2
Sep
2016

მიზნის მიღწევა გსურთ? გახდით მიმზიდველი!

2 Sep 2016

20150814115919-growing-successful-business-woman-window

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნახევარმა წელმა უკვე ჩაიარა. და თქვენს წლევანდელ მიზნებზე რაღას იტყვით? მიაღწიეთ მათ 50%-ს?

თუ თქვენი ერთ-ერთი მიზანი თქვენი ცხოვრების და კარიერის ნებისმიერ არეში წარმატების მიღწევაა, სანამ 2016 წელი ბოლო წუთებს დაითვლის, აუცილებლად უნდა გახდეთ მიმზიდველი ადამიანი. გარეგნულ მიმზიდველობაზე არ ვსაუბრობ. უფრო მეტად შინაგანს ვგულისხმობ. როგორც ერთხელ სამოტივაციო სპიკერმა, ჯიმ რონმა აღნიშნა, „წარმატება არის ის, რასაც თქვენ მიერ შექმნილი პიროვნება იზიდავს“.

თუ წარმატების მიღწევა გსურთ უკეთესი, მეტად მიმზიდველი ადამიანი უნდა გახდეთ. რონის თქმით, „თქვენი წარმატების დონე იშვიათად თუ გადაუსწრებს თქვენი პიროვნული განვითარების დონეს“. პიროვნული განვითარების ქვეშ კი ცოდნა, გამოცდილება, მენტალიტეტი და შეხედულებები იგულისხმება.

მიმზიდველი თქვენი თავის იმ ადამიანამდე განვითარებით ხდებით, რომელიც სასურველი წარმატების მოსაზიდად, შესაქმნელად და შესანარჩუნებლად გჭირდებათ. და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მოხარული ვარ, გიპასუხოთ.

თავის წიგნში, „დილის სასწაული“ ავტორი, ჰალ ელროდი ამბობს, რომ ყველა ჩვენგანს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში – ჯანმრთელობაში, ბედნიერებაში, ფინანსებში, ურთერთობასა და კარიერაში წარმატების „მე-10 დონის“ მიღწევა გვსურს. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი პიროვნული განვითარება „მე-10 დონეს ვერ აღწევს“. ასე რომ, როცა რონი ამბობს, რომ ადამიანის წარმატების დონე იშვიათად თუ გადაუსწრებს პიროვნულ განვითარებას, გულისხმობს, რომ თუ თქვენი ცოდნა, გამოცდილება, მენტალიტეტი და შეხედულებები „მე-10 დონეს“ არ აკმაყოფილებენ, თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სფეროში ბედნიერების „მე-10 დონეს“ ვერასოდეს მიაღწევთ.

რონის თქმით, რამდენადაც ჩვენი გარე სამყარო ჩვენივე შინაგანი სამყაროს ანარეკლია, ცხოვრება ყოველთვის ბრძოლა იქნება. თქვენი წარმატება ან მისი არ-არსებობა, თქვენივე პიროვნული განვითარების დონის პარალელური იქნება.

პიროვნული განვითარება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე 100%-იანი პასუხისმგებლობის აღებით იწყება. აქ იგულისხმება როგორც თქვენი მიღწევების დონე, ასევე თქვენი პროდუქტიულობის ან არაპროდუქტიულობის შედეგები, თქვენი ურთიერთობების ხარისხი, თქვენი ჯანმრთელობის, შემოსავლის, ვალების, გრძნობების, ფიქრებისა და ემოციების მდგომარეობა.

ეს ყოველთვის მარტივი არ გახლავთ, რადგან ჩვენი ცხოვრების არცთუ სასიამოვნო მომენტების გასამართლებლად გარემოებები თითქმის ყველა ჩვენგანს მოუშველებია.  მაგალითისთვის, გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ სიას და ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენი წარუმატებლობისა და მიზნის მიუღწევლობის გასამართლებლად ამ ჩამონათვალიდან რომელიმე მოგიშველიებიათ?

  • მშობლები
  • ხელმძღვანელი
  • მეგობრები
  • მედია
  • თანამშრომლები
  • კლიენტები
  • მეუღლე
  • შვილები
  • ამინდი
  • ეკონომიკა
  • არასაკმარისი ფინანსები
  • არასაკმარისი განათლება
  • პრეზიდენტი

ეს სია დაუსრულებელი და ალბათ, ნაცნობიც კია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ. „თუ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება განსხვავებული იყოს, თავდაპირველად  რამე განსხვავებულის გაკეთება უნდა გსურდეთ“ – ამბობს მოტივატორი სპიკერი – კევინ ბრეისი. გსურთ კი?

