ყოველწლიურად, თბილისს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს და ბევრი მათგანი თავის შთაბეჭდილებებს სტატიებით გვიზიარებს. ამჯერად, უკრაინელმა ბლოგერმა დარია ხოლოდილინამ, რომელიც თბილისში ცხოვრობს და საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს, თბილისისადმი მიძღვნილი წერილების შეგროვება და გამოფენა შემოგვთავაზა.
თბილისი არის ქალაქი, რომელსაც უყვარხარ იმიტომ, რომ ხარ ის, ვინც ხარ. თუკი გაქვთ რამე სათქმელი ქალაქისთვის, შეგიძლიათ ჩაერთოთ კამპანიაში, სპეციალურ საფოსტო ყუთებში დატოვოთ თქვენი წერილი ან დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართოთ facebook გვერდს Letters to Tbilisi. წერილები შეგროვდება და წლის ბოლოს გამოფენაზე ერთიანად ვიხილავთ.
“იდეა მიზნად ისახავს, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები, ემოციები და სენტიმენტები ქალაქის შესახებ და უკეთ გავაცნობიეროთ, რას ფიქრობს ხალხი”, – ამბობს დარია.
წერილების შეგროვებაში მონაწილეობენ: Generator 9.8 / გენერატორი 9.8, City Hostel Wine Rise, Opera Hostel in Tbilisi (Georgia), Double B Coffee&Tea.
თბილისი ელის თქვენს წერილებს!