თუ საავადმყოფოში რენტგენის გადასაღებად ყოფილხართ, იმასაც შეამჩნევდით, რამდენ ადგილს იკავებს ეს მოწყობილობა. პაციენტებს ექიმის კაბინეტთან დიდი ხნით ლოდინიც უწევთ იმ პროცედურისთვის, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ახლა კი, MIT-ის ინჟინრები ინოვაციურ „სტიკერს“ გვთავაზობენ, რომელიც ისეთივე ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს, როგორც აფთიაქში არსებული სახვევები.
საფოსტო მარკის ზომის მოწყობილობა მარტივად ეკვრება თქვენს კანს და პაციენტის შინაგანი ორგანოების თანმიმდევრული ულტრაბგერითი გამოკვლევა 48 საათის განმავლობაში შეუძლია უზრუნველყოს. თანაც, უსაფრთხო და არაინვაზიურია.
ექსპერიმენტის დროს, როცა მკვლევრებმა სტიკერები მოხალისეებს დაუმაგრეს, პაციენტების სისხლძარღვებისა და ისეთი შინაგანი ორგანოების მაღალი გარჩევადობის სურათები მიიღეს, როგორიცაა, მაგალითად, კუჭი. სტიკერი ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს მაშინაც კი აღბეჭდავდა, როცა მოხალისეებს ჯდომას, დგომას, სირბილსა თუ ველოსიპედის ტარებას სთხოვდნენ.
მართალია, ამჟამინდელი მოწყობილობა სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებას მოითხოვს, რათა ულტრაბგერითი ტალღები ხილულ გამოსახულებად გარდაქმნას, მაგრამ ინჟინრები მაინც მიიჩნევენ, რომ მას სამედიცინო სფეროში აქტიურად გამოიყენებენ. მაგალითად, იგი გულის მონიტორინგის სტიკერების მსგავსად შეიძლება მოიხმარონ, რაც პაციენტებს დაეხმარება, დიდი ხნის მანძილზე თავის შინაგან ორგანოებს ტექნიკოსის დახმარების გარეშე დააკვირდეს.
დიახ, გუნდის სამომავლო გეგმა მოწყობილობის დამოუკიდებლად მუშაობაა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს, რენტგენი თავიანთი სახლებიდან გადაიღონ.
„ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ რამდენიმე სტიკერი თქვენს სხეულს მიემაგრება, შემდეგ კი ტელეფონს დაუკავშირდება, სადაც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი სურათებს მოთხოვნისამებრ გააანალიზებს. გვჯერა, რომ ამ „ჩასაცმელი მოწყობილობების“ ახალი ერა გავხსენით — სხეულზე რამდენიმე სტიკერის დამაგრებით, თქვენს შინაგან ორგანოებს დაინახავთ“, — აცხადებს შუან ჯაო, MIT-ის პროფესორი.