პროცესი

თუ თქვენი ცხოვრების რომელიმე ნაწილში წარმატება განგიზრახავთ, თავდაპირველად უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. ეს ყველაფრის საფუძველია, რადგან თვითშეფასება თქვენი ქცევის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი გასაღებია. სამოტივაციო სპიკერის, ზიგ ზიგლარის თქმით, „შეუძლებელია, მუდმივად ჩვენ მიერ საკუთარი თავის აღქმის შეუსაბამოდ ვიქცეოდეთ“. უნდა დაიჯეროთ, რომ შეგიძლიათ. უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენთვის სასურველი შედეგების შესაქმნელად საკმარისი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები გაქვთ. თუ დაიჯერებთ, რომ არაფრად ვარგიხართ, არც საკუთარი თავისთვის რამე ღირებულის შემატების მოტივაცია გექნებათ.

ყველაფერი თქვენს განწყობამდე დადის. საკუთარი თავის რწმენა – განწყობაა. მთავარი კი ის არის, რომ არჩევანის საშუალება გაქვთ. როცა ბავშვი იყავით, ვერც გარემოს და ვერც მშობლებს აირჩევდით. მაგრამ ახლა თქვენი თავის აღქმა და მასთან საუბარი თქვენი არჩევანია. ახლა უნდა აირჩიოთ, რომ ყველაფერს, რასაც თქვენს გონებაში მიზნად დაისახავთ, მიაღწევთ. „თქვენს დონეს განწყობა განსაზღვრავს და არა შესაბამისობა“, ამბობს ზიგლარი.

თუ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, სასურველი მიზნის მისაღწევად უკვე ყველა ღონეს იხმართ. თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია, არც აუცილებელს გააკეთებთ და ვერასოდეს მიიღებთ შედეგს. ცხოვრებაში სწორედ იმას არტყამთ, რასაც უმიზნებთ. თუ არაფერს უმიზნებთ, ვერც ვერაფერს გაარტყამთ.

ნაბიჯი პირველი: დააკვირდით საკუთარ თავთან საუბარს

ზიგლარის თქმით, „თქვენ ყველაზე გავლენიანი ადამიანი ბრძანდებით, ვისაც კი მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაელაპარაკოთ“.

მე რომ თქვენი საკუთარ თავთან საუბრის ჩაწერა შემეძლოს, მომეწონებოდა, თუ რამდენად ყურადღებიანი და მოსიყვარულე ბრძანდებით საკუთარი თავის მიმართ?  თუ მხოლოდ ლანძღვას მოვისმენდი?

საკუთარ თავს ყოველდღე, მუდამ ესაუბრებით. ამხნევებთ, თუ აკრიტიკებთ? პოზიტიურად ხართ განწყობილი, თუ ნეგატიურად? ის, თუ როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან თუ ცხოვრების შეცვლა გსურთ, არა მხოლოდ საკუთარ თავზე წარმოდგენა უნდა შეიცვალოთ, არამედ, საუბარიც.

ძალიან კარგია, თუ ვინმე მუდამ გამხნევებთ. მაგრამ საკუთარი თავის გულშემატკივარი თავად უნდა ბრძანდებოდეთ. შეჩერდით და დაფიქრდით – ვინმესთვის კომპლიმენტი გითქვამთ? ვფიქრობ, კი. და საკუთარი თავი თუ შეგიქიათ გარეგნობის ან კარგად შესრულებული სამუშაოს გამო? ვფიქრობ, რომ არა. მხოლოდ სხვებს ნუ აღიარებთ – თქვენი თავიც აღიარეთ. საკუთარ თავს დადებითი და მანუგეშებელი სიტყვები უთხარით. თუ შეცდომას დაუშვებთ, თავს ნუ გაილანძღავთ. თქვით, რომ მომავალში უკეთ მოიქცევით და ახლა გამოცდილებას იღებთ.

ნაბიჯი 2: განდევნეთ თქვენი შემზღუდავი შეხედულებები

„როცა ადამიანი საკუთარ მომავალ ნაბიჯებს ზღუდავს, ამით საკუთარ შესაძლებლობებსაც იზღუდავს“ – ჩარლზ შვაბი.

ყველაზე მკაცრი ციხე საკუთარი თავისთვის შექმნილი ციხეა. როცა ვამბობთ, რომ რამის გაკეთების ძალა არ შეგვწევს, ან საკმარისად კარგები არ ვართ, ეს ჩვენი, როგორც ადამიანის რეალური ღირებულებისგან და ფასეულობისგან გვაშორებს. თქვენ ღირსი ხართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობთ.

