პირველი „სერიოზული“ სამსახური, სადაც სტაბილურ ხელფასს მიხდიდნენ 19 წლის ასაკში მქონდა. მანამდე, სკოლის პერიოდში რამდენიმე მცდელობა იყო ერთ-ერთ რადიოსა და საკაბელო ტელევიზიაში, სადაც ერთადერთხელ 30 ლარი გადამიხადეს. შემდეგ, უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი, ოჯახის წევრების დახმარებით საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში წავედი, სადაც ვაშინგტონში ერთ-ერთ სასტუმროში დავიწყე მუშაობა. ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩემი სწავლისთვის თანხა მომეგროვებინა და ასევე სხვადასხვა რაღაცები შემეძინა. ჩემი უნივერსიტეტიდან ყველა ასე იქცეოდა, ზაფხულობით ამერიკაში მიდიოდა და ზოგი გაზონს ჭრიდა, ზოგი სანაყინეში მუშაობდა, ზოგიც კი სხვადასხვა საკვებ ობიექტზე. მე სასტუმროში, უფრო კონკრეტულად კი, მის რესტორანში „მასპინძლად“ (Host) ვმუშაობდი. ჩემი მოვალეობა იყო რეზერვაციები, მაგიდებზე სტუმრების განთავსება, ოფიციანტების განაწილება და სხვა. ვმუშაობდი საუზმის დროს, რომელიც 6:30-ზე იწყებოდა ანუ 6:00-ზე ყველაფერი გამართული უნდა ყოფილიყო ანუ 5:00-ზე უნდა გამეღვიძა და 5:30-ზე სახლიდან გამოვსულიყავი. თავიდან რთული იყო, სხვა გარემო, სხვა ღირებულებები. მენეჯერმა პირველივე დღეს მითხრა ფანჯრები გაწმინდეო, მეც დაბნეული დავეთანხმე, მერე გავიგე, რომ ეს ჩემი საქმე არაა, თითქმის მთელი ორი თვე დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, ბოლოს თავი დამანება.
რამდენიმე კვირაში დავხელოვნდი ყალბ ღიმილში, ბავშვებთან მეგობრობაში, ადამიანებთან სხვა ენაზე ურთიერთობაში, დილის ხასიათებში, რომელი ტიპის კლიენტი სად უნდა დასვა, როგორი გაზეთი, სასმელი შესთავაზო და ა.შ.
შარშან ვაშინგონტონში ვიყავი და გადავწყვიტე ამ სასტუმროში მივსულიყავი. შევედი, არ ვიცი რატომ მეგონა რომ 7 წლის მერე ნაცნობი სახეები ისევ დამხვდებოდა, რა თქმა უნდა, ვერავინ ვიცანი, უცებ შევათვალიერე, ის ყველაფერი გავიხსენე და გამოვედი.
ასე მგონია, ჩემს ჩამოყალიბებაში ის სამი თვე ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ ძალიან ბევრ რამეს მივხვდი, ყველაზე უფრო კი შრომის ფასს და იმას, რომ ადამიანები განსხვავდებიან.
მირიან ჯუღელი, საქართველოს ბანკის ციფრული კომუნიკაციების დირექტორი.