3
Jul
2019

Microsoft-მა თანამშრომელთა უგუნებობის მიზეზს მიაგნო – [ქეის სთადი]

3 Jul 2019

Microsoft-მა გამოიკვლია, რომ მისი თანამშრომლები თავს უბედურად გრძნობდნენ. მიზეზი ხანგრძლივი სამუშაო საათები და ცუდი ხელმძღვანელები სულაც არ ყოფილა… “მაიკროსოფტის” 700-მა თანამშრომელმა, რომელიც Surface-სა და Xbox-ის განყოფილებაში მუშაობენ, თავიანთი სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსი დაბალი ქულებით შეაფასა. იმისათვის, რომ ღირებული თანამშრომლების გადინება თავიდან აეცილებინა, “მაიკროსოფტს” უნდა გამოეკვლია ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რაიმე მოემოქმედებინა. ორგანიზაციული ანალიტიკის გუნმა, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის ანალიზითაა დაკავებული, დაიწყო გამორკვევა, როგორ გაიზარდა თანამშრომლების პროდუქტიულობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეისწავლეს, როგორ ატარებდნენ დროს თანამშრომლები

გამოკითხვებზე დაყრდნობის ნაცვლად, “მაიკროსოფტმა” დაიწყო დაკვირვება, თუ როგორ ატარებდნენ თანამშრომლები დროს. მონაცემთა წყაროდ კი თანამშრომლების ელექტრონული წერილები და კალენდრები აიღეს. “მაიკროსოფტმა” ეს მეტამონაცემები შეადარა თანამშრომელთა იმ ჯგუფებისას, რომლებიც მაღალი შედეგიანობითა და ბალანსით გამოირჩეოდნენ. ამგვარად, ანალიტიკოსთა გუნდმა დაინახა, რა მსგავსება თუ განსხვავება იყო უფრო ბედნიერ და უფრო უკმაყოფილო თანამშრომლების მიერ გატარებულ დროში.

შესაძლო დამნაშავეთა გამორიცხვა

თანამშრომელთა ასეთი მდგომარეობა ხანგრძლივი სამუშაო საათებით იყო განპირობებული? ან იმით, რომ სამუშაო საათებში ზედმეტად ბევრი დავალება აქვთ? სულაც არა… “მაიკროსოფტის” ანალიტიკოსებმა ეს დაადასტურეს. მართალია, თანამშრომელთა ამ გუნდს მართლაც ჰქონდათ ბლომად დავალება და დიდ დროსაც ატარებდნენ სამსახურში, მაგრამ ბედნიერი თანამშრომლებიც ასეთივე დატვირთვით მუშაობდნენ.

საქმის გამო გადატვირთვა მონაცემებით ვერ დადასტურდა. თითქოს, ადამიანები, რომლებიც კომპანიაში სამუშაოდ მივიდნენ, ასეთ ვალდებულებებს შეთანხმების ნაწილად მიიჩნევდნენ.

“აჰა! მომენტი”

“მაიკროსოფტის” ანალიტიკოსები განაგრძობდნენ კვლევას. მათ აღმოაჩინეს, რომ თანამშრომლები შეხვედრებზე საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ, დაახლოებით, 27 საათს კვირაში. თუმცა, ეს მონაცემიც სხვა ჯგუფებისას ემთხვეოდა. თუმცა, იყო ერთი საკვანძო სხვაობა. შეხვედრებს Surface-სა და Xbox-ის განყოფილებაში 10-20 თანამშრომელი ესწრებოდა. ეს კი თანამშრომლებს ცოტა დროს უტოვებდა მიზანმიმართული და შემოქმედებითი სამუშაოებისთვის. სწორედ ამიტომაც უწევდათ მათ მუშაობა გვიანობამდე. ანუ, პრობლემა ის იყო, რომ მათი ხელმძღვანელები არასაჭირო და ზედმეტად ხანგრძლივი შეხვედრებით ჭედავდნენ განრიგს, ამით უმცირებდნენ საქმის შესასრულებლად საჭირო დროს.

თანამშრომლების დროის დაცვა, მეტად კონცენტრირებული სამუშაოსთვის

პრობლემის მოსაგვარებლად, მაიკროსოფტმა მიიწვია Surface-სა და Xbox-ის ხელმძღვანელები და მათ რამდენიმე ქმედების განსხვავებულად კეთება ურჩია:

დაკვირვებოდნენ, რამდენი დიდი შეხვედრა ექნებოდათ კვირის განმავლობაში და მაქსიმუმ, რამდენი ადამიანის დასწრება იყო რეალურად იქ საჭირო.

წაეხალისებინათ თანამშრომლები, გამოეყოთ კონკრეტული დრო კონცენტრირებულად მუშაობისთვის.

ყოველკვირეულად შეემოწმებინათ, რა დროს ხარჯავდნენ თანამშრომლები ელ.ფოსტით მიმოწერაში არასამუშაო საათებში ან შაბათ-კვირაობით.

დროთა განმავლობაში, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი გაუმჯობესდა. თანამშრომელთა მონაცემები დასტაბილურდა. მათ უკვე შეეძლოთ მეტი დროის გატარება საქმის კეთებისას, იმის ნაცვლად, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე დაეკარგათ დრო.

 

წყარო: inc



განხილვა