საერთაშორისო ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT, საქართველოში, ინკუბატორის ფარგლებში, სტარტაპ პროექტებზე იწყებს მუშაობას. ურთიერთშეთანხმებას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), აშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში მიაღწია.
„ეს პირველი შემთხვევაა კავკასიის რეგიონში – გლობალური სტარტაპ ლაბი, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე, 2020 წლის იანვრიდან იფუნქციონირებს, მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს. რეგიონში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შემოსვლა, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს უპრეცედენტო შეთანხმება მობილური აპლიკაციების საქართველოში შექმნას და მის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს“.
გლობალური სტარტაპ ლაბი, საუკეთესო ინდივიდებს და გუნდებს შეარჩევს. ასევე, იმუშავებს მათი სტარტაპების კატალიზირებისთვის. MIT-ის გუნდი უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას.
პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები, შერჩეულ კანდიდატებს, 4 კვირის განმავლობაში, გადაამზადებენ მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე მოამზადებენ მათ დემო დღისთვის, რომელიც ვენჩურული ინვესტორების წინაშე გაიმართება.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბში მონაწილეობისთვის შეირჩევა 28 მონაწილე. პროგრამა დაიწყება 8 იანვრიდან და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში, სრული განაკვეთით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 17:00 საათი.
რეგისტრაცია ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს. კანდიდატები შეირჩევა MIT-ის სპეციალისტების მიერ შედგენილი სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.
შერჩეული კანდიდატი აუცილებლად უნდა ფლობდეს ინგლისური ენის C1 დონეს და აკმაყოფილებდეს 3H მოდელიდან ერთ-ერთს – ჰაკერი, ჰასლერი და ჰიფსტერი (Bill Aulet’s 3H model).
- hacker/ჰაკერი – პროდუქტის შემქმნელი
- hustler/ჰასლერი – ბიზნეს პერსონა
- hipster/ჰიფსტერი – სამომხმარებლო გამოცდილების სპეციალისტი
2000 წლიდან, MIT-ის პროფესიონალთა გუნდი, მსოფლიოს 22 ქვეყანაში, გლობალურ სტარტაპ ლაბს ქმნის, პროექტის 3000-ზე მეტი ბენეფიციარი დღეს უკვე წარმატებული მეწარმე და ინოვაციური ციფრული საწარმოების მფლობელია.
„სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე. MIT 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტია ტექნოლოგიების მიმართულებით“.
[R]