეს მიდრეკილებები, როგორებიცაა: ფეხბურთის სიყვარული, მხატვრული ლიტერატურა და სხვა, მაგრამ მე ჩემს პროფესიაში ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უნდოდა მათემატიკის შესწავლა და ვერ ისწავლა. ერთი სიტყვით, მათემატიკა არაა ის საგანი, რომელსაც რაღაც ზენიჭი სჭირდება, ის უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ელოდება.
M: თქვენი აზრით, რამდენად სრულყოფილად ისწავლება დღეს ეს საგანი სკოლის ასაკიდან და როგორ შეიძლება მისი მეტად წახალისება?
სკოლაში მათემატიკას ჰქონდა და აქვს ის სირთულე, რომ საქართველოს მასშტაბით ერთიანი პროგრამა გვაქვს და ყველა მას მიჰყვება. მეცნიერების ეს დარგი ბევრ საინტერესო ქვედარგს მოიცავს, რომლებიც მოსწავლეს საშუალებს მისცემს, დაინახოს, რეალურად რა არის მათემატიკა. სამწუხაროა, რომ ბავშვების უმეტესობა სკოლას ისე ამთავრებს, ეს საგანი მხოლოდ რიცხვითი ოპერაციები ჰგონია. სახელმძღვანელოებიც ასე, საყოველთაო პრინციპზე ეწყობა და შესაბამისად, ავტორები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მარტივად მიაწოდონ მასალა, რათა ყველასთვის გასაგები იყოს. ეს კი მათემატიკას აღარიბებს.
კარგი იქნება, დაიგეგმოს აქტივობები. მაგალითად, მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გავიდნენ ბუნებაში და გაზომონ ხის სიმაღლე, ან ჩაატარონ ექსპერიმენტები. როდესაც ხედავ, რომ სამყაროში ხდება მოვლენები, რომლებიც შეგიძლია მათემატიკის მეშვეობით დაამუშაო, ძალიან საინტერესო და ხელშესახები ხდება ის ცოდნა, რასაც წიგნებში კითხულობ. როგორ იყენებს მათემატიკას მეცნიერი, ფიზიკოსი, ნანოტექნოლოგი, არქიტექტორი – ამის დანახვის საშუალება მოზარდობიდანვე წაახალისებს მათემატიკის სიყვარულს.
M: რა მიგაჩნიათ ამ დარგის მთავარ პრობლემად და გამოწვევად?
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათემატიკას ყველა აღიქვამს, როგორც რიცხვების შეკრება-გამოკლებას. როცა ვინმე გაიგებს, რომ მათემატიკოსი ვარ, მაშინვე მეკითხება, რამდენია, მაგალითად, 764×97? როდესაც ვდებ ვლოგს საინტერესო მათემატიკურ თეორიაზე, აუდიტორიის მხრიდან ნაკლები ჩართულობა მაქვს, მაგრამ როგორც კი დავდებ ვიდეოს შეკრება-გამოკლებაზე, აუდიტორია ფართოვდება. იშვიათად შეხვდებით, ვინმე საუბრობდეს მათემატიკის ყველაზე ლამაზ ასპექტზე – დამტკიცების თეორიაზე, აქსიომებზე, არადა, ეს, ჩემი აზრით, ამ დარგის ყველაზე საინტერესო მხარეა.
M: თანამედროვე პროფესიებმა თითქოს სამყარო მოიცვა. რამდენად მოთხოვნადია მათემატიკის შესწავლა დღევანდელი ახალგაზრდებისგან და როგორ ხედავთ თქვენ ამ დარგის განვითარებას ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში?
თანამედროვე პროფესიები, როგორებიცაა პროგრამირება, კომპიუტერული ინჟინერია და სხვა, მათემატიკის კარგ ცოდნას მოითხოვს. დღესდღეობით შეიძლება მოსწავლეს არ ჰქონდეს სურვილი, რომ მეცნიერ-მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ მას აინტერესებს ტექნოლოგიები და ხვდება, რომ ტექნოლოგიის შესასწავლად მათემატიკის ცოდნა ესაჭიროება. ამიტომ მოთხოვნა არის როგორც ბავშვების, ისე მშობლებისგან.
რაც შეეხება მეორე კითხვას, ხელოვნური ინტელექტის მსგავსი პროგრამები დასაქმების ბაზარს შეცვლის და პროცესებსაც გაამარტივებს. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მათემატიკის მკვლევრებს ალგორითმული ამოცანების ამოხსნაში, მას შეუძლია ტრილიონჯერ ცადოს, A-დან B პუნქტში მისვლა, სანამ ოპტიმალურ გზას არ აღმოაჩენს. მას შემდეგ კი, როცა ამ გზას იპოვის, მას ისიც კი შეუძლია, რომ კიდევ უფრო ოპტიმალური ვარიანტისკენ შეცვალოს ალგორითმი. მათემატიკოსებს აღარ მოუწევთ ურთულესი გამოთვლების კეთება. დარჩება ამოცანები, რომლებიც არ იხსნება ალგორითმული მეთოდით, რომლებსაც დიდი შრომა და კრეატიულობა სჭირდება, როგორიც, მაგალითად, პუანკარეს ამოცანა იყო, რომელიც 7 წლის შემდეგ ძლივს ამოხსნა გრეგორი პერელმანმა.
გამოთვლით და ალგორითმულ პროცესებს ხელოვნური ინტელექტი თუ დაიკავებს, ეს საშიში კი არა, კარგია. მეცნიერებს მეტი დრო ექნებათ, რომ კიდევ უფრო მოკლე დროში გააკეთონ ახალი აღმოჩენები. ადრეც ასე არ იყო? მაგალითად, ბამბის საქსოვ დაზგაზე ძრავის გამოგონებამდე მუშაობდა 100 კაცი, შემდეგ დარჩა 20. დარჩენილი 80 ადამიანი სხვა სფეროებში გადანაწილდა. ახალი პროფესიები ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მას მერე, რაც ადამიანებმა გამოიგონეს ცეცხლი, მათ გაუმარტივდათ საკვების მომზადება, გათბობა, ამან კი გაუჩინა შესაძლებლობა და დრო, რომ მეტი ეფიქრათ. დაიწყეს ხატვა, წერა, ძერწვა. მე მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტიც მსგავს პროცესებს გამოიწვევს.
M: დაბოლოს, გვითხარით, პერსონალურად თქვენთვის რა არის მათემატიკა?
ჩემთვის ის არის ძიება, აღმოჩენის სურვილი და ემოცია, რადგან როცა რაღაცას ვაკეთებ ამ საგანში, იქ მე ვარ მე. შეიძლება მქონდეს ამოცანა, რომელზეც თვეები ვფიქრობდი და როცა მას ამოვხსნი, პირდაპირი გაგებით, ბედნიერი ვხდები!
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი