in

ფილმები შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში – მიშა მშვილდაძის #აზრები

მიშა მშვილდაძე - „ფორმულა კრეატივის“ დირექტორი
M2
M2

ფილმის ყურება, როგორც მინიმუმ, პატარა „შორთქათად“ გამოგადგებათ, როცა წიგნის წაკითხვის დრო ან ხალისი არ გაქვთ. კინო – ხელოვნების უდიდესი დარგია და გეხმარება, არ ჩამორჩე მხატვრულად გადმოცემულ ცხოვრებისეულ მოვლენებს, პლუს, სიამოვნებაც მიიღო. რაღაც ამბავი იწყება, მთავრდება, აქვს მორალი, ესთეტიკა, მუსიკა, რომელიც სპეციალურად იმ სცენებისთვის დაიწერა ან შეირჩა. კარგი ფილმი პატარ-პატარა დეტალებით ჩაგითრევს და, თავის მხრივ, ერთ დიდ იდეას გაგაცნობს, რომელსაც მთელი ფილმი ეძღვნება და რაღაცას გასწავლის. შეიძლება ჩართო და ორ საათში ცოტათი მაინც სხვა ადამიანმა (უკეთესმა ან, მინიმუმ, იგივემ) გამორთო. შეიძლება მთელი დღე, კვირაც იფიქრო იმაზე, რაც ნახე, გააანალიზო, გამოცდილებად დაიტოვო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ გადაგხდენია, მაგრამ იმ ორ საათში შენთვის სრულიად უცნობი ან ნაცნობი ისტორია განიცადე.

მიშა მშვილდაძე – „ფორმულა კრეატივის“ დირექტორი
უამრავი ფილმია, რომელმაც შეიძლება ადამიანზე გავლენა მოახდინოს, ძირითადად, თვითონ ინდივიდმა უნდა მოირგოს ეს ფილმი. ჩემთვის ასეთი დასამახსოვრებელი ბობ ფოსის 1974 წლის ფილმი, „ლენი“ აღმოჩნდა: ახალგაზრდა დასტინ ჰოფმანი ძალიან შთამბეჭდავად ასრულებს ამერიკელი კომიკოსის – ლენი ბრიუსის როლს, რომელსაც ძალიან საინტერესო და რთული ცხოვრება ჰქონდა. ლენი ერთ-ერთი პირველი კომიკოსი იყო, რომელიც კომედიურ სცენას იყენებდა, როგორც ტრიბუნას. სცენაზე რომ იდგა, მხოლოდ ხუმრობებს არ ყვებოდა, რაღაცებზე ფიქრობდა და ხალხსაც აფიქრებდა. მთელი დრამაც ამაში იყო – როგორც კი გაასერიოზულა, ეგრევე სიბნელისკენ წავიდა ყველაფერი. გამოჩნდა ნარკოტიკები, უფსკრულები, ჩიხები.
 
საბოლოო ჯამში, ლენის დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხუმრობა დავიწყე და „მანსანკანში“ მივიღე მონაწილეობა. ასე რომ, ყველა დამწყებ შემოქმედ ადამიანს ვურჩევ, აუცილებლად უყურონ ამ ფილმს – როგორც შემეცნებით ტექსტს, ლიტერატურას. აქ ისწავლი შემოქმედებით ვნებას, დამოკიდებულებას საქმის მიმართ, საკუთარი თავის, ტექსტების, ნამუშევრების სწორად განსჯას.
შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები უნდა ეცადონ, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ხედვა გაიგონ და გაიაზრონ, იმისთვის, რომ მიხვდნენ, რისი ნახვა, რაზე ფიქრი ურჩევნიათ ადამიანებს და რატომ. ფილმიც – სრულიად უცხო ადამიანის, მისი ცხოვრების დრამის საათ-ნახევარში გაცნობის შესაძლებლობას გაძლევს. რომელიც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში არც შეგხვდეს, ან შეგხვდეს, მაგრამ არ გქონდეს ეს საათ-ნახევარი მის გასაცნობად, ან მასთან გატარებული საათ-ნახევარი არ იყოს მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნაწილი.
 
როცა შემოქმედებით ინდუსტრიაში ხარ და რომელიმე ფილმს ინსპირაციის წყაროდ იყენებ, დიდი შანსია, გავლენის ქვეშ მოექცე და ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა ეცადო, თავიდან ბოლომდე მიბაძო ვინმეს. დაკოპირებული პროდუქტი ყოველთვის უხარისხოა, თუ მას რაიმე ახალ ხედვას არ შესძენ. დიდი ადამიანები თუ პერსონაჟები, ერთი მხრივ, ინსპირაციაა, მეორე მხრივ – გავლენა, მთავარია, სად გადის ზღვარი. თუ ვერაფერს ჰმატებ ინსპირაციის წყაროს, ჯობია, არც გააკეთო. ამ სფეროში ყოფნა თუ გინდა, საბოლოოდ, საკუთარი თავის მოძებნა მოგიწევს და მასთან დიიიდი დროის გატარებაც. ბევრი ფიქრი და ბევრი ანალიზი – და ამ ყველაფერში ფილმებიც დაგეხმარება.

ბენკსის განადგურებული ნახატის შთაგონებით შექმნილი პოსტერები!

ბრილიანტების მსოფლიო ბრენდი Messika უკვე “ქრონოგრაფშია”!