ცოტა ხნის წინ World AI Creator Awards (WAICAs) ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ავატარების სილამაზის კონკურსს გამართავსო, რომ გითხარით, გახსოვთ? ხოდა, ახლა უკვე Miss AI-ის ტოპ მონაწილეებს, „მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის სილამაზის კონკურსის“ შორთლისტს გვაცნობენ.
მსოფლიოს მასშტაბით 1 500-მა კრეატორმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურის კი AI კრეატორები აიტანა ლოპეზი და ემილი პელეგრინი, სილამაზის კონკურსების ექსპერტი სალი ენ ფასეტი, მარკეტიგისა და პიარის სპეციალისტი ენდრიუ ბლოჩი შეადგენდნენ. ისინი მიღებულ ნამუშევრებს რეალისტურობის, ტექნიკური გამართულობისა და სოციალური ზეგავლენის კრიტერიუმებით აფასებდნენ. ამგვარად, ნამუშევრებში უბრალოდ ლამაზ სახეებზე მეტს ეძებდნენ…
თუმცა ჟიურის წევრები სილამაზის კონკურსების ისეთ ტრადიციულ მახასიათებლებსაც აკვირდებოდნენ, როგორებიცაა გარეგნობა და მანერა, მაგრამ ქულებს ავატარი მონაწილეების შექმნის პროცესში ტექნიკური უნარებისა და AI ხელსაწყოების ინოვაციური გამოყენებისთვისაც გასცემდნენ.
კონკურსანტებს შორისაა კენზა ლაილი მაროკოდან, ინფლუენსერი, რომელსაც 186 000 მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამზე და პოპულარიზაციას უწევს ქალთა გაძლიერების საკითხებს ახლო აღმოსავლეთში. აქვეა ენ კერდი საფრანგეთიდან, რომელიც პლატფორმას ტურიზმის პოპულარიზაციისა და ოკეანის კონსერვაციის საკითხის მხარდასაჭერად იყენებს. კიდევ ერთი გამორჩეული კონკურსანტი აიანა რეინბოუ გახლავთ რუმინეთიდან, რომელიც LGBTQ+ უფლებების დამცველია.
„მსოფლიოში პირველ AI სილამაზის კონკურსში მონაწილეობა საოცარი გამოცდილება იყო. თითოეული კონკურსანტის რეალიზმი, მათი ინდივიდუალური ისტორიები და ის, თუ რას აკეთებენ სამყაროზე პოზიტიური ზეგავლენისთვის, ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემთვის. აქაც AI ქმნილებებმა კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაონ, რათა მეტად ინკლუზიური სამყარო შექმნან“, — აცხადებს ფასეტი, ჟიურის ერთ-ერთი წევრი.
ტოპ 3 ფინალისტი ივნისის ბოლოს გამოცხადდება AI დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც Miss AI-ის ტიტულის მფლობელისთვის საპრიზო ფონდი 20 000 დოლარს აჭარბებს! თუმცა სანამ მის შესახებ გავიგებთ, მოდით, ჯერ გავეცნოთ იმ ნამუშევრებს, რომლებიც ამ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს:
Aiyana Rainbow (Romania)
- LGBTQ+ უფლებების დამცველი
- სიყვარულისა და ინკლუზიურობის პოპულარიზაციას ახდენს
- კონტენტის შესაქმნელად ChatGPT-სა და LeonardoAI-ის იყენებს
Ailya Lou (Brazil)
- იაპონელ-აფრო-ბრაზილიელი არტისტი
- უყვარს ფოტოგრაფია
- შექმნილია ტექსტზე დაფუძნებული AI მოთხოვნის გამოყენებით, ცვლილების გარეშე
Anne Kerdi (France)
- პოპულარიზაციას უწევს ტურიზმს
- ოკეანის კონსერვაციის ელჩია Océanopolis-თან ერთად
- ფრანგულ კულტურას, ისტორიასა და გასტრონომიას წარმოადგენს
Asena Ilik (Turkey)
- ინფლუენსერია
- ინარჩუნებს განსხვავებულ სტილსა და პერსონალობას საკუთარ კონტენტში
Eliza Khan (Bangladesh)
- ბანგლადეშის ერთ-ერთი პირველი AI ინფლუენსერია
- თაობა ზეტის მოდითაა შთაგონებული
- სურს, მეტად ინკლუზიურ საზოგადოებაში იცხოვროს
Kenza Layli (Morocco)
- მსოფლიოს პირველი AI ოჯახის წევრია
- ფოკუსირდება ახლო აღმოსავლეთში ქალების გაძლიერებაზე
- კონტენტის შექმნისთვის თანამედროვე AI ტექნოლოგიებს იყენებს
Lalina (France)
- შექმნილია იმისათვის, რომ რაც შეიძლება რეალისტური იყოს
- თანამშრომლობასა და კულტურულ ურთიერთგაგებას უწევს პოპულარიზაციას
- ფოტოების 100% თავისივე კრეატორის მიერაა შექმნილი
Olivia C (Portugal)
- AI მოგზაურია
- აჩვენებს, როგორ აძლიერებს ტექნოლოგია ადამიანის გამოცდილებას
- სურათების შესაქმნელად Midjourney-ისა და Adobe AI-ს იყენებს
Seren Ay (Turkey)
- პირველი AI ბრენდის ელჩია თურქეთში
- თურქულ ისტორიასა და ეროვნულ დღესასწაულებს უწევს პოპულარიზაციას
- იყენებს 3 AI პროგრამას მრავალფეროვანი კონტენტის შესაქმნელად
Zara Shatavari (India)
- ინფლუენსერია
- ქალების ჰორმონალურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირდება
- მხარს უჭერს ინკლუზიურობას
სულ ეს იყო და რომელია თქვენი ფავორიტი?