in

მითები და ფაქტები ვეგანობის შესახებ

მცირე შესავლით დავიწყოთ და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან ვეგანობა და ვეგეტარიანელობა გავმიჯნოთ. ვეგეტარიანელი ის ადამიანია, ვინც არ მიირთმევს ხორცსა და თევზეულს, თუმცა მის რაციონში შეიძლება შედიოდეს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა რძის ნაწარმი და კვერცხი, მაგრამ ვეგანობა, მარტივად რომ ავხსნათ, ვეგეტარიანელობის ცოტა უფრო მკაცრი ფორმაა, რომელიც ნებისმიერ ცხოველურ პროდუქტს გამორიცხავს, მათ შორის თაფლსაც კი. Ხშირად ვეგანი ვეგეტარიანელის შემოკლებული ფორმა ჰგონიათ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ასე არაა. Მთავარი, რაც ამ ორს აერთიანებს ცხოველების დაცვის სურვილია მათი ექსპლუატაციისგან.

რადგან ვახსენეთ, რომ ვეგანობა უფრო მკაცრ კვების რეჟიმს მოითხოვს, იმ გავრცელებულ მითებსაც გადავხედეთ, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. Ბევრის მოსაზრებით, ვეგანობა რთული “ტვირთია“ და ჯანმრთელობასაც არყევს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი კარგად გაგვერკვია და თქვენთვისაც გაგვეცნო.

მითი #1 – ვეგანური საკვები არ არის სასარგებლო…

არადა, პირიქით! როგორც შესაბამისი წყაროები გვეუბნებიან, განსხვავებით ჩვეულებრივი რაციონის მქონე ადამიანისგან, ვეგანები უფრო მეტი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს იღებენ, რაც მათი სიმსუქნისადმი მიდრეკილების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და ასევე ნაკლებია სხვადასხვა სიმსივნური დაავადების წარმოქმნის საფრთხე.

მითი #2 – თუ ვეგანი ხარ, აუცილებელია საკვები დანამატები

ეს, ფაქტობრივად, წინა მითის გაგრძელებაა. ვეგანური დიეტა, თუ ის ყველა წესით არის დაცული, ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის ყველა საჭირო ინგრედიენტს შეიცავს. საჭიროების შემთხვევაში, დანამატი შეიძლება არავეგანმაც მიიღოს და ვეგანმაც, თუმცა ეს უკანასკნელი პირდაპირ იმას არ გულისხმობს, რომ აუცილებელია ხელოვნური დანამატებისა და ვიტამინების მიღება.

მითი #3 – ვეგანები სხვებსაც მოუწოდებენ ვეგანობისკენ

ეს კიდევ ერთი გავრცელებული მითია, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. ჩვენ ვცხოვრობთ ჭრელ საზოგადოებაში, სადაც ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვეგანობაც ინდივიდის გადაწყვეტილებაა. თქვენ იშვიათად შეხვდებით ვეგან ადამიანს, რომელიც ვინმეს მოუწოდებს ან ცდილობს საკუთარი ცხოვრების წესის სხვებზე მოხვევას. მაშ რამ გამოიწვია ასეთი მითის არსებობა? ჩვენ ამის გარკვევითაც დავინტერესდით…

აღმოჩნდა, რომ თავშეყრის ადგილებში, ხორცისმჭამელები ზოგჯერ ადანაშაულებენ ვეგანებს იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ, მაგალითად, ტორტის ჭამაზე, მასში კვერცხისა და რძის შემცველობის გამო. ვეგანებს ადანაშაულებენ იმაში, თითქოსდა ისინი დემონსტრირებენ თავიანთ ცხოვრების წესს და ცდილობენ ამ წესის სხვებისთვის თავზე მოხვევას, თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. ბევრად უფრო მარტივად შეგვიძლია ამ სიტუაციებს შევხედოთ – თუკი მიირთმევთ ყველაფერს და სუფრაზე ვეგანთან ერთად მოხვდით, ნუ აგრძნობინებთ მას თავს უხერხულად. თითოეული ჩვენგანი არაერთხელ ყოფილა ალბათ ისეთ გარემოში, სადაც მიირთმევენ იმ პროდუქტს, რომელიც უბრალოდ არ გვიყვარს, ამის გამო ხომ არავინ არავის ადანაშაულებს? იგივეა ვეგანობის შემთხვევაშიც…

