in

ახალი აპლიკაცია და კორპორაციული შეთავაზება ბიზნესებს – „მისტერ მასტერის“ სიახლეები და განვლილი გზა

„მისტერ მასტერი“, დაარსებიდან 11 წლის თავზე, სასწრაფო, გადაუდებელ დახმარებასთან ასოცირდება  – სახლებსა თუ კომპანიებში ყოველდღიური ტექნიკური მომსახურებისთვის, ყველაზე ხშირად, სწორედ მათ მიმართავენ. თუმცა, არანაკლები ინტერესია კორპორაციული, წინასწარ დაგეგმილი სერვისის მიმართ. 100 000 კერძო და 5 000-მდე იურიდიულ პირის მომსახურება – ასეთია „მისტერ მასტერის“ სტატისტიკა 2009 წლიდან დღემდე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბუბა სოსელია ამბობს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ, ჰყავთ პროფესიონალი ოსტატები, რომლებიც უმაღლეს სტანდარტებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. 24/7-ზე სამუშაო გრაფიკი, თანამედროვე ხელსაწყოები, მასალების მიწოდება –  მისი თქმით, ეს ყველაფერი „მისტერ მასტერის“ უპირატესობებია და სწორედ ამიტომ არის დღეს ბაზარზე წამყვანი კომპანია, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება თავისივე გუნდი, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და დამკვეთის ინტერესია. მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, წლის ბოლომდე, ახალ აპლიკაციასაც უშვებენ – სასურველი მომსახურების შერჩევა, სერვისის ღირებულების გაგება და ოსტატის გამოძახება, „ონლაინ“, სატელეფონო ზარის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ მობაილ და ვებ აპლიკაციით როგორც კერძო პირები, ისე ორგანიზაციები ისარგებლებენ. ბიზნესისთვის კი, მისტერ მასტერს“ კიდევ ერთი, კორპორაციული შეთავაზება აქვს, სადაც წინასწარ შეთანხმებული ბიუჯეტით, კომპანია, ყოველთვიურ მომსახურებას იღებს.

 

ბუბა სოსელია: 2009 წელს, როდესაც კომპანია შეიქმნა, არ არსებობდა ტექნიკური პერსონალის გამოძახების არანაირი კულტურა, მომხმარებლისათვის ძალიან რთული იყო მათი ძებნის პროცესი. თუ მაინც მოახერხებდი პოვნას, იყვნენ, ძირითადად, კერძო პირები. თუმცა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხში დარწმუნებული ვერ იქნებოდი და ვერც მომსახურების საფასურს გაიგებდი წინასწარ. 2009 წელს, როდესაც ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ, ვცადეთ ბაზარზე არსებული კულტურის შეცვლა, როგორიც, თუნდაც, „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ხელოსნის დაქირავებაა. მომხმარებლის ქცევის შეცვლა ნამდვილად არ იყო მარტივი.

რა სირთულეები ახლდა ამ პროცესს?

მომხმარებელი არ იყო მიჩვეული ამ ტიპის მომსახურების გამოძახებას. 2-3 წელი დაგვჭირდა, რომ მათ ქცევაში გამჯდარიყო, ესარგებლათ ასეთი სერვისით, ძალიან მარტივად – დაერეკათ „ქოლ ცენტრში“ და გამოეძახებინათ პროფესიონალი ოსტატი, რომელიც პრობლემასაც მოუგვარებდა და შესრულებულ სამუშაოზეც გარანტიას მისცემდა. თუმცა, მთავარი სირთულე, რომელიც ამ ბიზნესს ახლავს საქართველოში, ტექნიკური რესურსის შექმნაა, ანუ მუდმივად გყავდეს ისეთი „სტაფი“, რომელიც აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს – წვრილმანი საქმით დაწყებული, ძალიან რთული სისტემების მონტაჟით დამთავრებული. ამიტომ, გვჭირდებოდა პროფესიონალი თანამშრომლები, ამ რიტმში რომ ჩაჯდებოდნენ და დაიცავდნენ ყველა სტანდარტს თუ პროცედურას. ვისთანაც ვთანამშრომლობდით, თითქოს, კმაყოფილები იყვნენ ანაზღაურებით, მაგრამ ზოგი ვერ ეგუებოდა ასეთ გარემოს, დამოუკიდებლად მუშაობა და საკუთარ თავზე მორგებული გრაფიკი ერჩივნა. ძალიან ბევრი გადამზადების ხარჯზე მოვახერხეთ ამ პრობლემის გადაჭრა. ფაქტობრივად, აღვზარდეთ ისეთ კადრები,  დღესაც ჩვენს ბირთვს რომ წარმოადგენენ. ათეულობით ადამიანია, ვინც ძალიან ბევრი წელია ჩვენს კომპანიაში მუშაობს. ისინი ახალ მოსულ ოსტატსაც ისეთ გარემოში ამყოფებენ, რომ ზრდის საშუალებას აძლევენ.

