in ,

აპლიკაცია COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად – MIT-ის, Harvard-ის, Google-ისა და Facebook-ის დეველოპერებისგან

ყველა იწერს ერთ აპლიკაციას და ის ადამიანები, რომლებსაც COVID-19 აღმოაჩნდებათ, ამის შესახებ აპლიკაციაში, სპეციალური ღილაკის დაჭერით განაცხადებენ. შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ტრანსპორტით სარგებლობისას, თუ სხვადასხვა ადგილზე ყოფნისას, შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაინფიცირებულთან. ეს არის იდეა, რომლის შესასრულებლადაც Google-ის, Facebook-ის, MIT-ის, Harvard-ისა და Mayo Clinic-ში საქმიანობის გამოცდილების მქონე დეველოპერებმა იმუშავეს. Futurism-ის ცნობით, გუნდი 43 ადამიანისგან შედგებოდა. აპლიკაციას, ანუ მათ პროდუქტს Private Kit: Safe Paths ჰქვია და მისი გადმოწერა Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებს უფასოდ შეგვიძლია.

თეორიულად, ძალიან ეფექტური იდეა ჩანს, თუმცა, პრაქტიკაში მას რამდენიმე ღიობი აქვს. პირველი და ლოგიკური ისაა, რამდენად რეალურია, რომ მსოფლიოს/ქვეყნის მასშტაბით ყველას ჰქონდეს ეს აპლიკაცია და ამის მიღმა, ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობაც, შეატყობინოს უცნობ გამვლელებს, რომ შესაბამის ზომებს მიმართონ. თუმცა სანამ ამ შესაძლო შეზღუდვებზე, მათ შორის, ინსტიტუციების მხრიდან აპლიკაციის გამოყენებაზე შესაძლო რეკომენდაციის გაცემაზე ვისაუბრებთ, უნდა ავხსნათ, როგორ ახერხებს აპლიკაცია მიზნის მიღწევას.

დეველოპერების თქმით, აღნიშნული ეფექტის მიღწევა – შესაძლო, შემთხვევითი კონტაქტების დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის შეტყობინების გაგზავნა, ადგილმდებარეობის ისტორიაზე დაფუძნებით ხდება. თუმცა, როგორც ამბობენ, პერსონალური ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მომხმარებლის ადგილმდებარეობის ისტორიას მოიცავს, მუშავდება ტელეფონშივე და მასზე წვდომა არ აქვთ აპლიკაციის შემქმნელ კომპანიებს. ეს ინფორმაცია მათთვის ცხადი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ მომხმარებელს შეტყობინება მიუვა და მისი თვითიზოლაციის, ან კარანტინში მოთავსების საჭიროება დადგება. 

Screenshot ImageScreenshot Image

მიუხედავად ამისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციას მოქალაქეები ფართოდ გამოიყენებენ. იმისათვის, რომ მისი გამოყენება მასობრივად მოხდეს, საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანხმობა და მეტიც, მისი მხრიდან აპლიკაციის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემა. Wired-თან საუბრისას, MIT Media Lab-ის პროფესორი – რამეშ რასკარი ამბობს, რომ აპლიკაციის შემქმნელები უკვე ესაუბრნენ WHO-ს წარმომადგენლებს, ისევე, როგორც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტს. მათგან გარკვეული დირექტივები მიიღეს კიდეც, თუ რა შეეცვალათ აპლიკაციაში, თუმცა, ჯერ ამ ტექნოლოგიური პროდუქტის ფართოდ გამოყენების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

სამხრეთ კორეა, თუ ჩინეთი COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად სმარტფონებიდან მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას (ადგილმდებარეობის ისტორიის კონტროლს) იყენებდნენ, ისრაელი ამ გეგმის შესახებ ოფიციალურად აცხადებს, თუმცა, აშშ-ში პერსონალურ ინფორმაციას სხვაგვარად უყურებენ. Private Kit: Safe Paths ამ პრობლემის გადაჭრას ისე გეგმავს, რომ პერსონალური ინფორმაცია სმარტფონებშივე მუშავდებოდეს და ინსტიტუციებს მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე. თუმცა, როგორც ჩანს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, აშშ-ს შემთხვევაში, მაინც რთულია.

სხვა პრობლემა, რომელიც აპლიკაციის მასობრივად გამოყენებას უშლის ხელს ისაა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ურბანულ ცენტრებშიც კი, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სმარტფონით არ სარგებლობს. სხვა მხრივ, კი სავარაუდოა, რომ იმიგრანტები, რომლებსაც დოკუმენტები არ აქვთ, მსგავს აპლიკაციაში პერსონალური ინფორმაციის მითითებას მოერიდებიან. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სმარტფონებისა და ადგილმდებარეობის ისტორიის გამოყენებით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლა ეფექტური გამოდგა სამხრეთ კორეისა და ჩინეთის შემთხვევაში. აშშ-ს სხვა მიდგომა აქვს – ნებაყოფლობითი აპლიკაციის სახით. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, გამოიყენებს, თუ არა ამ აპლიკაციას ფართე საზოგადოება, ექნება, თუ არა მას პოზიტიური ეფექტი კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით, ან მივიღებთ თუ არა აპლიკაციის გამოყენების რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან.

კანის გრან პრის მფლობელი კამპანია ადაპტირებულ ციფრულ ხელსაწყოებზე – Google-ის ქეის სთადი

„მინისო“, COVID-19-ის პრევენციისთვის, დროებით, ფილიალების მუშაობას აჩერებს