ჯეკ კანტეფილდი წიგნში „წარმატების პრინციპები“ თქვენი შემზღუდავი რწმენების განმამტკიცებლად გარდაქმნის ოთხ ნაბიჯს ასახელებს:

  1. განსაზღვრეთ შემზღუდავი რწმენა.
  2. დაწერეთ, თუ როგორ გზღუდავთ ეს რწმენა.
  3. გადაწყვიტეთ, თუ როგორ გსურთ მოიქცეთ ან იგრძნოთ თავი.
  4. ჩამოაყალიბეთ შემომაბრუნებელი ფრაზა, რომელიც ამტკიცებს ან გაძლევეთ თქვენი სურვილისამებრ მოქცევის ან შეგრძნების ნებას.

ნაბიჯი 3: შექმენით ფასეული

თქვენი ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვლის ერთ-ერთი სწრაფი გზა ფასეულის შექმნა, ან უბრალოდ სხვისი დახმარებაა. სხვისი ცხოვრების შეცვლა თქვენს თვითშეფასებას აუცილებლად სწევს მაღლა. რთულია, თავი ცუდად იგრძნო, როცა ვინმეს რამე კარგს უკეთებთ. ამ ყველაფერს რეციპროკული ეფექტიც აქვს.

როცა ვინმეს ცხოვრებაში რამე ღირებული შეგაქვთ, საკუთარ თავსაც მეტად აფასებთ. თქვენს ცხოვრებაში მეტი სიყვარული ჩნდება. გაცემის ხიბლი სწორედაც რომ ეს არის. როცა გასცემთ, თქვენვე იღებთ მეტს. თუ მეტი სიყვარული გსურთ, გიყვარდეთ სხვები. თუ მხარდაჭერა გსურთ, დაეხმარეთ სხვებს. თუ გაგება გსურთ, გაუგეთ სხვებს. მართლაც უმარტივესია.

ნაბიჯი 4: ყოველთვის სწორად მოიქეცით

რამდენადაც თქვენი თვითშეფასება თქვენს დადებით ქცევებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ საკუთარ თავს აღუთქვამთ, ყოველთვის სწორად მოიქცეთ, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთული იქნება. როცა თავს დამნაშავედ გრძნობთ, ეს თქვენს თვითშეფასებასა და ხატს ვნებს.

შესაბამისად, როცა სწორად იქცევით, საკუთარ თავს ქმნით. მეტად ძლიერი და დადებითი პიროვნება ხდებით.

ნაბიჯი 5: საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენს თავზე აიღეთ

თუ წარმატება გსურთ, სხვის დადანაშაულებას თავი უნდა დაანებოთ. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თუ თქვენი ურთიერთობა ისე არ ვითარდება, როგორც გსურთ, სხვას ვერ დაადანაშაულებთ. პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ უნდა იკისროთ. თუ თქვენი ჯანმრთელობა არადამაკმაყოფილებელია, სხვას ვერ დააბრალებთ. ეს თქვენ წყვეტდით, რა გეჭამათ და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც თქვენია. თუ ვალები გაქვთ, ეკონომიკა არაფერ შუაშია. თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ.

ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ თუ წარმატება გსურთ, ეს აუცილებელია. ეს წუწუნსაც ეხება. თუ წუწუნებთ, ესე იგი, სხვებს ადანაშაულებთ. თქვენი ცხოვრების მნიშვნელი თქვენვე ბრძანდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების მიზეზი თავად ბრძანდებით. გეყოფათ წუწუნი.

თუ ორს ორს მიუმატებთ და ხუთს მიიღებთ, მათემატიკის ბრალი იქნება? არა, ეს თქვენ გეშლებათ. თუ ცხოვრებისგან იმას არ იღებთ, რაც გსურთ, ეს გარეშე ფაქტორების დამსახურება არ არის – ეს თქვენ ცდებით. პრობლემა თქვენშია, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაწყვეტილებაც თქვენ ბრძანდებით. ასე რომ, უსარგებლო თავის მართლებას შეეშვით. თუ რამე გეგმის თანახმად არ ვითარდება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ როგორ შეუწყეთ ხელი პრობლემის წარმოქმნას. გაკვეთილი მიიღეთ და დაფიქრდით, თუ როგორ შეძლებთ მსგავსი სიტუაციის მომავალში თავიდან არიდებას.

