ჩემი პირველი სამსახური აუზის ცეცხლფარეშობა იყო. იმავდროულად, წყლის დაქლორვა და ფილტრაცია მევალებოდა. სამ დღეში ერთხელ მივდიოდი და 24 საათით ვრჩებოდი. შესაბამისად, დარაჯის ფუნქციასაც ვითვისებდი. მუშაობა ბიძაჩემმა დამაწყებინა, რომელმაც თავის თანაშემწედ ამიყვანა. მაგ დროს სტუდენტი ვიყავი და ნებისმიერი ხელფასი ძალიან მჭირდებოდა. ძირითადად, მშვიდი სამუშაო გარემო იყო. დღის განმავლობაში ბევრი არაფერი ხდებოდა და თანამშრომლებთან პრეფერანსს ვთამაშობდი. ღამე შენობას ვკეტავდით და წყლის ფილტრაციის მექანიზმს ვრთავდით, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ერთადაერთი დისკომფორტი ამ მექანიზმის აუტანელი ხმაური იყო, რაც დაძინების ყველანაირ ვარიანტს კლავდა.
შესაბამისად, ვკითხულობდი, აუზში ვცურავდი ან ვსვამდი და ფოიეში ტელევიზორს ვუყურებდი. პირველი პრობლემა ზამთარში გაჩნდა. ამ დროს, წყლის მხოლოდ ზედაპირი თბებოდა, სიღრმეში კი წყლის მასა ცივი რჩებოდა. ეს მომხმარებლებს ძალიან არ მოსწონდათ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ამიტომ მათ მოსვლამდე ყველა ,,დაროჟკაში“ ცურვა მიწევდა. ასე წყლის მასა ერთმანეთში ირეოდა და ნორმალურ ტემპერატურაზე დგებოდა. აუზზე დაახლოებით ერთი წელი დავრჩი, შემდეგ ბევრი სფერო მოვსინჯე, ვმუშაობდი არქეოლოგიურ გათხრებზე, ვადგენდი ისტორიის ტესტებს აბიტურიენტებისთის, ბოლოს ყველაზე მეტად წერა გამომადგა. მოთხრობებით რამდენიმე კონკურსი მოვიგე და გადავწყვიტე კოპირაიტერობა მეცადა. თავიდან, Windfor’s -ში ვმუშაობდი ახლა HOLMES&WATSON-ში ვარ და ამავდროულად სხვადასხვა პროექტებზე კოპირაიტერადაც ვმუშაობ.
მიშა ბახსოლიანი – HOLMES&WATSON, Group Creative Director.