დღეს, კომპანიის დაარსებიდან 11 წლის შემდეგ, რა ვითარებაა ბაზარზე და თქვენ რას სთავაზობთ მომხმარებელს?

წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, გაიზარდა მომსახურების ასორტიმენტი. პრინციპში, ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, რაც შეიძლება ადამიანს ან კომპანიას დასჭირდეს ტექნიკური თვალსაზრისით. ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ერთი ონკანია სახლში შესაცვლელი, თუ რომელიმე ორგანიზაციაში დიდი სამაცივრო სისტემაა დასამონტაჟებელი. ორივეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით და ზუსტად ერთი და იგივე, მაღალი ხარისხით ვასრულებთ სამუშაოს. აქედან გამომდინარე, ბიზნესი დღეს, ფაქტობრივად, ორი კუთხით ვითარდება – სახლებში გამოძახების სერვისი, ძირითადად, ეს არის ემერჯენსის ტიპის დახმარებები – მომხმარებელმა უკვე იცის, რომ თუ ონკანი გაუფუჭდა ან მილი გაუსკდა, „მისტერ მასტერი“ უნდა გამოიძახოს. მათთვის, ერთგვარ, სასწრაფო დახმარებასთან ვასოცირდებით. მეორე მიმართულება კომპანიების კორპორაციული მომსახურებაა. ეს პრინციპულად განსხვავებული სერვისია და სულ სხვანაირი ტექნიკური შტატი თუ ხელსაწყოები გვჭირდება. შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ვასრულებთ ნებისმიერი ტიპის და სირთულის სამუშაოს – იქნება ეს სარემონტო მომსახურება, გათბობა – კონდიცირების სისტემის მონტაჟი, სამაცივრო თუ დიდი სამზარეულო დანადგარების მონტაჟი – შეკეთება. ბაზარზე სიტუაცია ამ მიმართულებითაც შეიცვალა – თუ აქამდე დიდი კომპანიები ცდილობდნენ, საკუთარი სამეურნეო შტატი შეექმნათ და ტექნიკური პერსონალი ჰყოლოდათ, ახლა „აუთსორსზე“ გამოაქვთ ტექნიკური მომსახურებები. ჩვენ უფრო კომფორტულ და ხარჯების მხრივ, უფრო ეფექტურ სერვისს ვთავაზობთ. კომპლექსურად ვემსახურებით ბევრ ბიზნესს, გააზრებული გაქვს თითოეული სექტორის თავისებურება და საჭიროებები. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობით უფრო მეტს ზოგავენ და უფრო ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას იღებენ.

როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე მომხმარებელს ახალ აპლიკაციასაც შესთავაზებთ . . . 

დიახ. ეს იქნება როგორც ვების, ისე მობაილ აპლიკაცია და მომხმარებელი შეძლებს, დარეკვის გარეშე, აირჩიოს ნებისმიერი მომსახურება, მიუთითოს მისამართი, თავიდანვე გაიგოს, რა დაუჯდება ეს სერვისი, გადაიხადოს „ონლაინ“ და ისე გამოიძახოს „მისტერ მასტერი“. აქ ძალიან ბევრი ტექნიკურ ნიუანსს ვითვალისწინებთ. გვინდა, რაც შეიძლება მარტივი და პრაქტიკული იყოს აპლიკაცია, რომლითაც საბოლოო პროდუქტს აირჩევს მომხმარებელი. მის გამოყენებას, ბუნებრივია, შეძლებენ როგორც კერძო პირები, ისე დიდი ორგანიზაციები. კონკურენცია, ამ ბაზარზე, საკმაოდ სწრაფად იზრდება, „ონლაინ“ ნაწილში განსაკუთრებით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აპლიკაციის შექმნა. მასზე მუშაობისას ვითვალისწინებთ ჩვენს 11-წლიან გამოცდილებას – ზუსტად ვიცით, მომხმარებელს, სატელეფონო კომუნიკაციის პირველივე წამიდან, რა აინტერესებს, რას ეძებს და როგორ უნდა შეარჩიოს მომსახურება. ამ ცოდნას და გამოცდილებას გადმოვიტანთ აპლიკაციაში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივი და პრაქტიკული იქნება.

გარდა ამისა, კომპანიები უკვე სარგებლობენ „მისტერ მასტერის“ კორპორაციული პაკეტით. ამ შეთავაზებაზეც რომ გვიამბოთ . . .