სინამდვილეში, თქვენს ცხოვრებაში ყველაფრის ავტორი თავად ბრძანდებით. ყველაფერს თქვენი მოქმედებებით ქმნით. უარყოფითს თქვენი უმოქმედობით უშვებთ – ცვლილების სურვილის არ ქონით. როცა ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებთ, საჭირო ცვლილებებისთვის საკმარის ძალას იგრძნობთ.

ნაბიჯი 6: გადაწყვიტეთ კონკტერულად რა გსურთ

“სამყარო მათთვის ინახავს ადგილს, ვისი სიტყვა და მოქმედებაც მოწმობს, რომ ზუსტად იცის, საითკენ გაუწევია.“ – ნაპოლეონ ჰილი.

პროფესიული წარმატების მისაღწევად უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ თქვენი ცხოვრებისა და კარიერისგან. წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რისი კეთება გიყვართ. რა არის თქვენი მისწრაფება? ჩაიხედეთ თქვენს თავში და განსაზღვრეთ, რა მოგწონთ სინამდვილეში.

ეს საკმაოდ მარტივია. რაღაცის ნიჭი ყველას გვაქვს. დაფიქრდით, რისი გაკეთება მოგწონთ და თან სულ მცირე ძალისხმევა გეხარჯებათ? ახლა კი, ჩაინიშნეთ. გაიხსენეთ თქვენი ძველი სამსახურები. რა იყო ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება? ახალ კარიერულ საფეხურთან ერთად ამ გრძნობების გამეორება დაისახეთ მიზნად.

გახსოვდეთ, თავდაპირველად საკუთარ თავზე თქვენთვის სასურველის გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და შემდეგ თქვენი თავი ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებას მიუძღვენით, ვინც ამ მიზნამდე მიგიყვანთ.

ერთ-ერთი წარამტებული ტექნიკა ვიზუალიზაციაა. ვიზუალიზაცია გულისხმობს თქვენი თავის წარმოდგენას იმ ადგილას, სადაც X წელიწადში გსურთ იყოთ. ვთქვათ, სამ წელიწადში კარიერის რა ეტაპზე ისურვებდით ყოფნას? რა არის თქვენი იდეალური სამსახური, ხელფასი ან სამუშაო პირობები? წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ყველა სამუშაოს კარი ღიაა. რის გაკეთებას ისურვებდით ყოველდღიურად? როგორც ამბობენ, თუ იმას აკეთებთ, რაც გიყვართ, მუშაობა არასოდეს მოგიწევთ. იპოვეთ თქვენი მისწრაფება და ეს გამონათქვამი თქვენზეც იქნება.

ნაბიჯი 7: ჩამოყალიბდით მიზეზებზე

ხშირად გვინახავს, რომ წარმატებული, ცნობილი ადამიანები თავიანთი კარიერის მწვერვალებს აღწევენ და შემდეგ უცებ პატიმრობაში ამოჰყოფენ თავს. საიდან ასეთი შეუსაბამობა? ერთ სფეროში წარმატებაზე ფოკუსირებამ, სხვა სფეროებში დიდი დისბალანსს ქმნის. ამგვარი რამ ჩვენ არ გვჭირდება. ცხოვრების ყველა არე უნდა დააბალანსოთ. შეთანხმებულად იმოქმედეთ.

წარმატება კარგია, მაგრამ დარწმუნდით, რომ მხოლოდ მასზე არ ფოკუსირდებით. ამან შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობასა და ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა. ზუსტად განსაზღვრეთ, თუ რატომ გსურთ, რაც გსურთ. მიზეზის გარეშე ადვილად დაიკარგებით. ყველაფერი თქვენი ძირითადი ფასეულობების განსაზღვრით დაიწყეთ.

ყველა კომპანია მკაფიო ფასეულობებითა და მისიით ხელმძღვანელობს. თქვენი პირადი მისია რა არის? კომპანიის მსგავსად, მიზანმიმართული სვლა ინდივიდებსაც ავითარებს. თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრება თქვენი ძირითადი ფასეულობების განსაზღვრით და მათგან არ-გადახვევით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ.

როგორც კი ნათლად აღიქვამთ თქვენს „რატომს“, „როგორ“ უკვე ადვილი დასანახი იქნება.

ნაბიჯი 8: დაპატიჟეთ ტკივილი სადილად

„ყველაზე სახიფათო არა რთული მიზანია, რომელსაც ვერ შევწვდებით არამედ მეტისმეტად ადვილი, რომელსაც მივაღწევთ.“ – მიქელანჯელო.