მითი #4 – ვეგანიზმი კვებითი დარღვევაა

სამწუხაროდ, მედია საშუალებებშიც ზოგჯერ წააწყდებით არაზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ. ვეგანიზმს ხშირად ურევენ ან აკავშირებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ ფორმებთან, როგორებიცაა ანორექსია ან ორთორექსია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ორთორექსია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, კვებითი აშლილობა, რომელიც გამოიხატება მკაცრ დიეტებში, ვეგანიზმი კი ფილოსოფიაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ცხოველების ექსპლუატაციისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ყველა ფორმის დაგმობას, იქნება ეს კვებითი ფორმა, თუ მათგან ტანსაცმლის ან კოსმეტიკის დამზადება. ვეგანიზმი არ არის არც ანორექსია და ის არაფერ კავშირშია წონაში დაკლების სურვილთან. ვეგანი არ ცდილობს სხეულის სილამაზის სტანდარტებს გამოეხმაუროს. ის ამ გადაწყვეტილებას ზემოთ უკვე ნახსენები მიზეზების გამო იღებს.

მითი #5 ვეგანობა ძალიან რთული მისიაა

ვისთვის როგორ! ეს დამოკიდებულია თვითონ იმ ადამიანის ფსიქოლოგიურ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მზაობაზე. რასაკვირველია, თუკი ცხოვრების დიდ ეტაპზე ჩვეულებრივ იკვებებოდით და შემდგომ, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტთ ვეგანობას, ეს რთული ამოცანა იქნება, მაგრამ რეალურად, თუ საჭირო ინფორმაციებს მოაგროვებთ და ყველაფრისთვის მზად იქნებით,რაც წარმატებულ ვეგანიზმს სჭირდება, მაშინ არ გაგიჭირდებათ. 

დღესდღეობით ბევრად მარტივია ვეგანური პროდუქტების შოვნა, შეძენა, ვიდრე ადრე, რადგან სუპერმარკეტებში არსებობს ვეგანური პროდუქცია. არის კვების ვეგანური ობიექტებიც, მართალია, ჩვენთან ჯერჯერობით ვერ შეხვდებით ბევრ ვეგანურ კაფეს, მაგრამ გარკვეული ძვრები ამ მხრივ ნამდვილად იგრძნობა. 

მითი #6 – ვეგანური კვება დაგასუსტებთ

ამ მითზე ექსპერტებს მხოლოდ ერთი მარტივი პასუხი აქვთ – არსებობს უამრავი სპორტსმენი, რომელიც ვეგანურ დიეტაზეა და მათ ნამდვილად შესაშური ფიზიკური ჯანმრთელობა აქვთ. ასე რომ, ვეგანური კვება არ გვასუსტებს, თუ, რა თქმა უნდა, მშივრები არ ვიქნებით. შიმშილი კი ნებისმიერს დაასუსტებს.

მითი #7 – ვეგანური კვება არ არის მრავალფეროვანი

მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიცავს ცხოველურ საკვებს, არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ვეგანი ერთსა და იმავეს ჭამს და მისი მენიუ ერთფეროვანი და მოსაწყენია. არსებობს უკვე ბევრი ვეგანური საიტი და აპლიკაცია, სადაც რეცეპტებისა და იდეების დათვალიერება და გადმოწერაა შესაძლებელი. 

მთავარი იდეა აქ ისაა, რომ იფიქროთ არა იმ კვების პროდუქტებზე, რომლებსაც არ ჭამთ, არამედ იფიქროთ იმათზე, რისი მირთმევაც შეგიძლიათ. როდესაც ვეგანიზმი თქვენი ცხოვრების წესი გახდება, უფრო და უფრო მეტი რეცეპტი გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში. 

ეს ის ძირითადი მითებია, რომლებიც ვეგანიზმის გარშემო ტრიალებს. იმედია, ჩვენგან მიღებული ინფორმაცია ოდნავ მაინც დაგეხმარებათ სწორი და არასწორი შეხედულებების გარჩევაში ამ თემასთან დაკავშირებით. თუკი აქამდე გიფიქრიათ ვეგანობაზე, მაგრამ სწორედ ამ გავრცელებული მითების გამო უგულებელყოფილი გქონდათ საკუთარი ინტერესი და სურვილი, მაშინ ჩვენი რჩევა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იქნება. 

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო

ნიკა ქუთელიას ნამუშევრები ანდრეა გროსის პროექტში მოხვდა

აპლიკაციაზე დაფუძნებული იმპლანტები პარალიზებული ადამიანებისთვის — მედიცინაში პირველად