MIT-ის ინჟინრებმა სულ ახლახან განავითარეს რობოტი გული, რომელიც ექიმებს დაეხმარება, შეარჩიონ თერაპიები ინდივიდების უნიკალური გულის სტრუქტურებისა თუ ფუნქციებისთვის. პერსონალიზებულ 3D გულს შეუძლია, გააკონტროლოს და პაციენტის სისხლის მოძრაობის იმიტაციაც შემოგვთავაზოს.
პროცესს კი მკვლევრები გულის სამედიცინო სურათების სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელად გარდაქმნით იწყებენ, რომელსაც შემდგომში 3D პრინტერის დახმარებით იღებენ. პაციენტის გულის ზუსტი რეპლიკა ნაზი და მოქნილია. საინტერესოა ისიც, რომ გუნდს ამ მეთოდის გამოყენება აორტას დასაბეჭდადაც შეუძლია, მნიშვნელოვანი არტერიის, რომელიც სისხლს გულიდან მთლიან სხეულში ტუმბავს…
„ყველა გული განსხვავებულია. მასიური ვარიაციები გვხვდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტები ავად არიან. ჩვენი სისტემის უპირატესობაა, რომ ხელახლა შეგვიძლია შევქმნათ არა მარტო პაციენტის გულის ფორმა, არამედ მისი ფუნქციონირების სიმულაცია როგორც დაავადებულ, ისე ფიზიოლოგიურ შემთხვევებში“, — განმარტავს ლუკა როსალია, MIT-დან.
როგორც უკვე გითხარით, ამჟამინდელი კვლევისთვის ადამიანის გულის პერსონალიზებული ვარიანტები 3D პრინტერით შეიქმნა და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მეცნიერებმა პოლიმერზე დაფუძნებული მელანი გამოიყენეს, რომელსაც დაბეჭდვის შემდეგ, შეკუმშვა და გაფართოება შეუძლია ისევე, როგორც ჩვეულებრივ გულისცემისას ხდება ხოლმე. ახლა კი მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მის გამოყენებას მომავალში პრაქტიკოსებიც შეძლებენ…