აიღეთ ფურცელი და ფანქარი. დასვით ორი წერტილი, ერთი უკიდურეს მარჯვენა, მეორე კი, უკიდურეს მარცხენა კუთხეში. შემდეგ კი ერთმანეთს ხაზით დააკავშირეთ. მარცხენა წერტილი თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას გამოხატავს, მარჯვენა კი თქვენთვის სასურველს. ეს ხაზი კი დაშორებაა. როგორ უნდა დავძლიოთ ეს დაშორება?

ახალი ცოდნის და უნარების მიღება კარგი დასაწყისია. სასურველი შედეგის მისაღებად რამე ახალი და განსხვავებული უნდა გააკეთოთ. თუმცა, ნებისმიერი მნიშვნელოვანის მსგავსად, ეს ადვილი არ არის.

მიმიოხედეთ. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ვიღაცის გონებაში დაიწყო. სკამი, რაზეც ზიხართ. წიგნი, რომელსაც კითხულობთ. მანქანა, რომელსაც ატარებთ. ტანსაცმელი, რომელიც გაცვიათ. ყველაფერი ფიქრით იწყება. შემდეგ ფიქრი მოქმედებაში გადაიზრდება. მოქმედებას კი ხშირად ტკივილი ახლავს. რატომ? რადგან, რაღაც ახლის გაკეთება გიწევთ. თქვენი კომფორტის ზონის დარღვევა გიწევთ. თვით-დისციპლინის შემუშავება გიწევთ.

ოლიმპიური ოქროს მფლობელი მაიკ ფელპსი ამ სპორტულის მიზნის მისაღწევად წლების განმავლობაში ვარჯიშობდა. გაბი დუგლასიც. სულაც არ იყო ადვილი, მაგრამ მათ მიზანი დაისახეს და ყოველდღიურ მკაცრ სავარჯიშო რეჟიმს მისდევდნენ.

თუ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში მსგავსი შედეგის მიღება გსურთ, მზად უნდა იყოთ ხანგრძლივი პროცესისთვის. თუ ნამდვილად გსურთ წარმატება, მზად უნდა იყოთ მცირე ტკივილის ასატანად. კარგი კი ის არის, რომ ტკივილი დროებითია, სამაგიეროდ კი, შედეგი მთელი ცხოვრება გასტანს.

ნაბიჯი 9: იფიქრეთ თქვენი წარმატების გზაზე

„ყველაფერი, რასაც ადამიანი აღწევს, ან ვერ აღწევს, მისი ფიქრების შედეგია.“ – ჯეიმს ალენი.

თავის წიგნში „ჩათვალეთ დღევანდელი დღე“, ავტორი, ჯონ მაქსველი აზროვნების 11 გზას გვისახელებს. ერთ-ერთი – რეფლექტორული აზროვნებაა.

რეფლექტორული აზროვნება სწორი პერსპექტივის დასანახად და გასაგებად წარსული გამყენებას გულისხმბს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რეფლექცია უკეთესი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. წერა მიყვარს, ამიტომაც ჩემი გამოწვევები და მათგან მიღებული გაკვეთილები ჩამოვწერე. პიროვნული ზრდა მხოლოდ ამ რეფლექციის წყალობით შევძელი. დავინახე, თუ სად უნდა გამომესწორებინა ჩემი ხასიათი და შესაბამისი ცვლილებების განვახორციელე. შედეგად კი, 2009 წელს ჩემი საოცნებო სამუშაო დავიწყე. წარსული შეცდომები რომ არ გამეხსენბინა, ალბათ ისევ ძველ სამსახურში ვიქნებოდი.

ასეთი მოქმედების წყალობით ჩვენივე რთული გამოცდილება ჩვენი მასწავლებელი ხდება. თუ წარსული გაკვეთილების შესაბამისად მოვიქცევით, არა მხოლოდ უკეთესი ცხოვრება, არამედ იმ ცვლილებების განხორციელების საშუალებაც გვექნება, რაც მსგავს გამოცდილებას აგვარიდებს თავიდან.

ჩემი წარსულის გათვალისწინებით ცხოვრება დედაჩემის სიკვდილმა მაიძულა. შესანიშნავი პიროვნება იყო და მისგან მზრუნველობა ვისწავლე. მისი დაკარგვის შემდეგ ბევრი მისგან ნასწავლი გამახსენდა.

ხშირად ვფიქრობ წარსულ გაკვეთილებზე. ამ გაკვეთილებმა არა მხოლოდ ჩემს პიროვნულ ზრდას შეუწყო ხელი, არამედ პროფესიულადაც გამზარდა.

წყარო: Entrepreneur

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



განხილვა