in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „მთელი ცხოვრებაა მაქვს თავისუფლება, ვიყო ისე და ვაკეთო ის, რაც მომწონს და მინდა“ – მირიან თედორაძე

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მოგზაური და ვიდეოგრაფი მირიან თედორაძე გვიყვება.

ამ ამბავს მაშინ ვყვები ხოლმე, როდესაც ვინმეს მოტივირება მინდა. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია დატანჯული არასასურველი სამსახურით. მე გამიმართლა, რადგან ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. ეს ამბავი, დაახლოებით, 12 წლის წინ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ცდილობდნენ სამსახურის პოვნაში დამხმარებოდნენ. მე კი ჩემი პროფესია და ამ კუთხით სამსახურის დაწყება სრულიად არ მაინტერესებდა. სულ ძიებაში ვიყავი და მაინტერესებდა მოგზაურობა, თუმცა არ მყავდა მეგობრები, რომლებიც ამ თავგადასავლებში ამყვებოდნენ. ამიტომ, ხან მარტო დავდიოდი ხოლმე.

ერთხელ, ღამის 2 საათზე, Facebook-ზე შევამჩნიე დაანონსებული გასვლითი ღონისძიება. აქვე აღვნიშნავ, მაშინ არ იყო მსგავსი გასვლები ასე ჭარბად, როგორც დღესაა და ვფიქრობ, დღევანდელი მოცემულობა დიდწილად ჩვენი, მაშინდელი მოლაშქრეების დამსახურებაა. მაშინ 1-2 სალაშქრო კლუბი იყო და ძალიან რთული იყო სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად წასვლა. ეს ცდა იყო ზუსტად ჩემთვის გადამწყვეტი. მაშინვე მივწერე. გასვლამდე სულ 4 საათი იყო დარჩენილი. შეიძლება სხვა კლუბისთვის მიმეწერა, ან არ წავსულიყავი, ძნელია თქმა, მაგრამ ძალიან მალე ეს კლუბი აღმოჩნდა ჩემიც და დავიწყე ორგანიზებული გასვლები. ვისწავლე გადაადგილების დეტალები და შევუდექით მოგზაურობას.

ამას მოჰყვა ჩემი მეორე ოცნების ასრულება. სულ მინდოდა გადაღება შემძლებოდა. როცა ტობავარჩხილზე 6 დღით მიდიხარ და ასეთ სილამაზეს უყურებ, როგორ არ უნდა გადაიღო. მაშინ არ მქონდა აპარატურა, მაგრამ ისეთი ადგილების გადაღება შემეძლო, რომლებზეც ნაკლებად იცოდა ხალხმა. მახსოვს, ნათხოვარი დრონით, რომელიც ჩემმა მეგობარმა კრიპტოვალუტით იყიდა, ვცადე პირველად. შემდეგ, გავიცანი ადამიანები, რომლებიც კარგად იღებდნენ და აინტერესებდათ მოგზაურობა. ახლა ისინი ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ეს იყო კიდევ ერთი მუხტი, რომ გადაღება კარგად მესწავლა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ის მიმართულება, რომელიც სულ მინდოდა. არასოდეს მიმუშავია სამსახურში და მთელი ცხოვრებაა მაქვს თავისუფლება, ვიყო ისე და ვაკეთო ის, რაც მომწონს და მინდა.

ისე ვარ მიჩვეული თბილისს გარეთ ყოფნა, რომ ქალაქში ცოტა ხანს თუ მომიწია გაჩერება, ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე არ არის. ამიტომაც მგონია, რომ ცდა და მომენტის გამოყენება არის ყველაფერი. ამ ლაშქრობებიდან ფინანსური სარგებელი დიდი არ იყო და გარემოსგანაც დიდ წნეხს ვგრძნობდი ამის გამო. მე არ მიმაჩნდა, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ეს იყო ეტაპი, როცა მთელი სამყარო ერთს გეუბნება, შენ მეორეს ამტკიცებ და თუ გულით გჯერა, უეჭველად გამოგივა. რომ ამბობენ ხოლმე „ეშველება ქვეყანასო?“, ვფიქრობ ეშველება, თუკი ყველა იპოვის თავის საქმეს, ისე ეყვარება, როგორც მე მიყვარს და ყველა დაახლოებით ისეთი გულით გააკეთებს, როგორც მე ვაკეთებ. ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან იმ მომენტში საკმაოდ რთული იყო უცხო ადამიანებთან ერთად აღმოჩენა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად განვითარდა, გაიზარდა ჩემი სამეგობრო წრე და ბოლო დროს, ველური ბუნების ვიდეოგრაფიისკენ გადავინაცვლე.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

გარემოს პლასტმასით დაბინძურება, როგორც მთავარი გამოწვევა 

Adobe-ის ახალი ხელსაწყო ცუდი ხარისხის ვიდეოებს გააუმჯობესებს