ეს არის, ერთგვარი, სააბონენტო მომსახურება: კომპანიას „აუთსორსზე“ გამოაქვს ტექნიკური სტაფი და ჩვენთან აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც ყოველთვიურად, წინასწარ დაბიუჯეტებული თანხის ფარგლებში, იხდის ფიქსირებულ გადასახადს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მთლიანად მისი ქსელის მომსახურებაზე. ფაქტობრივად, დაზღვევის ანალოგიური პროდუქტია. მაგალითად, მაღაზიების ან სააფთიაქო ქსელს შეუძლია, წინასწარ დააბიუჯეტოს, რომ თვეში, პირობითად, 100 ლარის გადახდის შემთხვევაში, ერთი მაღაზია მიიღებს „მისტერ მასტერის“ ნებისმიერ სერვისს, იქნება ეს დიდი სისტემების მონტაჟი-შეკეთება, თუ 24-საათიანი, „ემერჯენს“ მომსახურება. თანაც, ეს არ იქნება ერთჯერადი სერვისი – რამდენჯერაც დასჭირდება, იმდენჯერ შეუძლია „მისტერ მასტერის“ გამოძახება. ასეთი პროდუქტი საკმაოდ კომფორტულს ხდის ჩვენს მომსახურებას, რადგან კომპანია აკონტროლებს ხარჯებს და იღებს ყველა საჭირო სერვისს. და რაც მთავარია, ეს ხდება ფიქსირებული, წინასწარ შეთანხმებული ბიუჯეტით.

თქვით, რომ ამ სფეროში კონკურენცია მუდმივად იზრდება. „მისტერ მასტერი“ რითია გამორჩეული? 

რეალურად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც ბაზარზეა, მაინც არ ითვლება ჩვენს პირდაპირ კონკურენტად. დღესაც კი ყველაზე მეტ კონკურენციას გვიწევს ოჯახის ხელოსანი, რომელიც არის ნაცნობი, ახლობელი. ეს უფრო საცალო გამოძახებებს ეხება. გარდა ამისა, გაჩნდა ბევრი საძიებო პლატფორმა, მომხმარებელს (სახლში გამოძახებისთვის) თუ კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია, კონკრეტული ხელოსნის საკონტაქტო ინფორმაცია მოიძიოს. თუმცა, არ აქვს გარანტია, რომ მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას ნებისმიერ, გადაუდებელ სიტუაციაშიც კი, ვერც სერვისის საფასურს გაიგებს წინასწარ. ჩვენ კი ყველა ამ მიმართულებით კომფორტს ვუქმნით დამკვეთს. გარდა ამისა, გვყავს ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი, ისინი ალტერნატივას არც განიხილავენ, პირდაპირ „მისტერ მასტერს“ იძახებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივად ვიხვეწებით, ვვითარდებით სწორედ მათი უკუკავშირის საფუძველზე – კომპანიის შექმნის დღიდან, თითოეული გამოძახების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი უკავშირდება მომხმარებელს და აფასებინებს ოსტატის მომსახურებას, შესრულებული სამუშაოს ხარისხს, იღებს რჩევებს, თუ რა არის გასაუმჯობესებელი. გარდა ამისა, წლებია, ვატარებთ კვარტალურ კვლევას კომპანიის მიმართ კმაყოფილების, სერვისი ხარისხის კუთხით და მინდა გითხრათ, რომ 70%-ზე დაბალი მაჩვენებელი არასოდეს გვქონია.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი კომპანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარზე სხვა ალტერნატივაც არსებობს? 

სუფთა პროფესიული კუთხით რომ ვისაუბროთ, ვთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ხარისხთან დაკავშირებულ საგარანტიო მომსახურებას, რაც ძალიან იშვიათია ბაზარზე. ჩვენთან მომხმარებელი ყოველთვის დაზღვეულია – თუ მოხდა ისე და რაღაც სრულყოფილად არ გაკეთდა, ყოველთვის შეუძლია მისი გამოსწორება, შეცვლა მოითხოვოს და ბუნებრივია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩეს. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ მარტივ, 24-საათიან მომსახურებას. კომპანია, წელიწადში მხოლოდ 2 დღეს ისვენებს, ისიც საცალო მომხმარებლების ნაწილში. ვიყენებთ თანამედროვე ხელსაწყოებს – დეტექტორები, ნეოკამერები და ა.შ. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს ვაწვდით სარემონტო თუ შესაკეთებელ მასალებს და ეს მათთვის კიდევ დამატებითი კომფორტია. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი ოსტატები ატარებენ უნიფორმას და მაქსიმალურად სუფთად ასრულებენ სამუშაოს, ამ კუთხით ძალიან მაღალი მოთხოვნები და შესაბამისად, სტანდარტები გვაქვს. ეს კი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პირობებში.

 

[R]

Cavea Drive-in Lisi მაყურებლების მიღებას აქტიურად აგრძელებს

„ცვლილება“ – 17 წლის ივა სალუქვაძის ფონტი